Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვს აქვს ისტერიკა ბაღთან დაკავშირებით და არაფერი არ შველის, მოვიცადოთ და მოგვიანებით მივიყვანოთ,“ - ირინა ტაბუციძე

„თუ ბავშვს აქვს ისტერიკა ბაღთან დაკავშირებით და არაფერი არ შველის, მოვიცადოთ და მოგვიანებით მივიყვანოთ,“ - ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ მორცხვ ბავშვებთან ეფექტიანი მიდგომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ხელოვნური ჩარევა და ბავშვისთვის სოციალურ აქტივობაში ჩართვის იძულება არ შეიძლება:

„თუ ბავშვი მორცხვია, ჩაკეტილია, ეს ხშირად ემართებათ ისეთი მშობლების შვილებს, რომლებიც თავად არიან ძალიან გახსნილები, ხოლო ბავშვობაში იყვნენ მორცხვები. აქ რამის ძალით კეთება და ხელოვნურად ჩარევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ზოგადად ითვლება, რომ ​ბავშვის მორცხვობა დაკავშირებულია მის დაბალ თვითშეფასებასთან.“

ირინა ტაბუციძის თქმით, ბავშვის დაბალი თვითშეფასება ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული:

„ბავშვის დაბალ თვითშეფასებას იწვევს მშობლის არასაკმარისი სითბო, არასაკმარისი შექება, არასაკმარისი პატივისცემა და მისთვის არასაკმარისი დროის გამოყოფა. ძალიან ბევრი ფაქტორი დგას ამის უკან. ბავშვი არის სახე იმ ურთიერთობების, რასაც თქვენ ასწავლით ბავშვს. სანამ ბავშვს მოვთხოვთ პასუხს, კითხვები დავსვათ, რა ხდება მშობელთან.“

„თუ ატყობთ, რომ ბავშვს აქვს ​განსაკუთრებულად გამოხატული ისტერიკა ბაღთან დაკავშირებით, ან ბაღს ვუცვლით, ან ვარკვევთ, რა ხდება შიგნით. თუ არაფერი არ შველის ბავშვს, არ უნდა ატაროთ ერთი წელი. ამ შემთხვევაში მოვიცადოთ და ცოტა მოგვიანებით მივიყვანოთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირინა ტაბუციძემ PalitraNews-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​PalitraNews

წაიკითხეთ სრულად