Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო, ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია შვილების მეგობრები კარგად შეისწავლონ და მათ ოჯახებსაც დაუახლოვდნენ:

„ბავშვს შეიძლება კარგი მეგობარიც გაუჩნდეს და ცუდიც გაუჩნდეს. ბავშვები სხვადასხვა ოჯახებში, სხვადასხვა ზნეობით იზრდებიან. როდესაც აღზრდილი ნაკლებად აღზრდილს უკავშირდება, შეიძლება, ყოველთვის კარგი გავლენა არ მოხდეს. შევისწავლოთ ჩვენი 13 წლის ქალიშვილის მეგობრები. მათ მშობლებს დავუკავშირდეთ. დაბადების დღეზე ჩვენი წრე შევქმნათ მშობლებმა. დავპატიჟოთ ჩვენი შვილები და გავიცნოთ ისინი.​ მე თქვენს შვილს დავაკვირდები, თქვენ ჩემსას დააკვირდით, შევეშველოთ ერთმანეთს.“

შალვა ამონაშვილის თქმით, სხვისი შვილი არ არსებობს და ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია:

„სხვისი შვილი არ არსებობს, ეს დაიხსომეთ, ჩემო ძვირფასებო. შენ ეს ბავშვი მოგაბარეს, მაგრამ მეორე ბავშვი, რომელსაც სხვა დედა ჰყავს, სხვისი შვილი კი არ არის. თუ ის სწორად არ გაიზარდა, შეიძლება თქვენს შვილს რამე ავნოს, ან პირიქით. ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია. გაერთიანდით დედები და მამები. ეს კარგად იმოქმედებს თქვენი შვილების სამეგობრო წრეზე.“

„სწორია დედა, რომელიც შვილის მეგობრების გამო შფოთავს, მაგრამ ბავშვს კი არ უნდა ეჩხუბოთ ამის გამო. შვილს არ აუკრძალოთ მეგობრობა. დააკვირდით, კარგი თვისებებით მოდის თუ ცუდი თვისებებით მათგან ბავშვი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად