Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზღვაზე ბავშვების დასვენება მიზანშეწონილია მაის-ივნისსა და სექტემბერ-ოქტომბერში,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია

„ზღვაზე ბავშვების დასვენება მიზანშეწონილია მაის-ივნისსა და სექტემბერ-ოქტომბერში,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ბავშვების დასვენებისთვის საუკეთესო კლიმატური კურორტების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩვილებისთვის დაბალი მთის კლიმატური კურორტებია კარგი:

„ჩვილებისთვის არის ძალიან კარგი დაბალი მთის კლიმატური კურორტები, მაგალითად, წყნეთი. ძალიან კარგია ბორჯომი, სურამი. რაც შეეხება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს, აქ ჩვილობის ასაკიდან როდესაც გადის ბავშვი, მთელი ბავშვობის პერიოდში შეიძლება დაისვენოს ბავშვმა. აქ შედის ბაკურიანი, ცემი, წაღვერი, აბასთუმანი. ბახმარო არის მაღალი მთის კლიმატური კურორტი, რომელიც მდებარეობს 2000 კილომეტრზე ზევით. ​ასეთი მაღალი მთის კლიმატური კურორტები ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ბახმაროს ეს არ ეხება. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეზავებულია მთის და ზღვის ჰავა. ის შავი ზღვიდან არის 25 კილომეტრზე დაშორებული, ამიტომ ეს არბილებს ბახმაროს კლიმატს. თითქმის ყველა ბავშვი ბახმაროს ძალიან კარგად იტანს. მათ ჯანმრთელობაზე ეს ძალიან დადებითად აისახება.“

ცოტნე ბესელიას თქმით, ზღვაზე დასვენების საუკეთესო პერიოდი ბავშვებისთვის მაის-ივნისი და სექტემბერ-ოქტომბერია:

„ზღვის კლიმატი არის რბილი. ჩვენთან ზღვაზე არის პერიოდები, როდესაც არის ძალიან მაღალი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა. ზღვაზე ბავშვების დასვენება მიზანშეწონილია მაის-ივნისსა და სექტემბერ-ოქტომბერში. ივლისსა და აგვისტოში ზღვაზე ბავშვების დასვენება მიზანშეწონილი არ არის. ამ პერიოდში, ივლისსა და ​აგვისტოში ზღვაზე დიდებიც ვერ ვისვენებთ ხოლმე კარგად ისე ცხელა.“

„როდესაც ზღვაზე ბევრი ბავშვი მოიყრის თავს, არის საშიშროება იმის, რომ ერთმანეთს გადასდონ ინფექციები. სხვათა შორის, ეს მთის კურორტებსაც ეხება. ქართველებს ასეთი რაღაც გვახასიათებს, ​ამოვიჩემებთ რაღაც ერთ კურორტს და დავდივართ იქ. ასე არ ვქნათ ხოლმე, გადავნაწილდეთ. ბაკურიანი გადის საშუალო მთის კლიმატურ კურორტში. ნახეთ, რამდენი სხვა კურორტია აქ. აქ არის ბაკურიანი, წაღვერი, ცემი, აბასთუმანი. ჯერ მთაში უნდა დაისვენოს ბავშვმა, მერე ზღვაზე. ეს არის ეფექტიანი. მთაში ჟანგბადის შემცველობა უფრო ნაკლებია. ამ დროს ორგანიზმი მიმართულია დაბალი შემცველობის ჟანგბადის პირობებში ჰაერიდან ჟანგბადის უკეთ შეთვისებისკენ. ამის შემდეგ ზღვაზე რომ ჩამოვდივართ, აქ ჟანგბადის შემცველობა გაცილებით მაღალია, მაგრამ რამდენად კარგად  არის მომზადებული ორგანიზმი მთის შემდეგ იმისთვის, რომ ჰაერიდან ჟანგბადი უკეთ შეითვისოს. ამიტომაც არის ეფექტიანი მთის შემდეგ ზღვაზე დასვენება,“ - აღნიშნულ საკითხზე ცოტნე ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

წაიკითხეთ სრულად