Baby Bag

5 რეკომენდაცია ჰიპერმზრუნველ დედებს - როგორ მივანიჭოთ ბავშვს მეტი თავისუფლება?

5 რეკომენდაცია ჰიპერმზრუნველ დედებს - როგორ მივანიჭოთ ბავშვს მეტი თავისუფლება?

დედის ჰიპერმზრუნველობა ბავშვს გარესამყაროსთან ურთიერთობაში შეზღუდვებს უწესებს, რაც მის თვითშეფასებას აზიანებს და წინააღმდეგობებთან გამკლავების უნარს ართმევს. ჰიპერმზრუნველი დედები ბავშვის უსაფრთხოებაზე გადაჭარბებულად ზრუნავენ. მიუხედავად იმისა, რომ დედები გულწრფელად ცდილობენ ბავშვების დაცვას ზიანისგან, ჰიპერმზრუნველობით მატ მეტ ზიანს აყენებენ.

ჰიპერმზრუნველი დედა ბავშვს დამოუკიდებლობას ართმევს, მის ყველა შეცდომაზე მწვავედ რეაგირებს, ბავშვს არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს, ხელს უშლის ბავშვს თავისუფალ თამაშსა და ბუნებასთან ურთიერთობაში. ისინი თავად ჭრიან შვილების პრობლემებს და ბავშვებს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ. ჰიპერმზრუნველი დედა ხშირად შეახსენებს ბავშვს, რომ მას ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია, რითაც ბავშვში შიშსა და ეჭვებს აღვივებს.

როგორ უნდა დაძლიოს ჰიპერმზრუნველმა დედამ საკუთარი შიშები და ბავშვს მეტი თავისუფლება მიანიჭოს?

1. გააცნობიერეთ, რომ ჰიპერმზრუნველობა მავნეა, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილისთვის

მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, რომ თქვენს ჰიპერმზრუნველობას უარყოფითი შედეგები მოაქვს. ამის გაცნობიერება ადამიანს იმის აღიარებაში ეხმარება, რომ ის შეცდომას უშვებს და პრობლემის გადაჭრის გზები უნდა მოძებნოს.

2. გახდით მეტად თავდაჯერებული

ბავშვზე ჰიპერმზრუნველობის სურვილი დედის ეჭვებიდან და შიშებიდან მოდის. როდესაც ბავშვი სამყაროს შეცნობას იწყებს, დედას უნდობლობის, შიშისა და დაუცველობის განცდა ეუფლება, რომელიც მან უნდა დაძლიოს და თავდაჯერების გაძლიერებაზე იზრუნოს. როგორც წესი, ჰიპერმზრუნველი მშობლები თავადაც ამ მიდგომით არიან აღზრდილები. მნიშვნელოვანია, ბავშვობის ტრავმებთან გამკლავება სცადოთ და ის თქვენს შვილებს არ მოახვიოთ თავს.

3. უფლება მიეცით თქვენს შვილებს საკუთარ თავზე დამოუკიდებლადაც იზრუნონ

მშობელმა არაფერი არ უნდა გააკეთოს შვილისთვის ისეთი, რისი გაკეთების უნარიც ბავშვს უკვე გამომუშავებული აქვს. თუ ბავშვმა დამოუკიდებლად ჩაცმა იცის, მას ამის უფლება უნდა მისცეთ, მაშინაც კი, თუ ის გარკვეულ შეცდომებს უშვებს ჩაცმის დროს. ბავშვს შეცდომების გამოსწორებაში დაეხმარეთ, მაგრამ საქმეს მის ნაცვლად ნუ გააკეთებთ.

4. ენდეთ ბავშვის შესაძლებლობებს

ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ბავშვს გარკვეული უნარების ათვისება შეუძლია. ჩვენ მათ შესაძლებლობებს უნდა ვენდოთ და უფლება მივცეთ, საკუთარი ძალები გამოსცადონ. შესაძლოა, ბავშვმა შეცდომა დაუშვას, მაგრამ მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. თავი შეიკავეთ შემდეგი ფრაზების თქმისგან: „მე გაგიკეთებ,“ „ჯერ ამისთვის პატარა ხარ,“ „ძალიან დიდხანს უნდები, მე გავაკეთებ,“ და ა.შ. ბავშვს მოტივაცია უნდა მისცეთ, რომ მანამ განაგრძოს მცდელობები, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს.

5. ბავშვს მხოლოდ მაშინ დაეხმარეთ, როდესაც ეს ნამდვილად სჭირდება

მშობელი ბავშვის წინამძღოლი და დამხმარე უნდა იყოს, როდესაც მას ეს სჭირდება. მნიშვნელოვანია, ბავშვს შეცდომების დაშვების უფლება მივცეთ, რათა მან შეცდომებზე ისწავლოს, ავტონომიურობა გამოიმუშაოს და დამოუკიდებელი გახდეს. ბავშვს დაეხმარეთ მაშინ, როდესაც მას ეს სჭირდება და დახმარებას გთხოვთ.

დედას ჰიპერმზრუნველობასთან გამკლავება შეუძლია, თუ სათანადო სურვილს, მოტივაციასა და მონდომებას გამოიჩენს.

წყარო:​ youaremom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

,,შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს - ან გონიერებით, ან განათლებით, ან კულტურით. შვილი, რაღაცით თუ არ დაწინაურდა ჩვენთან შედარებით, ესე იგი დავაკელით აღზრდა. უკლებლივ ყველა ბავშვში არის რაღაც, რითაც მანდ უნდა გაგვისწროს,'' - აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა. 

,,ვარ თუ არა უფლებამოსილი რომ შვილი აღვზარდო, როგორ უნდა განვსაზღვროთ ეს? - ძალიან მარტივად.

დავალებას გაძლევთ:

ავიღოთ ფურცელი, გავყოთ შუაზე. მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ის თვისებები, რომლებიც გეამაყებათ საკუთარ თავში, ოღონდ მართალი იყავით თქვენს თავთან, რადგან ეს თქვენი სარკეა. მარჯვენა მხარეს ჩამოწერეთ თვისებები, რომლებიც მიგაჩნიათ რომ არ უნდა გქონდეთ, მაგრამ გაქვთ. დაფიქრდით, რამდენი რამე გქონიათ გასაშალაშინებელი საკუთარ თავში? არადა ბავშვი გიდგას წინ და სწორედაც მას გინდათ ჰქონდეს ყველა კარგი თვისება. სიკეთე - სიკეთით აღიზრდება, სიყვარული-სიყვარულით, კულტურა-კულტურით, სილამაზე-სილამაზით. ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს - ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება გაადნოს,'' - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​,,ამონაშვილის აკადემია'' 

წაიკითხეთ სრულად