Baby Bag

„უნდა ვიფიქროთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები... ბავშვს ისეთი პანიკური შიში და შეტევა შეიძლება დაემართოს, რომ ძალიან რთული სამართავი გახდეს,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვების ფსიქიკაზე საშინელებათა ჟანრის ანიმაციებისა და ბოროტმოქმედი პერსონაჟების გავლენის შესახებ ისაუბრა:

„ბავშვს ემპათია აღარ აქვს ადამიანისადმი, რომელსაც უჭირს, რომელსაც ურტყამენ, რომელიც დავარდა, იმიტომ, რომ თამაშებიც ასეთი აგრესიულია, სულ ურტყამენ, ესვრიან, სცემენ. ეს გზავნილები, რომელიც მოდის, ჩვეულებრივად იტვირთება ბავშვში. ტვინი ინახავს შიშებს. რაღაც მომენტში ხდება შემოჭრები, ეს შეიძლება მოხდეს ღამე, შეიძლება მოხდეს დღე. ბუნებრივია, მას ექნება დარღვეული ძილი და ისეთი პანიკური შიში და შეტევა შეიძლება დაემართოს, რომ ძალიან რთული სამართავი გახდეს.

რატომ უყვართ ადამიანებს საშინელებათა ფილმები? ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი და ჩვეულებრივი ადრენალინდამოკიდებულება ხდება. ეს ენატრება ადამიანს. ამ ბიზნესის შემქმნელები ამაზე არ ფიქრობენ. მათთვის მნიშვნელოვანია მოგება და ნახულობენ მოგებას.

ბოროტებას ადამიანი სწავლობს ზღაპრით. ზღაპარში კეთილი იმარჯვებს. აქ ორი ბოროტია. ერთი უფრო კარგი ბოროტია და მეორე უფრო ცუდი ბოროტი და ის იმარჯვებს. ბოროტება კარგი და კეთილი არ არსებობს. ხდება ამ ბავშვების გაუცხოება რეალურ სამყაროსთან, ნიჰილიზმის ჩამოყალიბება, გულგრილობა. ყველა მოუნელებელი შინაარსი, ყველა შიში, როგორც ბომბი ისეა, ნელი მოქმედების ნაღმია. ის რაღაც მომენტში აუცილებლად მოხვდება ადამიანს. უნდა ვიფიქროთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები. რაც შეიძლება მეტი სპორტი, ხელოვნება, ხატვა, მეტი ჰაერზე ყოფნა, ერთად ყოფნა, ჩახუტება არის საჭირო,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელია ბავშვის სიმაღლეში ზრდისთვის საუკეთესო პროდუქტები? - პედიატრ ნინო თოთაძის რეკომენდაციები მშობლებს

რომელია ბავშვის სიმაღლეში ზრდისთვის საუკეთესო პროდუქტები? - პედიატრ ნინო თოთაძის რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრმა ნინო თოთაძემ იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვი სიმაღლეში ზრდას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. მისი თქმით, არსებობს რამოდენიმე განსაკუთრებული პროდუქტი, რომელიც უშუალო ზეგავლენას ახდენს სიმაღლეში ზრდაზე:

„თანამედროვე მიდგომით ითვლება, რომ ​არსებობს რამოდენიმე გამორჩეული პროდუქტი , რომელიც უშუალოდ მოქმედებს სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით. პირველი, ეს არის ისპანახი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი თავისი შემადგენლობით. დამატებითი კვების დაწყებისას ის ბავშვის კვებაში უნდა ჩაერთოს. ისპანახი არის ვიტამინებით მდიდარი და ერთ-ერთ იდეალურ პროდუქტად არის აღიარებული.“

ნინო თოთაძემ აღნიშნა, რომ სიმაღლეში ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროდუქტი სტაფილოა:

„უმნიშვნელოვანესია სტაფილო, რომელიც A ვიტამინით ძალიან მდიდარია. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ვისაუბროთ, რომ მხოლოდ კოქტეილი იყოს. ​ეს შეიძლება იყოს ცოცხლად მისაღები პროდუქტიც, როგორებიცაა: სტაფილო, ისპანახი, ბროკოლი. მესამე მნიშვნელოვანი პროდუქტი არის რძე და რძის პროდუქტები, განსაკუთრებით იოგურტი. ასევე გარკვეულწილად მნიშვნელოვანია მარცვლეულიც. ძირითადად ამ პროდუქტებიდან უნდა მოხდეს ვიტამინების ათვისება. განსაკუთრებით D ვიტამინი ბავშვმა უნდა მიიღოს რძის პროდუქტებიდან.“

ნინო თოთაძემ ხაზი გაუსვა ხილისა და ბოსტნეულის მიღების აუცილებლობას ბავშვის სიმაღლეში ნორმალური ზრდისთვის:

„უმნიშვნელოვანესია სხვა ყველა ვიტამინის შემადგენლობა ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით მიიღოს ბავშვმა. ​ასევე მნიშვნელოვანია ბურღულეული. არ უნდა გამოგვრჩეს პროწეულიც. ეს ყველაფერი არის ზამთრის არაჩვეულებრივი ხილი. სასურველია ეს პროდუქტები ყოველდღიურად მიიღონ. ის მითი, რომ აუცილებლად მხოლოდ სტაფილოს და ჭარხლის კოქტეილი დაგვეხმარება ზრდაში, არ არის სწორი. ეს მითია. განსაკუთრებით დადებითი პროდუქტია სტაფილო. რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობს, თუ რამდენად კარგ ნიადაგზეა მოყვანილი. დამერწმუნეთ, თუ მას ცოცხლადაც მივიღებთ ყოველდღიურად, ის იმავეს შეძლებს.“

„რაც შეეხება დოზირებას, უმნიშვნელოვანესია პროდუქტი არ იყოს დღეში რამდენჯერმე მიღებული. ულუფები სწორად უნდა იყოს განსაზღვრული. ​კოქტეილი უნდა იყოს 100-150 მილილიტრამდე. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოქტეული აუცილებლად მიღების წინ უნდა იყოს დამზადებული,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო თოთაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად