Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

შვილის საშინაო დავალებისადმი მშობლის დამოკიდებულება საგნის მიმართ ბავშვის დამოკიდებულებაზე უდიდეს გავლენას ახდენს

შვილის საშინაო დავალებისადმი მშობლის დამოკიდებულება საგნის მიმართ ბავშვის დამოკიდებულებაზე უდიდეს გავლენას ახდენს

ბავშვის საშინაო დავალების მიმართ მშობლის დამოკიდებულება და მისი რეაქციები ბავშვის დამოკიდებულებაზეც უდიდეს გავლენას ახდენს. მშობლებისა და ბავშვების დიდი ნაწილისთვის მათემატიკა რთულ საგნად ითვლება. როდესაც მშობელი ბავშვის თანდასწრებით გამოხატავს, რომ მას მათემატიკა არ მოსწონს ან ის რთულ საგნად მიაჩნია, ბავშვსაც მსგავსი დამოკიდებულება უყალიბდებდა.

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლის რეაქციები და დამოკიდებულებები ბავშვის საშინაო დავალების მიმართ ბავშვის სწავლის მოტივაციაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მათემატიკის დავალების შესრულება დროს და შრომას მოითხოვს. ზოგიერთ მშობელს მათემატიკაში შვილის დახმარება დაწყებით კლასებშიც უძნელდება, რის გამოც ხშირად საგნისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას ღიად ავლენს. ხშირ შემთხვევაში მათემატიკის მიმართ ბავშვიც მშობლის მსგავსად განეწყობა.

ბავშვი მათემატიკით რომ დაინტერესდეს, მას საგანი უნდა მოსწონდეს და ესმოდეს. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს მათემატიკა მშობლებზე მეტად მოსწონთ მანამ, სანამ მშობლები საგნისადმი საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ხმამაღლა საუბარს დაიწყებენ. ილინოისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ბავშვები, რომელთა მშობლები მათემატიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ღიად გამოხატავენ, საგანში დაბალ შეფასებებს იღებენ. მათემატიკა მეტად მოსწონთ იმ მშობლების შვილებს, რომლებიც საგნისადმი დადებით დამოკიდებულებას ავლენენ და შვილის დახმარების დროს თავს მშვიდად გრძნობენ.

უახლესმა კვლევებმა ხაზი გაუსვა ბავშვის სწავლის მოტივაციის გაზრდისთვის მშობლების ჩართულობის მნიშვნელობას. იმისთვის, რომ ახალ თაობაში მათემატიკისადმი ინტერესი გაიზარდოს, მშობლების მხრიდან საგნისადმი დადებითი დამოკიდებულების გამოვლენა და შვილის მოტივირება ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: ​Moms.com

წაიკითხეთ სრულად