Baby Bag

„რაც გინდა ის გიქნია“, დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე ისაუბრა:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.

წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მარტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„ნაშუადღევს“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ბავშვებში კვლევების ჩატარების პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები უმეტესად საჭირო არ არის:

„განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კვლევები, რომელიც აბსოლუტურად ინვაზიურია ბავშვისთვის, ზედმეტი ტრავმის მომცემია. ბავშვი კოვიდის გადატანის შემდეგ არ საჭიროებს არანაირ კვლევებს, თუ ის არ იწვა კლიკინაში. მე 6000-ზე მეტი პაციენტი გავატარე და 57 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა მქონდა. ეს ძალიან დაბალი რიცხვია.“

თემურ მიქელაძის თქმით, კლინიკაში მოხვედრილი ბავშვების დიდი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია მშობლების პანიკის გამო გახდა საჭირო:

„ამ 57 შემთხვევაშიც იყო წლამდე ასაკი, მაღალი ცხელება. უფრო მეტი იყო, როდესაც მშობელი იყო პანიკაში და თვითონ უნდოდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. ა​ხლა მეტ-ნაკლებად ცდილობენ, რომ პაციენტები ბინაზე იმართონ. უფრო მეტია ბავშვებში გავრცელება. თუ მაშინ გვქონდა 10 %, ახლა 20%-ს გადასცდა და 25-30%-ზეც კი ადის ზოგიერთ დღეებში. ყველა ჰოსპიტალიზებული რომ იყოს, როგორც ადრე ხდებოდა, არცერთი პედიატრიული კლინიკა ამას არ ეყოფოდა.“

„ბავშვებს პოსტკოვიდი პრაქტიკულად არ აქვთ. მათ ვირუსი საბდნიეროდ გადააქვთ მსუბუქად,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად