Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასწავლეთ ბავშვებს სიკეთე და დატკბნენ იმით, რომ სხვებს ეხმარებიან,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელიშვილი იანუშ კორჩაკის შესახებ

„ასწავლეთ ბავშვებს სიკეთე და დატკბნენ იმით, რომ სხვებს ეხმარებიან,“ - ადრეული განათლების ექსპერტი ნანა გეგელიშვილი იანუშ კორჩაკის შესახებ

ადრეული განათლების ექსპერტმა ნანა გეგელიშვილმა პოლონელი ექიმისა და პედაგოგის იანუშ კორჩაკის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლონეთის ოკუპაციის წლებში ვარშავის გეტოში ბავშვებთან ერთად გმირულად დაიღუპა:

„იანუშ კორჩაკი ექიმი იყო, მაგრამ მოწოდებით პედაგოგი. ის არ დაკმაყოფილდა საექიმო განათლებით. მან შვეიცარიასა და გერმანიაში იმოგზაურა და ძალიან ღრმა განათლება მიიღო. მან დაუდო საფუძველი თანამედროვე ბავშვთა უფლებების კონვენციას. მან დაწერა „10 მცნება მშობელს.“ საოცარია მისი დარიგებები, რომ ნუ გაქვთ აგდებული დამოკიდებულება ბავშვების პრობლემების მიმართ, მისთვის ის პრობლემა ძალიან დიდი რამ არის. არ დაამციროთ ბავშვები, მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის და არა როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოს. ის მშობლებს აფრთხილებდა, რომ ბავშვი არის დროებითი საჩუქარი, ის არის თქვენთან დროებით მყოფი სული, ამიტომ მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის.“

ნანა გეგელიშვილის თქმით, იანუშ კორჩაკი ბავშვების უფლებების დაცვისთვის იბრძოდა:

„იანუშ კორჩაკი წერდა, რომ დიდების უფლებების და კანონების მსგავსად, ბავშვების უფლებებიც უნდა დაიწეროს, ჯერ ბავშვები უნდა იყვნენ ამ კანონებით დაცულებიო. ის გეტოში იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად. ის სამჯერ იყო შეწყალებული, რადგან მას კარგად იცნობდნენ. მან თავი გაწირა. ბავშვებს გაუძღვა წინ გაზის კამერაში. იანუშ კორჩაკი ბავშვთა სახლებს კიევშიც ხელმძღვანელობდა. იანუშ კორჩაკმა, რადგან ექიმი იყო, ბავშვის ტვინიც კარგად იცოდა. მას ჰქონდა ბავშვის დარწმუნების მეთოდოლოგია. ის ბავშვებს ასწავლიდა სიკეთის გაცემას უმცროსისადმი. „ასწავლეთ ბავშვებს სიკეთე და დატკბნენ იმით, რომ სხვებს ეხმარებიან.“ ეს იყო მისი მოწოდება.“

„მშობელმა ბავშვთან ერთად სეირნობა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მას სიკეთე ასწავლოს. ჩაუყაროს პარკში პატარა ნამცეცები და ბავშვმა აჭამოს ჩიტებს. საჭმელი, რომელსაც არ ჭამს ბავშვი, ჩადოს კონტეინერში და აჭამოს ძაღლს. ეს ხომ ძალიან მარტივია. კორჩაკს აქვს საოცარი მოთხრობები, რომლებიც ბავშვს სიკეთეს ასწავლის. მე ვთხოვ მშობლებს, რომ უაზრო სათამაშოების მაგივრად წიგნი უყიდონ ბავშვს. ბავშვს თუ მრავალფუნქციურ სათამაშოს უყიდით დაახლოებით 21 დღე გჭირდებათ, რომ ბავშვს მასთან თამაშის უნარები გამოუმუშაოთ. ოჯახები დაახლოებით 2000 ლარამდე ხარჯავენ არაფერში. ამას სჯობს, სამჯერ უყიდოს სათამაშო მშობელმა ბავშვს და იყოს ფუნქციური, არ იყოს დაბალი ხარისხის,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა გეგელიშვილმა აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „დილის ტალღა“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის ტალღა“

წაიკითხეთ სრულად