Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი სახლში რაღაცას გააფუჭებს? - ფსიქოლოგი ცირა ბარქაია

ფსიქოლოგმა ცირა ბარქაიამ ბავშვის მიერ რაიმე ნივთის დაზიანების შემთხვევაში მასთან კომუნიკაციის სწორ მეთოდებზე ისაუბრა:

„ბავშვმა რაღაც გააფუჭა, „შემოეფუჭა,“ ის ამასთან დაკავშირებით იღებს ძალიან უარყოფით რეაქციებს. ადრეული ასაკის ბავშვებში, ჩვენი ერთი შეფასებით შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ბავშვმა დაამტვრია ან გატეხა სათამაშო, შეიძლება გამოვართვათ, ვთქვათ: „შენ არაფრის ღირსი არ ხარ, მოგიტანე და გააფუჭე.“ სინამდვილეში, როდესაც ბავშვი რაღაცის აღმოჩენას აკეთებს, თვალიერების პროცესში შეიძლება დაინტერესდეს, როგორია ეს ნივთი შიგნიდან და ამ ჩხირკედელაობაში გაფუჭდეს ეს ნივთი. ეს მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ამით ისინი სწავლობენ და ვითარდებიან.

შესაძლოა, ბავშვმა დააზიანოს ისეთი ნივთი, რომელიც მშობლისთვის არის ღირებული. რატომ გატეხე ნივთი? რა პასუხი უნდა მიიღონ ამ დროს ორი წლის ბავშვისგან ან სამი წლის ბავშვისგან? მოდი, ასე შევხედოთ: რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ის პიროვნება, რომელიც ჩვენ წინ დგას თუ ნივთი, რომელიც ღირებული იყო, მაგრამ ნივთი იყო?! თუ ბავშვს შემთხვევით გაუტყდა ჭიქა და გაოგნებული, შეშფოთებული სახით იყურება, მნიშვნელოვანია, ვუთხრათ: „არაუშავს, ვიცი, რომ შემთხვევით გაგიტყდა, მეც დამმართნია. მოდი, მომეხმარე.“ უსაფრთხოების წესების დაცვით, შესაძლებელია, ბავშვის ჩართვა პროცესებში. ბავშვი გრძნობს, რომ მას რაღაც მოუხდა, მაგრამ მშობელი მასთანაა. ის გრძნობს: „ის დისკომფორტი, რაც მე შევქმენი ჭიქის გატეხვით, დავაკომპენსირე იმით, რომ მშობელს დავეხმარე პრობლემის მოგვარებაში.“

მესმის, რომ მშობელს შეიძლება ეწყინოს, გაბრაზდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ემოციურად დაცული და უსაფრთხო უკუკავშირი მიიღოს. ეს არ იყოს გალანძღვა, დადანაშაულება. ბავშვს გავუზიაროთ ჩვენი ემოციები, ვუთხრათ: „მე მეწყინა, რომ ეს ჭიქა გატყდა. არაუშავს, ხდება ხოლმე, მაგრამ შემდეგისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო ფრთხილად იყო. მე მითხარი, რა ნივთი დაგაინტერესებს და მე შენ ამ ნივთს აუცილებლად მოგცემ!“ ბავშვი ასეთ სიტუაციებში ემოციურად დაცულად უნდა გრძნობდეს თავს და არ უნდა იყოს დასჯის, განკითხვისა და გაკიცხვის ობიექტი,“ - მოცემულ საკითხზე ცირა ბარქაიამ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არის, როგორც ბებიას მალამო. არ გვინდა, ხალხო, XXI საუკუნეა,“ - გიორგი ფხაკაძე

„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არის, როგორც ბებიას მალამო. არ გვინდა, ხალხო, XXI საუკუნეა,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებს აცრა მაინც ესაჭიროებათ:

„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არის, როგორც ბებიას მალამო, მარგანცოვკაში ჩადე ფეხები და გრიპი არ დაგემართებაო. არ გვინდა, ხალხო, XXI საუკუნეა, ხალხი მარსზე მიდის. არაერთი ათეული ქართველი სამედიცინო პერსონალისგან გამიგია ეს და ვბრაზდები. ​ვინც გადაიტანეთ კოვიდი, ერთ თვეში წადით და აიცერით. ერთი თვე რომ გაივლის, წადით და აიცერით ფაიზერით.“

„ნურავის ნუ უსმენთ! დავიღალე, ამოვიდა ყელში ამდენი არაპროფესიონალიზმი და ამდენი ექიმბაში. ზოგი ეს ექიმი არის ექიმბაში. განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებისთვის, აუცილებლად, ყოველი მიზეზის გარეშე აიცერით დროზე, დაიცავით თქვენი თავი და დაიცავით ბავშვი. ზ​ოგიერთი ამბობს, ფხაკაძეს ფაიზერი უხდის ფულსო. ერთმა გოგომ დამიწერა, ფაიზერი შენ ოცი ათას ლარს გიხდისო, ოციათასლარიანი კაცი ვარ?!“

„მანდილოსნები აუცილებლად აიცერით დროზე. ასევე გახსოვდეთ, რომ იყოთ კარგ ხასიათზე. რას ვგულისხმობ ამაში? იცი, რომ პრობლემა არის. იცი, რომ კოვიდი 2022 წელსაც იქნება, რას იზამ?! თუ ამ ამბავს პოზიტიურად შეხედავ და იფიქრებ, რომ გამოსავალი არსებობს, უფრო იოლად გადაიტან. ​იანვარში იქნება მეხუთე ტალღა. შეიძლება ისე გააკეთონ, რომ დეკემბერშიც დაიწყოს. გამორიცხული არაფერი არ არის. ყველაზე უსაფრთხო დრო საქართველოში არის მომავალი კვირიდან ოქტმობრის 2-3 კვირა. მერე რა იქნება, არ ვიცი,“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად