Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მავნე ჩვევა შეგვიძლია დავარქვათ, როდესაც ბავშვი სასიცოცხლო დროის დიდ ნაწილს დღის გამავლობაში უთმობს კომპიუტერს,“- ნათია ფანჯიკიძე

„მავნე ჩვევა შეგვიძლია დავარქვათ, როდესაც ბავშვი სასიცოცხლო დროის დიდ ნაწილს დღის გამავლობაში უთმობს კომპიუტერს,“- ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვების ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ბავშვს კომპიუტერთან ურთიერთობას ვერ აუკრძალავ:

„სიტყვას „მავნე ჩვევა“ მე საერთოდ არ ვიყენებ. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნის ბავშვს ავუკრძალოთ ტექნოლოგიასთან ურთიერთობა?! ბავშვს არ უნდა ავუკრძალოთ! ჩვენთვის რომ სარეცხ მანქანასთან ურთიერთობა აეკრძალა ვინმეს და ბებიაჩემს რომ ეთქვა გაკრახმალებული თეთრეული სჯობსო, იგივეა. ვერაფრით ვერ ავუკრძალავთ ბავშვს. ჯერ ერთი უამრავ ინფორმაციას იძიებს. დღეისთვის მას შეიძლება არ ჰქონდეს მოთმინება, რომ ენციკლოპედია გადმოიღოს და მისთვის საინტერესო რამე ტომეულებში ეძებოს.“

„მავნე ჩვევა შეგვიძლია დავარქვათ, როდესაც ბავშვი სასიცოცხლო დროის დიდ ნაწილს დღის გამავლობაში უთმობს კომპიუტერს. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობა. ყოველი ვირტუალური რეალობა არის გაქცევა, ისევე როგორც გაქცევა ნარკოტიკით, ალკოჰოლით. საინტერესოა, რა ხდება ამ ოჯახში: ხომ არ არის ღრიანცელი? ხომ არ არის ჩხუბი? ხომ არ არის ზედმეტი ზეწოლა ბავშვზე, რომლისგანაც მას სჭირდება გაქცევა. ეს ერთგვარი აუტისტური პოზიციაა. შესაძლებელია, ბავშვი დაყრუვდეს ყველაფრისთვის და წავიდეს იქ, სადაც მისთვის უფრო დაცული სივრცეა. ის გრძნობს ერთგვარ ფსევდოთავისუფლებას ამ დანადგართან ურთიერთობისას,“- აღნიშნულ საკითხზე ნათია ფანჯიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დილა პირველზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა პირველზე“

წაიკითხეთ სრულად