Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის მოვლა ხომ ძალიან დიდი სიკეთეა, მაგრამ მოხუცის მოვლა, შეიძლება, აღემატება კიდეც მას,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

„ბავშვის მოვლა ხომ ძალიან დიდი სიკეთეა, მაგრამ მოხუცის მოვლა, შეიძლება, აღემატება კიდეც მას,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მოხუცებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანის მომავალში ჩადებული კონტრიბუციაა:

„ცნობილი იგავია, როდესაც მოხუცი ბაბუის გადაგდება მოინდომა შვილმა. გოდორში ჩასვა, ტყეში წაიყვანა და პატარა შვილი მიჰყვებოდა. სად მიგყავსო, ბავშვმა ჰკითხა. ტყეშიო, იქ დავტოვებო. შვილიშვილმა არ გააპროტესტა ეს. როდესაც დატოვეს და მოდიოდნენ, ბავშვმა უთხრა, გოდორი წამოგეღოო. რაღად მინდაო, მამამ იკითხა. რატომ? შენც ხომ წამოგიყვან, როდესაც დაბერდებიო, უთხრა ბავშვმა. მაშინ მოიკიდა მოხუცი ზურგზე მამამ და უკან წამოიყვანა. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სამყაროში არსებობს ბუმერანგის პრინციპი.“

„არაფერი არ იკარგება, არც სიკეთე, არც ბოროტება. არცერთი კეთილი ფიქრი, არცერთი კეთილი საქმე. მოხუცის მოვლა არის კონტრიბუცია საკუთარ მომავალში. არავინ არ ჩათვალოს, რომ თუ სხვას უვლის, სხვის საქმეს აკეთებს. თავის საქმეს აკეთებს. ბავშვის მოვლა ხომ ძალიან დიდი სიკეთეა, მაგრამ მოხუცის მოვლა, შეიძლება, აღემატება კიდეც მას. ეს არის ყველაზე უსუსური და დაუცველი მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებაში,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად