Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს საზღვრები თუ არ დაიცავი, ყველაფერი დაგანგრევს: სხვისი ცუდი ამბავიც და წუწუნიც,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ხშირად მოწუწუნე ადამიანების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წუწუნი გარკვეული როლია, რომელსაც ადამიანი ირგებს:

„ეს წუწუნი არის როლი. ​ჩვენ ხომ სოციალური როლები გვაქვს. ვთქვათ ბრძენის როლში ვარ და მინდა, რომ ყველამ მე მკითხოს ჭკუა, ვთქვათ დედა ტერეზასავით საყოველთაო დედა ვარ ან რაღაცის დირექტორი ვარ და ამიტომ, ყველას დირექტორი ვხდები. ეს როლი თეატრალური როლი კი არ არის, სოციალური როლია. ეს წუწუნი არის გაყინული გრიმასა სახეზე. ადამიანი რომ გხვდება და სულ მოწყენილი სახით რომ არის. ეს გაეყინა სახეზე და ამ როლიდან ვერ გამოდის. ტანჯულია, ბედი არ აქვს, მას არაფერი არ გამოსდის. ადამიანი საკუთარ თავს უკეთებს ამ სათაურებს.“

მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ნეგატიურად უყურებს, სიხარულს კარგავს:

„რომ იფიქრებ, რომ ხარ უბედური, არაფერი არ გამოგდის, ფული არ გაქვს, საჭმელი არ გაქვს, ამ შემთხვევაში სიხარული საიდან იქნება?! ​ბუნებრივია, სიხარულსაც კარგავს ადამიანი. ადამიანს სჭირდება, რომ სიტყვებს შორის დაიჭიროს, რომ ცოცხალია, რომ ჯანმრთელია, რომ ხელები და ფეხები აქვს, სახლი აქვს და კარი აქვს. აქედან რომ შეხედოს თავის ცხოვრებას, ნამდვილად სიხარული გაუჩნდება, მადლიერება მაინც, რომ თურმე არც ისე ცუდად არის საქმე.“

მარინა კაჭარავას თქმით, მთავარია, რომ ურთიერთობაში ადამიანებმა საზღვრები დაიცვან და ერთმანეთის სივრცეში არ შეიჭრან:

​წუწუნა ადამიანი ჩემს გარშემოც ბევრია. მე პირადად არ მაწუხებს, რომ ის წუწუნებს. მგონი, თვითონ წუხდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საზღვრები დავიცვათ. ეს საზღვრები თუ არ დაიცავი, ყველაფერი დაგანგრევს: სხვისი ცუდი ამბავიც და წუწუნიც. არც მე უნდა შევიჭრა სხვის საზღვრებში და არც სხვა უნდა შემოიჭრას ჩემს საზღვრებში. როგორც მე არ უნდა მოვიდე და არ უნდა დაგილაგოთ სახლი და ცხოვრება, ასევე მე არ უნდა მოგცეთ ამის საშუალება.“

„შეიძლება ზოგს კარგად აქვს წუწუნი დაცდილი. არის ეს მომენტიც: რომ ვწუწუნებ, მერე კარგად გამომდის საქმე. რამდენი ვთქვი, რომ კარგად არის, იმდენი ცუდად მოხდა." ესეც კოგნიტური შეცდომაა. ორ ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენას შორის ხიდი გავდე. ​როდესაც ადამიანი წუწუნებს, მას რაღაც აკლია და ამის კომპენსაციას ახდენს. ჩვენ არ მოგვეთხოვება ფსიქოთერაპევტობა ურთიერთობებში,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად