Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესაძლებელია, რამდენიმე საათში თითქოს უმნიშვნელო სიმპტომი დრამატულად განვითარდეს და მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს,“- პედიატრი ეკა უბერი

„შესაძლებელია, რამდენიმე საათში თითქოს უმნიშვნელო სიმპტომი დრამატულად განვითარდეს და მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს,“- პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ექვს თვემდე ასაკის ბავშვებში ცხვირის გაჭედვის რისკებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ აღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ:

„შევთანხმდეთ, რომ თუნდაც მინიმალური სიმპტომი, მაგალითად, სურდო, ჩვილობის ასაკში, ექვს თვემდე განსაკუთრებით საყურადღებოა. როდესაც ცხვირის გაჭედილობაა და ცხვირით სუნთქვა უჭირს ახალშობილს, შესაბამისად მოდის მთელი რიგი პრობლემები და პირველ რიგში, კვების პრობლემები. ბავშვს უჭირს ყლაპვა და საკვების მიღება.“

„შესაძლებელია, რამდენიმე საათში თითქოს უმნიშვნელო სიმპტომი დრამატულად განვითარდეს და მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს, როგორც მშობელი, ასევე ექიმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექვს თვემდე ასაკის ბავშვთან პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე დედამ ოჯახის ექიმთან დაამყაროს კავშირი. მინიმალური სიმპტომიც კი საყურადღებოა ასაკიდან გამომდინარე. სხვა რესპირაციული ვირუსებიც არსად არ წასულა. განსაკუთრებით საყურადღებოა გრიპის ვირუსი და რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც ახალშობილებსა და ორ წლამდე ასაკის ბავშვებში საკმაოდ მძიმე გართულების, ბრონქიოლიტის განვითარების მიზეზად შეიძლება იქცეს. ეს არის სუნთქვის გაძნელების ერთ-ერთი უხშირესი ფაქტორი,“- აღნიშნულ საკითხზე ეკა უბერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად