Baby Bag

„მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, არაფრით არ არის ეს საჭირო,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სიჩუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძნული და უგუნური სიჩუმის მახასიათებლები დაასახელა:

„მე ორი სიჩუმე გამოვყავი: ერთი არის ბრძნული სიჩუმე. ჩვენ გვინდა სიმშვიდე, რომ დავისვენოთ, ამიტომ გამოვეყოფით სამყაროს. ეს არის ბრძნული სიჩუმე. გვინდა, რომ მივეცეთ ჩვენს განცდებსა და მოგონებებს. რაღაც გვინდა გავიხსენოთ, ვიღაცას დაველაპარაკოთ სულში, მადლობა ვუთხრათ, რაღაც გავუზიაროთ. სულში დიდი ცხოვრება მიმდინარეობს. სიჩუმეს ზრუნვა სჭირდება. მე ამ ზრუნვით შეიძლება თქვენ კეთილი განცდები და ფიქრები გამოგიგზავნოთ. თუ ოცნებებს არ მივეცი თავი დროდადრო, ჩემი ცხოვრება გაღარიბდება. ასევე მნიშვნელოვანია ლოცვა, სიჩუმე და ლოცვა. ყველაზე კარგი ლოცვა მაშინ არის, როდესაც განყენდები ყველაფრისგან, აღარაფერი გაწუხებს. დახუჭე თვალები, ახედე ცას და თქვი, რაც გინდა. ეს სიტყვა მაღლა წავა. ბრძნული სიჩუმის ნიშანია, რომ მე სხვათა სიჩუმეს გავუფრთხილდე. შეიძლება მე ხმაური მინდა, მაგრამ აგერ მეუღლე ისვენებს, ვიღაცას სჭირდება, რომ რაღაცაში ჩაფიქრდეს. არ უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან.

რა არის უგუნური სიჩუმე? ზოგჯერ დაბოღმილი, განაწყენებული კაცი ჩაიგუბებს პირში წყალს, გაჩუმდება, განდგება, არავის არაფერს გაუზიარებს, მაგრამ შიგნით იწვის. შიგნით ბოღმა ტრიალებს და ეს დამანგრეველი სიჩუმეა. მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, რა არის ეს სიჩუმე? არაფრით არ არის საჭირო. უნდა ვისწავლოთ ბრძნული სიჩუმეები. მე მიყვარდა ხოლმე სახლში ხმაურით მოსვლა. ჩემი მეუღლე ზოგჯერ მეტყოდა: „რატომ ხმაურობ? მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ ხანდახან უნდა ვიხმაუროთ კიდეც, ხალისიანი ხმაურით, როდესაც ბავშვებთან ვცელქობთ. ზოგჯერ გრძნობებს ვერ შეიკავებ, დაგაყვირებენ გრძნობები, ხმამაღლა გათქმევინებენ რაღაცას. მინდა, გირჩიოთ ახალგაზრდებს ჩემი მეუღლისგან: „მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ მეც ჩუმად ვესაუბრებოდი მას, მოდი, ეს გავაკეთოთ, მოდი, ახლა ასე მოვიქცეთ. ერთმანეთისა გვესმოდა, გვქონდა უსიტყვო საუბარი, ფიქრით საუბარი, გულით საუბარი. ეს ძალიან ძვირფასი რამ არის და გვინარჩუნებს ჰარმონიას ცხოვრებასთან,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის...“

„დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის...“

„დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. 


ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე! 


ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო, აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა, ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. 


ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?“

ნოდარ დუმბაძე 

წაიკითხეთ სრულად