Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ყვირილისგან თავს ვერ ვიკავებთ? - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ყვირილისგან თავს ვერ ვიკავებთ? - ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი

ნეიროფსიქოლოგმა ნინო მარგველაშვილმა მშობლებს გაღიზიანების დროს თავის დამშვიდების წესების შესახებ საინტერესო რჩევები მისცა:

„შეიძლება ვერ დავიჭირო თავი და უცბად დავიწყო ყვირილი. ამ მომენტში თუ დავაფიქსირე, რომ მე უკვე ვყვირი, პაუზის გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება მუხლებში ჩავჯდე და ვიგრძნო მიწა, ან უბრალოდ ხელი დავიდოთ გულზე, რაც ასევე ამშვიდებს ჩვენს ნერვულ სისტემას. გული ისე არის აჩქარებული იმ მომენტში, როდესაც ბავშვი არ მეცადინეობს, გრძნობ, რომ გიდუღს ყველაფერი.“

ნინო მარგველაშვილის თქმით, ადამიანმა ემოციას თავი არ უნდა აარიდოს:

​პირველი არის, რომ უფლება მივცე საკუთარ თავს, რომ ამ ემოციამ გაიაროს ჩემში. ვთქვათ, მეგობართან დავნიშნეთ შეხვედრა და დააგვიანა ნახევარი საათით. თუ ჩემი საჭიროება არის ვიგრძნო, რომ მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ, ნახევარი საათი რომ დააგვიანა, ეს ჩემთვის იქნება ძალიან მტკივნეული. თუ ჩვენ საქმეზე ვხვდებით და რაღაც უნდა დავგეგმოთ, მე ვიქნები ფრუსტრირებული. თუ ჩემი საჭიროებაა, რომ რაღაც უნდა მოვასწრო პარალელურად, ბავშვს რაღაც მივწერო, მაშინ მადლობელიც კი დავრჩები, რომ დააგვიანა. ის ადამიანი არ არის ჩემი გაღიზიანების გამომწვევი.“

„ბრაზი არის, რომ ჩემი მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება. მე ეს მეორე ადამიანს ისე უნდა ვუთხრა, რომ უფრო მეტი იყოს ალბათობა იმის, რომ მან ჩემი საჭიროება დააკმაყოფილოს. გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი სრულად, გულწრფელად. ვთქვათ: „შენ რომ კარი მოაჯახუნე, ამ დროს ვიგრძენი შოკი, იმიტომ, რომ არ ველოდებოდი, მეწყინა. მჭირდებოდა მეგრძნო, რომ ჩემი აზრი გაინტერესებს. კარი რომ გააჯახუნე, ვიფიქრე, რომ პატივს არ მცემ და ამიტომ დავიწყე ჩხუბი.“ ასე ვკავშირდებით, ნაცვლად იმისა, რომ დავშორდეთ ერთმანეთს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად