Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნუ გიხარიათ, როდესაც თქვენი სამი წლის ბავშვი უცხო ენაზე საუბრობს,“ - ფსიქოლოგი ნინო ახალაია

„ნუ გიხარიათ, როდესაც თქვენი სამი წლის ბავშვი უცხო ენაზე საუბრობს,“ - ფსიქოლოგი ნინო ახალაია

ფსიქოლოგმა ნინო ახალაიამ ბავშვებში ადრეულ ასაკში უცხო ენის სწავლის შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს ურჩია, რომ სიხარულით არ შეხვდნენ სამი წლის ბავშვის მიერ უცხო ენის ათვისების ფაქტს:

​ნუ გიხარიათ, როდესაც თქვენი სამი წლის ბავშვი უცხო ენაზე საუბრობს. ეს გულისხმობს იმას, რომ ბავშვი დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან ან უცხოენოვანი ვიდეოების ყურებაში. ეს აღემატება რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების ხარისხს. ბავშვთა ადრეული განვითარების პრობლემები როდესაც იქმნება, სპეციალისტისთვის ეს ერთ-ერთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია.“

ნინო ახალაიას თქმით, როდესაც ბავშვი ნაადრევად სწავლობს უცხო ენას, სპეციალისტები მშობლებს მკაცრ რეკომენდაციებს აძლევენ:

„როდესაც მშობელი სხვა პრობლემით მოდის და არა ამ პრობლემით, საუბრის პროცესში აღმოჩნდება, რომ მისი შვილი იმდენად ჭკვიანია, ​როდესაც ოჯახში უცხო ენაზე არავინ საუბრობს, თვითონ საუბრობს გამართულად. ეს ის სიხარულია, რომელსაც მალე უნეიტრალებს სპეციალისტი მშობელს და პირიქით, ამას მკაცრი რეკომენდაციები ახლავს თან. მშობლიურ ენაზე მეტყველების პრობლემები იქმნება. ამასთან იქმნება ურთიერთობების პრობლემები. ონლაინში ყოფნა ნიშნავს პასიურ დამკვირვებლად ყოფნას, რაც, რა თქმა უნდა, განვითარებას არ აძლევს ბავშვს და თუკი რამ განვითარდა ამ წუთამდე, იმასაც კი ამუხრუჭებს.“

„თუ ადრეული ასაკის ბავშვზე ვსაუბრობთ, გვაქვს სხვა სურათი. ​წიგნებიდან სწავლა მშობლის დახმარებით ხდება. თუ ეს ასეა, მაშინ რა პრობლემაა?! თუკი ადრეულ ასაკში რაიმეს სწავლა ხდება ურთიერთობის პროცესში, ამით არამხოლოდ ერთი რომელიმე ფუნქცია ვითარდება, არამედ ვითარდება ორგანიზმის მთლიანი ფუნქცია. ადრეულ ასაკში ალტერნატივა არ აქვს ბავშვთან თამაშს და თამაშით სწავლას,“ - აღნიშნა ნინო ახალაიამ

წყარო:​ BMG

წაიკითხეთ სრულად