Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი კონდიციონერთან უნდა იყოს მაქსიმუმ ოთხი საათის განმავლობაში,“ - ინფექციონისტი მაია ქაჩლიშვილი

„ბავშვი კონდიციონერთან უნდა იყოს მაქსიმუმ ოთხი საათის განმავლობაში,“ - ინფექციონისტი მაია ქაჩლიშვილი

​​ინფექციონისტმა მაია ქაჩლიშვილმა ბავშვებთან კონდიციონერის გამოყენების წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კონდიციონერის გამოყენება ბავშვთან საჭიროა, თუ გარემო ტემპერატურა 35 გრადუსზე მაღალია, ბავშვი არ ჭამს და არ იძინებს:

„თუ გარემო ტემპერატურა არის 35 გრადუსზე მაღალი, ბავშვი არც ჭამს, არც იძინებს, აქედან გამომდინარე ზაფხულში კონდიციონერის არსებობა აუცილებელი ფაქტორია. მე ძალიან ხშირად მიხდება ბრძოლა და ახსნა-განმარტება პაციენტის მშობელთან, რომ კონდიციონერი უნდა ჩართოს. ჩვილი ბავშვები რომ იბადებიან, ახალშობილები, ისინიც იმყოფებიან იმ გარემოში.“

მაია ქაჩლიშვილის თქმით, როდესაც ბავშვს სძინავს, კონდიციონერის გამოყენება რეკომენდებული არ არის:

„გარემო ტემპერატურა როდესაც არის 35 გრადუსზე მეტი, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ კონდიციონერი. შიდა სივრცეში ტემპერატურა უნდა იყოს 22-დან 24 გრადუსამდე. ძილის პერიოდში ბავშვთა ასაკში კონდიციონერის გამოყენება არ არის რეკომენდებული. იმ გარემოში, სადაც კონდიციონერი დგას, ბავშვი უნდა იყოს სამი მეტრის დაშორებით. კონდიციონერის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას უნდა ჰქონდეს ჰაერის და ტემპერატურის მარეგულირებელი. რაც უფრო მაღალი ხარისხის არის კონდიციონერი, მით მეტად უსაფრთხოა.“

„გამოშრობის საპროფილაქტიკოდ უნდა ვსვათ ბევრი წყალი კონდიციონერის ქვეშ. ​ბავშვი კონდიციონერთან უნდა იყოს მაქსიმუმ ოთხი საათის განმავლობაში. გარდა სარგებლისა, კონდიციონერს აქვს ძალიან მავნე გვერდითი მოვლენები. შიგნითა და გარეთა ტემპერატურას შორის სხვაობა უნდა იყოს ყველაზე ცოტა ოთხი გრადუსი. არ არის სასარგებლო ის, რომ ძალიან ციოდეს ოთახში და გარეთ მაღალი ტემპერატურა იყოს. ამ ტემპერატურის ცვლილებას ადამიანის ორგანიზმი ძალიან ცუდად იტანს. გადაციების ფაქტორი არის ძალიან ცუდი. სანამ სეზონი დაიწყება კონდიციონერი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. მას აქვს ფილტრები და რომ ნახოთ ეს ფიტლრები რა საშინელ რაღაცებს შეიცავს, ის ან გამდინარე წყლით უნდა გაირეცხოს, ან მტვერსასრუტის საშუალებით გაიწმინდოს. როდესაც კონდიციონერში გროვდება ჭუჭყი, იქ მრავლდება ბაქტერიები, პარაზიტები, სოკო,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ქაჩლიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად