Baby Bag

„შვილებთან აუცილებლად უნდა წამოიწიოს მამის ავტორიტეტი,“ - ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი ბავშვის აღზრდაში მამის როლის შესახებ

ფსიქოლოგმა ნანა გოგიჩაშვილმა ბავშვის აღზრდაში მამის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა:

„ძალიან დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ბავშვი არამარტო ხედავს, არამედ გრძნობს ოჯახში კეთილსაიმედო განწყობებია თუ პირიქით, ემოციურად დამუხტული სიტუაციაა. ამის იდენტიფიცირება შეიძლება როგორც ნახატებით, ასევე საუბრებით. ამის უამრავი ტექნიკა არსებობს. მაგალითად, ეტყვით: „მე და მამა...“ წინადადება მან უნდა დაამთავროს. „ერთხელ მამიკომ...“ მან უნდა დაამთავროს. ზღვა ინფორმაცია მოდის ისეთი, რომელზეც მშობელს წარმოდგენაც კი არ აქვს. შესაბამისად, მამის როლი უკიდურესად მნიშვნელოვანია. მამა არის არამხოლოდ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენელი ოჯახში, არამედ მზრუნველი, მფარველი. მამა აყალიბებს გარკვეულწილად წესებს ოჯახში. ფროიდი ამბობს, რომ მამის ხატს ქმნის დედა. ის კი არა: „მამაშენს ვინ ეკითხება, მე ვარ აქ მთავარი.“ შეიძლება სუბიექტურად ფიქრობდე ამას, მაგრამ შვილებთან აუცილებლად უნდა წამოიწიოს მამის ავტორიტეტი: „მამიკო გავახაროთ,“ „მამიკოს ვუთხრათ,“ „მამიკო მოგვეხმარება,“ „ მამიკოს არ ეწყინოს.“ აქ პოზიტიურ ჭრილში შემოდის მამის ხატი. რა თქმა უნდა, მამაც უნდა გვაძლევდეს ამის საშუალებას. დედაც და მამაც არის უსაზღვრო რესურსი ბავშვის განვითარების და რომელიმეს დეფიციტი არსებით დესტრუქციულ ცვლილებებს იწვევს ფსიქო-ემოციურ განვითარებაში.

„არავინ არ მინდა, მამიკოს ჩავეხუტო,“ - ეს მოსმენილიც მაქვს. ჩახუტება არის დაცულობა, უსაფრთხოება. კარენ ჰორნი პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ ასაკში თუ არ არის დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა, ყალიბდება ცხოვრებისადმი ბაზალური შიშები, რაც თავის მხრივ ნევროტული პიროვნების ფორმირებას უწყობს ხელს. უმამოდ გაზრდილ გოგონებს აქვთ საოცარი მიჯაჭვულობის მოთხოვნილება საწინააღმდეგო სქესთან. მან შეიძლება ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ის, ძალიან დესტრუქციული ოჯახი იყოს, სწორედ ამიტომ არ დაანგრიოს, რომ გვერდით კაცი უდგას და ამით ივსებს იმ დეფიციტს, რომელიც მას ჰქონდა ბავშვობაში,“- მოცემულ საკითხზზე ნანა გოგიჩაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს, ე.ი. ვაქცინა მუშაობს და ანტისხეულები უფრო გამომუშავდება,“ - პროფესორი მალვინა ჯავახაძე

„როდესაც ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს, ე.ი. ვაქცინა მუშაობს და ანტისხეულები უფრო გამომუშავდება,“ - პროფესორი მალვინა ჯავახაძე

პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„რამდენიმე აცრის შემდეგ ვაქცინაზე რეაქციები მცირდება. შეიძლება ვაქციანზე ადგილობრივი რეაქცია იყოს, მაგრამ მე, როგორც ინფექციონისტს პირიქით, მომწონს როდესაც ორგანიზმს ასეთი რეაქცია აქვს, ე.ი. ვაქცინა მუშაობს, კარგი შედეგია და ანტისხეულები უფრო გამომუშავდება. ბუსტერის შემთხვევაში გვერდითი რეაქციების ალბათობა, შესაძლოა, უფრო ნაკლები იყოს.“

„დღეს, ​როდესაც ასეთ პატარა პოპულაციაში ყოველდღიურად 75 ადამიანი კვდება, ეს არ უნდა იყოს მარტო იმ ოჯახების ტრაგედია. ეს არის ყველა ოჯახის ტრაგედია. ყველამ, ვინც არ არის იმუნიზირებული, მის წილად უნდა ჩათვალოს ეს ქმედება. მე ამ დროს მახსენდება ჩემი მასწავლებლის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სიტყვები: „სენსიბილიზებული ცოცხალი მირჩევნია არასენსიბილიზებულ მიცვალებულს.“ ვიყოთ სენსიბილიზებული, მოგვცეს რეაქცია, მაგრამ ვიყოთ დაცულები, ცოცხლები და ჯანმრთელები,“ - აღნიშნულ საკითხებზე მალვინა ჯავახაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად