„დაულაგებელი ოჯახების 100% დგას იმაზე, რომ მათ ერთმანეთის ენა არ იციან. ეს ენა არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უყალიბდება ბავშვობაში მიღებული განცდებისგან. როდესაც ვართ ზრდასრულები, გვაქვს 2 სიყვარულის ენა: ერთი ბავშვობიდან გამოყოლილი, მეორე - შეძენილი. თუ ჩვენ ამ ენაზე არ გვესაუბრებიან, სულ განვიცდით სიყვარულის დანაკლისს და გაუაზრებლად გვიჩნდება სურვილი ჯიბრში ჩავდგეთ. ბავშვი, რომელიც არ გვიჯერებს, ჯიბრში გვიდგება, ამას აკეთებს იმიტომ, რომ ის ვერ იღებს სიყვარულს. მე შეიძლება დილიდან საღამომდე ვაძლევდე მას სიყვარულს, მაგრამ ეს იგივეა, რაც საკვები პირს იქით გავატარო და ვერ მოხვდეს ჩემს საყლაპავში.
5 სიყვარულის ენაა. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ის მარტო იმ ფორმით იღებს სიყვარულს და სხვა ფორმით ვერ იღებს და უნდა გავუგოთ ბავშვს, რა ფორმით იღებს ის სიყვარულს. მიღებულია ასე, რომ ავიღეთ ხუთივე ფორმა და ხუთი დღის განმავლობაში ბავშვს თითო დღე თითო ფორმით ვუთმობთ სიყვარულს. პირველი გახლავთ სიტყვები. როდესაც მე ბავშვს ვაქებ, რაც კარგი აქვს, აღვნიშნავ, რაც კარგად მოიქცა, აღვნიშნავ, დიდ ხაზგასმას არ ვაკეთებ მის ცუდ საქციელზე. დელიკატურად ვუდგები: შენ კარგად მოიქეცი გუშინ და ეს არ უნდა მოგსვლოდა დღეს, მაგრამ არაუშავს, ალბათ, გაითვალისწინებ. ასევე მნიშვნელოვანია მისი იდეების, აზრების მხარდაჭერა. ავიღოთ ერთი დღე და თავიდან ბოლომდე ვაქოთ ბავშვი. ვნახოთ, რა რეაქციას მოგვცემს. რეაქცია უნდა იყოს, რომ მას გაუჩნდეს სურვილი, გაგვიკეთოს ის, რაც ჩვენ გვინდა. არ არის ასე, რომ გიყვარს და მორჩა. უნდა გააგებინო, უნდა მიიტანო მის სულამდე ეს განცდა. უნდა ეცადო, უნდა ისწავლო. ბავშვი, რომელიც არ გიჯერებს, არ ჭამს, არ იქცევა კარგად, როგორც კი უპოვი მას სიყვარულის ენას, სულ აქვს სურვილი, რომ რაღაც სასიამოვნო გაგიკეთოს.
მეორე სიყვარულის ენა არის დრო. ძირითად შემთხვევაში სწორედ ეს აკლიათ ხოლმე ოჯახებს. როდესაც ბავშვთან ერთად ვისვენებ და ტელეფონი მიჭირავს, ეს არ არის დროის დათმობა. თუ ბავშვის სიყვარულის ენა არის დრო, ეს მისთვის მიტოვების ტოლფასია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეში 2-3 საათი ხარისხიანი დროის დათმობა.
სიყვარულის ენა ასევე არის შეხება. ძალიან ბევრ ბავშვს ძალიან ბევრჯერ სჭირდება ჩახუტება. შემდეგი სიყვარულის ენა გახლავთ საჩუქრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საჩუქრები ვაჩუქოთ უბრალოდ ისე ადამიანს და არა რაღაცის აღსანიშნავად. ბავშვები ამას ძალიან ხშირად ითხოვენ. რაღაცნაირად გამოვყოთ ბიუჯეტი, რომ ეს დავუკმაყოფილოთ. ერთ-ერთი სიყვარულის ენა არის მსახურება. ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაცას აკეთებს და დაეხმარო. ბავშვი პლასტელინს აწყობს? იქ დაუჯდე და მასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მაინც სიყვარულია მთავარი. უნდა ვიცოდეთ, რომ აქცენტი გავაკეთოთ სიყვარულზე,“- მოცემულ საკითხზე ხათუნა მუზაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.
წყარო: „ჩვენი ოჯახი“