Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„პასუხისმგებლობა ვითარდება ერთიდან სამ წლამდე ასაკში," - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები მშობლებს

„პასუხისმგებლობა ვითარდება ერთიდან სამ წლამდე ასაკში," - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ჰიპერმზრუნველი მშობლების მიერ დაშვებული ძირითადი შეცდომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვზე ზრუნვა კარგია, თუმცა ზრუნვის ნაცვლად მეურვეობას საპირისპირო შედეგი მოაქვს:

​მშობელი აპროგრამებს შვილს. ეს პროგრამა ხან პოზიტიურია, ხან ნეგატიური. მშობელს ერთმნიშვნელოვნად კარგი უნდა თავისი შვილისთვის. ზოგჯერ ჩვენ, მშობლებს ბევრი რამ გვეშლება. არსებობს მშობლის ჰიპერმეურვეობა, როდესაც მშობელი ბავშვის მაგივრად ცხოვრობს. ზრუნვა ძალიან პოზიტიურია, მაგრამ მეურვეობა არ არის ჯანსაღი. ადამიანში ისედაც არის ბავშვი ნებისმიერ ასაკში. ჩვენშივე არის ზრდასრული ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას თავის ქცევაზე, თავის გადაწყვეტილებაზე.“

მარინა კაჭარავას თქმით, პასუხისმგებლობის გრძნობა ადამიანს ერთიდან სამ წლამდე ასაკში უყალიბდება:

„პასუხისმგებლობა ვითარდება ერთიდან სამ წლამდე. ვის ხელშია ამ დროს ადამიანი? ის მშობლების ხელშია. ორი წლის ბავშვზე ხომ ვერ ვიტყვით, რომ არის უპასუხისმგებლო?! ​რაც 2-დან 3 წლამდე ბავშვს ეხება და რაც მან უნდა შეძლოს, ის უნდა ისწავლოს. მან უნდა ისწავლოს ტუალეტის მოწესრიგება, ქოთანთან ურთიერთობა. ქოთანთან ურთიერთობა არის თავშეკავების სწავლა, ქცევის კონტროლი და „არას“ თქმა. „არას“ თქმა ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს ცხოვრებაში.“

„ადამიანი, რომელიც კუჭში გასვლასთან დაკავშირებით არის მოუწესრიგებელი სამ წლამდე და ამას ვერ აწესრიგებს, შემდგომში ის არის ფეთხუმი, მფლანგველი, შეიძლება იყოს მოთამაშეც, იმპულსური. ის ვერ აკონტროლებს რაღაცას. ეს ვერ კონტროლი შემდგომში ქცევაში, შესაძლოა, გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად