Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ადამიანს შენი შურს, უნდა ეცადო, რომ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ შურიან ადამიანებთან ურთიერთობისა და მათ მიმართ სწორი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მიმართ არსებულმა შურმა და ბოღმიანმა განწყობამ არ დაგვანგრიოს:

„როდესაც შენი შურს ადამიანს, უნდა ეცადო, რომ შენ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს. ეს არის ყველაზე მთავარი. როდესაც შურით არის ადამიანი შეპყრობილი და გექიშპება, შურის ბიძაშვილი არის ბოღმა. როდესაც ადამიანებს შურთ, მერე პარალელურად დაბოღმილები არიან ხოლმე. მათ სიყვარული უქრებათ იმ ადამიანისა, ვისიც შურთ. პირიქით, ბოროტება უდევთ გულში იმ ადამიანის მიმართ. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ მისმა შურმა და ბოღმამ თქვენ არ გაგანადგუროთ და თქვენ არ დაგანგრიოთ.

თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ამ ყველაფერს ზემოდან მოექცეთ და მიუხედავად მისი შურისა, ბოღმისა და იმ ქიშპობისა, რომელსაც თქვენ მიმართ ავლენს, თქვენ მისდამი მაინც სიყვარული შეინარჩუნოთ. ეს არ არის იოლი. მე კარგად ვიცი, რომ არ არის იოლი, რასაც გირჩევთ, მაგრამ იცოდეთ, რომ შესაძლებელია. ქრისტემ სწორედ ამისკენ მოგვიწოდა და ამის მაგალითი მოგვცა ჩვენ თავად თავისი ცხოვრებით. ამიტომ, ეცადეთ, რომ დიდსულოვნება, სიყვარული, სითბო დაანახვოთ ასეთ ადამიანს. ჩვენ ქრისტიანები ვართ და აუცილებლად ვილოცოთ ასეთი ადამიანისთვის,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად