Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთ პრინციპზე ვთანხმდებით, რომ შფოთვა არაფერს არ შველის და ყოველთვის ყველაფერს მშვიდად უნდა შევხვდეთ,“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„ერთ პრინციპზე ვთანხმდებით, რომ შფოთვა არაფერს არ შველის და ყოველთვის ყველაფერს მშვიდად უნდა შევხვდეთ,“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომიკრონი წინა შტამებთან შედარებით მაღალი ლეტალობით ან მძიმე კლინიკური მიმდინარეობით არ ხასიათდება:

„ომიკრონთან დაკავშირებით ვირუსოლოგებსა და კლინიცისტებს შორის შფოთვის ხარისხი განსხვავებულია. თავდაპირველად სერიოზული შფოთვა ვირუსოლოგებმა დაიწყეს იმ მხრივ, რომ ამ შტამს მეტი ცვლილება აქვს გენეტიკურ თანმიმდევრობაში, ვიდრე წინამორბედებს. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ეს ვირუსის სერიოზული ცვლილება. ​კლინიცსტებისგან შედარებით დამამშვიდებელი ინფორმაცია ვრცელდება იმ მხრივ, რომ კლინიკური მიმდინარეობა არ აქვს უფრო მძიმე და ლეტალობა არ აქვს უფრო მაღალი.“

მაია ბუწაშვილის თქმით, ომიკრონის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დაბალია:

„პირიქით, გაჩნდა ვერსია, რომ ვინაიდან ომიკრონი ეფექტიანად ვრცელდება და ძალიან ბევრ ადამიანს მსუბუქად და უსიმპტომოდ აქვს, დიდ ნაწილს მოიცავს მოსახლეობის, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის დაბალი.“

„ჩვენ ერთ პრინციპზე ვთანხმდებით, რომ შფოთვა არაფერს არ შველის და ყოველთვის ყველაფერს მშვიდად უნდა შევხვდეთ. დაველოდოთ, მოვლენებს და ვიმოქმედოთ შესაბამისად,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად