Baby Bag

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს,“- მარინა კაჭარავას რეკომენდაცია

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ საკუთარ თავზე ზრუნვისა და თვითეკოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ადამიანებს ურჩია, დღეში 1 საათი და კვირაში 1 დღე საკუთარ თავს დაუთმონ:

„დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე დაუთმე საკუთარ თავს. „საკუთარ თავს დაუთმე“ ნიშნავს, რომ დაისვენო, განიტვირთო, იფიქრო, ყავა დალიო, აკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ მარტო, შენთვის და შენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს აქვს თავისი სივრცე. კვირაში ერთი დღეც, რომ შეგიძლია წახვიდე, დაისვენო, ისეირნო, ივარჯიშო, იცურაო, ტყეში წახვიდე, აკეთო ის, რაც ყოველდღიურობაში გაკლია, შენს თავს სიამოვნება მიანიჭო. ბავშვებთან ერთადაც წახვალ, ხან დატოვებ ბავშვებს, ეს რაღაცნაირად მოგვარებადია.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითეკოლოგია, საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა. არა ისეთი, რომ „მე ვარ და მეტი არავინ,“ არამედ სწორი ზრუნვა. მე თუ მშვიდად ვარ, მე თუ კარგად ვარ, მე თუ კეთილად ვარ განწყობილი, უკეთესად ვარ. ძალიან დიდი წილი აქვს ბოღმას, შურს, ნეგატიურ აზროვნებას გადაწვისთვის. სულ რომ დაბოღმილი ხარ, გშურს ვიღაცის, უკმაყოფილო ხარ, წუწუნებ: „ეს რა ცხოვრებაა...“ კარგავ სიხარულს. სიხარულს თუ დაკარგავ, სიმშვიდეს თუ დაკარგავ, ან იმ ხელფასს რაში იყენებ, ან იმ ცხოვრებას რაში იყენებ და ან იმ სამსახურს?!“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ფაქიზი სული მძიმდება ყვირილში და ჩხუბში, ვერ ეგუება ხმამაღალ ყვირილს,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ბავშვის ფაქიზი სული მძიმდება ყვირილში და ჩხუბში, ვერ ეგუება ხმამაღალ ყვირილს,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ბავშვებზე მშობლების ყვირილისა და ხმამაღალი საუბრის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ჩვენ ზოგჯერ ადამიანებს ძალიან მკაცრად ვექცევით. ადამიანის ცხოვრება მთლიანად უნდა განსაზღვრო, დაბადებიდან იმ წუთამდე. რამ განაპირობა მისი ცუდი საქციელი? რატომ არის ასე? თქვენ არ იცით, ვიღაცა რომ ცუდად იქცევა, ის სახლში რამხელა ტკივილს გადის. პატარა ბავშვი, ფაქიზი სულის ბავშვი, რომელსაც ძალიან წმინდა და სუფთა სული აქვს, როგორ უყურებს სახლში მშობლების ჩხუბს, კივილს, წივილს. ბავშვს, რომელსაც წმინდა და ფაქიზი სული აქვს, ეს სული უმძიმდება ყვირილში და ჩხუბში. ნელ-ნელა ნადგურდება ამ ბავშვის სული.

ბავშვი ვერ ეგუება ხმამაღალ ყვირილს, ჩხუბს. ბავშვი რაღაცას ეუბნება მშობელს წმინდად, ის მშობელი უყვირის. არ შეუძლია, რომ ბავშვს თბილად დაელაპარაკოს. მას სამსახურში უამრავი პრობლემა აქვს, დაძაბულია. მთელი ეს ზეწოლა ამ ბავშვზე გადააქვს. ღმერთმა იცის, ის როგორ გაიზარდა. ვიღაც ოჯახში ძალიან დიდ სითბოში იზრდება, ეფერებიან, ეხუტებიან. არიან მშობლები, რომლებიც შვილს უსმენენ, ზევიდან კი არ უყურებენ, როგორც პიროვნებას ისე უყურებენ. ის სხვანაირად გაზრდილია. ამიტომაც არის, რომ ადამიანის ასე განკითხვა არ შეიძლება. უნდა გაითვალისწინოთ მის უკან რამდენი რამე დგას, რა ცხოვრება დგას მის უკან, რა სტრესი გადაირა,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად