Baby Bag

„რაც გინდა ის გიქნია“, დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ნაშუადღევს“ მშობლებსა და მოზარდებს შორის ურთიერთობების პრობლემებზე ისაუბრა:

„მეგობარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობელი არის, პირველ რიგში, ჩარჩოს შემქმნელი. მეგობარი ასეთ ჩარჩოს არ გიქმნის. მეგობარი ხარ ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ მას არ ეშინოდეს შენთან ღიად განხილვა იმ საკითხების, რაც მას აწუხებს. ეს დიდი პრობლემაა დღეს. ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლები ვერ გაუგებენ, ატყდება ჩხუბი, იქნება უსიამოვნება, რის გამოც ისინი მშობლებთან ღიად არ საუბრობენ. ამ გაგებით მშობელი არის ბავშვის მეგობარი, მაგრამ შენ, როგორც მშობელი, პირველ რიგში, ხარ ეთიკური ჩარჩოს , ღირებულებითი ჩარჩოს დამდები. ჩარჩო აუცილებელია, მაგრამ არა ავტორიტარული ჩარჩო, გარედან თავსმოხვეული კი არა, ერთობლივად შემუშავებული.

წარმოვიდგინოთ, რომ 12 წლის ბავშვი მოდის და ამბობს, რომ კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად. შენ შეგიძლია უყვირო, ეჩხუბო და არ გაუშვა, მაგრამ შეგიძლია მშვიდად დაელაპარაკო, ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილო მასთან ერთად. საბოლოოდ ის თავად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, საითკენაც შენ უბიძგებ. ამაზე მარტივია, რომ კარი ჩაუკეტო, ეჩხუბო, 12 წლისას მოერევი, მაგრამ 15 წლისას ვერა. „რაც გინდა ის გიქნია,“ დღევანდელ მოზარდებთან არ ჭრის. გარდატეხის ასაკში მშობელს ეშინია და ურჩევნია ბავშვის მეგობრად დარჩეს. რაღაც კომპლექსი აქვთ დღევანდელ მშობლებს. მშობელი თვლის, რომ უნდა იყოს თავისი შვილის მეგობარი, არ უნდა აწყენინოს. ამიტომ გვაქვს ორი უკიდურესობა: ან ავტორიტარული სტილი, ან დამოკიდებულება: „ყველაფერზე თანახმა ვარ, გააკეთე რაც გინდა, რაც გაგიხარდება.“ მერე ბავშვი მეუბნება, რომ მშობლისთვის სულ ერთია, თუ სად წავა ის, რადგან არასდროს არაფერს ეუბნება. ეს უკვე უგულებელყოფაა ბავშვის,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„ნაშუადღევს“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სჯობს, ბავშვს არ შევთავაზოთ ერთთვიანი, ერთწლიანი, სამწლიანი შენახვის იოგურტები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„სჯობს, ბავშვს არ შევთავაზოთ ერთთვიანი, ერთწლიანი, სამწლიანი შენახვის იოგურტები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის კვებაში მაწონისა და სახლში დამზადებული იოგურტის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მაწონი მაინც ენდემურია ჩვენთვის და ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, შენახვის ვადა ყურადღებით წაიკითხონ. 2-დან 7 დღემდეა მაწონის შენახვის ვადა. სამწლიანი, ერთწლიანი შენახვის და ერთთვიანი იოგურტები სჯობს, ბავშვს არ შევთავაზოთ. ​იოგურტი ჩვენ მაწვნისგან სახლის პირობებში გავაკეთოთ. მაწონს მარცვლეული, ხილი დავუმატოთ, შევაზავოთ.“

„არასდროს პოლივიტამინებით მიკროელემენტები და მაკრონუტრიენტები არ შეიწოვება ისე, როგორც სწორად შერჩეული ბუნებრივი პროდუქტებისგან. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობელს საკმაოდ ხშირად აქვს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს. არ არსებობს ბავშვი, რომელიც არ იღებს საკვებს. არსებობს მშობელი, რომელიც ვერ აძლევს საკვებს. ბავშვი წავახალისოთ, საკვების მომზადებაში მივაღებინოთ მონაწილეობა. თუ იქნება ბავშვს და მშობელს შორის სწორი ალიანი, საკვებსაც მიიღებს, მედიკამენტსაც, მშობელთან ერთადაც ისეირნებს,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირდი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად