Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბოლო დროს ყბადაღებული თემაა ბავშვთა ხელოვნურ საკვებში პალმის ზეთის შემცველობა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე აქტუალური თემის შესახებ

„ბოლო დროს ყბადაღებული თემაა ბავშვთა ხელოვნურ საკვებში პალმის ზეთის შემცველობა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე აქტუალური თემის შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვთა კვებაში პალმის ზეთის გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პალმის ზეთი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა მაშინ, როდესაც ის 100 გრადუს ტემპერატურაზე ლღვება:

„არის ასეთი ყბადაღებული თემა პალმის ზეთის შემცველობის შესახებ ხელოვნურ საკვებში. როგორც მოგეხსენებათ, პალმის ზეთის ლღვობის ტემპერატურა არის 100 გრადუსი. 100 გრადუსამდე ტემპარატურაზე მან შეიძლება უკვე გამოიმუშაოს მავნე ნივთიერებები. ჩვენ საკვებს, განსაკუთრებით ხელოვნურ საკვებს არასდროს არ ვხსნით 100- გრადუსიან წყალში, ვხსნით 40-გრადუსიან ან მაქსიმუმ 75-გრადუსიან ტემპერატურაზე. ამ დროს პალმის ზეთი არ იშლება. ის არის ბუნებრივი კონსერვანტი. აუცილებელია მისი შემცველობა. ეს არის ყბადაღებული თემა ბოლო პერიოდში.“

თემურ მიქელაძის თქმით, ბავშვებს კილოგრამ წონასთან შეფარდებით ადრეულ ასაკში უფრო მეტი კალორაჟი სჭირდებათ.

„ნებისმიერ საკვებს როდესაც ვამზადებთ, მწვანილი გამდინარე წყალში მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში მაინც უნდა მოვათავსოთ. გამზადებულ კერძს ეს მწვანილი მოვაყაროთ. ბავშვთა კვებას ჩვენ ვთვლით კალორაჟის მიხედვით. ადრეულ ასაკში ბავშვებს კილოგრამებზე მეტი კალორაჟი სჭირდება, დაახლოებით 110 კალორია, შემდეგ 8-9 თვის ასაკში 90 კალორიაზე ჩამოდის ეს რიცხვი კილოგრამ წონაზე,“- აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად