Baby Bag

„საზღვრებს ვერავინ ვერ იცავს... არღვევენ საზღვრებს შვილების, რძლების, სიძეების მიმართ,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მშობლების მხრიდან შვილებისადმი გამოვლენილი ჰიპერმზრუნველობის მავნე შედეგებზე ისაუბრა:

„კომფორტის ზონიდან გამოსვლა არავის არ გვიყვარს. თუ მე კომფორტს შემიქმნი, რატომ არ გამოვიყენებ ამ კომფორტს იმისთვის, რომ დიახ, გამიკეთეთ ყველაფერი, მაჭამეთ, დამახვედრეთ, მომიტანეთ. კომფორტის ზონა არის საფრთხის შემცველი. რომ გაისარჯო და რაღაც გააკეთო, ამ კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. სიზარმაცე არ არის დამახასიათებელი ბავშვისთვის. ამას ჩვენ ვასწავლით და ვაჩვევთ. თუ მუდმივად წამოწოლილი მამაა, თან მოჯუჯღუნე, არაფერი რომ არ მოსწონს, ბებია ჰყავს წასული საზღვარგარეთ და აგზავნის ფულს. საჭმელი აქვთ, სასმელი აქვთ, არავის არ სჭირდება მუშაობა. წუწუნებენ ადამიანები, უნდათ მენეჯერად და დირექტორად მუშაობა. ამას არ სთავაზობს სამყარო და არის გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე.

ბავშვს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ მან თვითონ გააკეთოს, თვითონ ჭამოს, თვითონ ისწავლოს დალაგება, თვითონ ისწავლოს წაკითხვა და გაგება. მეშვიდე კლასელ შვილთან რომ დაჯდები, აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ შეუძლია ამოცანა წაიკითხოს, მათემატიკა უჭირს. განა აზროვნების პრობლემა აქვს, წაკითხვა არ იცის, იმიტომ, რომ სულ სხვა უკითხავს. თუ სხვამ არ წაუკითხა, მერე აღარ ესმის.

თუ ეკონომიკური მდგომარეობით არ არის განპირობებული და იძულებითი არ არის, მშობლებთან ცხოვრებას ირჩევენ ისევ კომფორტის ზონიდან გამომდინარე. შვილი დედამ და მამამ უნდა გაზარდოს. ბებიასა და ბაბუაზე ძვირფასი არაფერია, მაგრამ შვილი მშობლებმა უნდა გაზარდონ. არის საზღვრების პრობლემა. საზღვრებს ვერავინ ვერ იცავს. არღვევენ საზღვრებს შვილების, რძლების, სიძეების მიმართ. შვილთან ხომ მიჩვეულია მშობელი, რომ მის მაგივრად ცხოვრობს, შესაბამისად იჭრება უხეშად წყვილის საუბარში, მათ გადაწყვეტილებაში. თუ ფინანსურად არჩენს, თვლის, რომ მოვალეა, ასწავლოს. „ფულს გაძლევ და დამიჯერე“- ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ადამიანის ჭიპლარი არასდროს არ გადაიჭრება. დიახ, უნდა გაუშვა შვილი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ მეგობრები გადაწყვეტენ ახალშობილისთვის „ბოდეების“ ნაცვლად ამ საჩუქრის გაკეთებას, მომავალში ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული,“- გიორგი გასვიანი

„თუ  მეგობრები გადაწყვეტენ ახალშობილისთვის „ბოდეების“ ნაცვლად ამ საჩუქრის გაკეთებას, მომავალში ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული,“- გიორგი გასვიანი

მსახიობმა და ​ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შვილის დაბადების შემდეგ მეგობრების მიერ გაკეთებულ არაჩვეულებრივ საჩუქარზე წერს:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დიდ სამეგობროს და განსაკუთრებით Magda Bersenadze ინიციატივისთვის, რომლებმაც მოიფიქრეს საოცარი საჩუქარი გალასთვის მისი დაბდებისას! ეს არის ჭიპლარის სისხლის და ღეროვანი უჯრედების გაყინვა და სპეციალურ საცავში შენახვა! მოგეხსენებათ ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა უკვე რამდენიმე წელია! ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, გამოჯანმრთელოს სხვადასხვა ვერაგი დაავადებისგან! ეს დიდი დაზღვევაა ბავშვებისთვის! პირველი წელი მისი შენახვა 800 ევრო ღირს, შემდეგ უკვე წელიწადში 100 ევრო!

წარმოიდგინეთ როგორი რთულია საქართველოში ბევრი ოჯახისთვის, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ეს ხარჯი დაფაროს პირველ წელს, ბავშვის დაბადებისას ხომ ისედაც უამრავი რამ სჭირდება ოჯახს! ამიტომ თუკი მეგობრები გადაწყვეტენ ახალშობილისთვის მაგალითად „ბოდეების“ ნაცვლად ამ საჩუქრის გაკეთებას, რომელიც უფრო ღირებულია - მომავალში ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული.. მინდა სხვებსაც გადაედოთ ეს პრაქტიკა და გაუკეთოთ ახალშობილის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი, "ღეროვანი უჯრედების შენახვა,“ - წერს გიორგი გასვიანი. 

წაიკითხეთ სრულად