Baby Bag

„უნდა ვიფიქროთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები... ბავშვს ისეთი პანიკური შიში და შეტევა შეიძლება დაემართოს, რომ ძალიან რთული სამართავი გახდეს,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვების ფსიქიკაზე საშინელებათა ჟანრის ანიმაციებისა და ბოროტმოქმედი პერსონაჟების გავლენის შესახებ ისაუბრა:

„ბავშვს ემპათია აღარ აქვს ადამიანისადმი, რომელსაც უჭირს, რომელსაც ურტყამენ, რომელიც დავარდა, იმიტომ, რომ თამაშებიც ასეთი აგრესიულია, სულ ურტყამენ, ესვრიან, სცემენ. ეს გზავნილები, რომელიც მოდის, ჩვეულებრივად იტვირთება ბავშვში. ტვინი ინახავს შიშებს. რაღაც მომენტში ხდება შემოჭრები, ეს შეიძლება მოხდეს ღამე, შეიძლება მოხდეს დღე. ბუნებრივია, მას ექნება დარღვეული ძილი და ისეთი პანიკური შიში და შეტევა შეიძლება დაემართოს, რომ ძალიან რთული სამართავი გახდეს.

რატომ უყვართ ადამიანებს საშინელებათა ფილმები? ამ დროს გამოიყოფა ადრენალინი და ჩვეულებრივი ადრენალინდამოკიდებულება ხდება. ეს ენატრება ადამიანს. ამ ბიზნესის შემქმნელები ამაზე არ ფიქრობენ. მათთვის მნიშვნელოვანია მოგება და ნახულობენ მოგებას.

ბოროტებას ადამიანი სწავლობს ზღაპრით. ზღაპარში კეთილი იმარჯვებს. აქ ორი ბოროტია. ერთი უფრო კარგი ბოროტია და მეორე უფრო ცუდი ბოროტი და ის იმარჯვებს. ბოროტება კარგი და კეთილი არ არსებობს. ხდება ამ ბავშვების გაუცხოება რეალურ სამყაროსთან, ნიჰილიზმის ჩამოყალიბება, გულგრილობა. ყველა მოუნელებელი შინაარსი, ყველა შიში, როგორც ბომბი ისეა, ნელი მოქმედების ნაღმია. ის რაღაც მომენტში აუცილებლად მოხვდება ადამიანს. უნდა ვიფიქროთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები. რაც შეიძლება მეტი სპორტი, ხელოვნება, ხატვა, მეტი ჰაერზე ყოფნა, ერთად ყოფნა, ჩახუტება არის საჭირო,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის პოზიტიური აღზრდა, რა დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და ცვლის თუ არა რთულ ქცევას ამგვარი აღზრის სტილი?

რა არის პოზიტიური აღზრდა, რა დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და ცვლის თუ არა რთულ ქცევას ამგვარი აღზრის სტილი?
რა არის პოზიტიური აღზრდა, რა დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და ცვლის თუ არა რთულ ქცევას ამგვარი აღზრის სტილი? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ნინო ფირცხალაიშვილი.

- ქალბატონო ნინო, ზოგადად, რა არის პოზიტიური აღზრდა და როგორია მეთოდები?

- აღზრდა საკმაოდ საინტერესო, ხანგრძლივი, უწყვეტი პროცესია, გამოწვევების წინაშე აყენებს მშობლებს. მათ ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რამდენადაც აღზრდის სტილზეა დამოკიდებული, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი. სამეცნიერო სფეროში პოზიტიური აზროვნება გულისხმობს ყურადღების გამახვილებას ბავშვის ძლიერ მხარეზე, მის განვითარებასა და ფორმირებაზე. ამ სტილის აღზრდის პროცესში არ განიხილება ბავშვის სუსტი მხარე. ძირითადი პრინციპია მის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. ასევე, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება და რაც მთავარია, ბავშვის უპირობოდ მიღება და სიყვარული.

რაც შეეხება პოზიტიური აღზრდის მეთოდებს, ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. მათი ძირითადი ამოსავალი პრინციპი გახლავთ, ბავშვების მიმართ მშობლების პოზიტიური განწყობა, მათი მიმღებლობა და ისეთი დამოკიდებულებები, როგორებიცაა: შექება, წახალისება, მოწონება, ნდობის გამოხატვა. პოზიტიური აღზრდის მეთოდებში არ მოიაზრება ისეთი თავისებურებები, როგორებიც არის: დასჯა ფსიქიკური ან ფიზიკური, ზეწოლა, მუქარა და ა.შ.

- რა უპირატესობები აქვს პოზიტიური აღზრდის სტილს და რა დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე?

- ადამიანი აღზრდის სტილს თავად ირჩევს, გამომდინარე იქიდან, როგორი პიროვნული თავისებურებებით ხასიათდება, როგორი გამოცდილება და ცოდნა აქვს მიღებული, შესაბამისად, ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, დაფიქრდეს ამართლებს თუ არა მის მიერ არჩეული ქცევის სტილი, გადახედოს განხორციელებულ სტრატეგიებს, იმ მეთოდებს, რომლებსაც აღზრდის პროცესში იყენებს და თუ კი ჩათვლის, რომ გარკვეულწილად სირთულეებს აწყდება, ყოველთვის შეუძლია ჩაანაცვლოს, განაახლოს ესა თუ ის მიდგომა. 

მშობელი, რომელიც ირჩევს პოზიტიური აღზრდის სტილს, ძირითადად, მის ხელთ არის ისეთი თავისებურებები, როგორიც არის თავისი მაგალითით მიმართულების მიცემა. მშობელი თავად აძლევს მაგალითს, როგორ შეიძლება მართოს ემოციები, მოაგვაროს პრობლემური სიტუაციები, გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს, მართოს კონფლიქტური სიტუაცია, დაისახოს მიზნები და მოახერხოს ამ მიზნამდე მისვლა. ამგვარი მიდგომა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განივითაროს ის უნარები, რომლებიც სამომავლოდ გამოადგება - იყოს მიზანსწრაფული, ემპათიური, შეეძლოს საკუთარი თუ სხვისი საზღვრების დაცვა და პატივისცემა. 

მშობელი არ უნდა შეუშინდეს შეცდომის აღიარებას, მნიშვნელოვანია, იყოს გულწრფელი ბავშვის მიმართ. ასევე აუცილებელია ხელი შეუწყოს იმაში, რომ ბავშვმა მოახერხოს საკუთარი თავის მიმართ რწმენის მოპოვება. ამ უნარის განვითარებას ხელს უწყობს შვილისთვის საშუალების მიცემა, თავად მოაგვაროს პრობლემები, დაძლიოს სირთულეები. არანაირ შემთხვევაში მშობელი არ იღებს პასუხისმგებლობას, რამდენადაც ეს შვილს აძლევს საშუალებას, დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ხდება დამოკიდებული მშობელზე და ნაკლებად არის თავდაჯერებული. ასევე სასურველია, მშობელმა აღიაროს შვილის მცირედი წარმატებაც კი, არ უნდა დაუკარგოს მცდელობა, ძალისხმევა, რომელიც მიზნის მისაღწევად განხორციელდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბავშვს მისცეს შეცდომის დაშვების უფლება, ისწავლოს ამის გათვალისწინებით, შედეგად ბავშვი მიხვდება, რომ შეცდომა არ არის მარცხი.

- ბავშვებთან, რომლებიც რთული ქცევით ხასიათდებიან, მშობლებს უჭირთ თავის გაკონტროლება. ამ მხრივ, როგორ ცვლის პოზიტიური მიდგომა და მეთოდები ბავშვის ქცევას?

- როდესაც ვსაუბრობთ ბავშვის რთულ ქცევაზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი ასაკობრივი თავისებურებები. მშობელმა უნდა გააანალიზოს შვილის რთულ ქცევას რა უდევს საფუძვლად, რაზე დაკვირვებითაც უფრო მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგეს, რა მეთოდები გამოიყენოს. ხშირ შემთხვევაში თითქოს მშობლები და ასევე შვილებიც არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ერთმანეთის რეაგირებას ამა თუ იმ ქცევაზე. მშობლის მხრიდან მძაფრი რეაგირება გარკვეულ საკითხში, ხშირად ბავშვს გარიყულად აგრძნობინებს თავს, ის თავის მხრივ ფიქრობს, რომ მშობელს მისი არ ესმის.

მცირე ასაკის ბავშვებთან, როდესაც რთულ ქცევას აქვს ადგილი, მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს იმ მომენტში რამდენად არის დაკმაყოფილებული ბაზისური მოთხოვნილებები, რამდენად სრულფასოვანი იყო ძილი, ხომ არ არის მშიერი და ა.შ. თუ შვილის მხრიდან არის რაიმეს მოთხოვნა, რისი დაკმაყოფილებაც მშობელს არ შეუძლია, რადგან ბავშვისთვის არის საზიანო და უარი იწვევს რთულ ქცევას, ამ დროს მშობელი უხსნის თუ რატომ არ შეიძლება ამის განხორციელება. რაც შეეხება, მოზრდილი ასაკის ბავშვებს, მათთვის ძირითადი მიზანი არის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. ამ დროს მოზარდებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თანატოლების აზრს, ხოლო მშობლების ავტორიტეტი რაღაც დონეზე ქვეითდება. 

ვფიქრობ, მშობელმა ბავშვს უნდა მისცეს საშუალება, გამოხატოს აზრი, მოუსმინოს და შეეცადოს მიიღოს განსხვავებული მოსაზრება, თავისი მხრიდან კი გაუზიაროს საკუთარი მოსაზრება. გულღია საუბარი, თანადგომა საშუალებას აძლევს მშობელს და შვილს უფრო მეტად დაახლოვდნენ, მეტად გაიცნონ ერთმანეთი, რაც ბავშვის ნორმალური განვითარების საფუძველია.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად