Baby Bag

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ხედავს, რომ ბავშვს აქვს დიდი პოტენციალი, რომელსაც სათანადოდ არ იყენებს - ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი

ფსიქოლოგმა ბარბარე ჭკუასელმა ბავშვის ცხოვრებაში მშობლის ჩარევის შედეგებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„დღეს აღარ გვაქვს დავა იმაზე, რომ ბავშვზე ძალადობა წარმოუდგენელია და მის სურვილს პატივი უნდა ვცეთ. იმაზეც არ გვაქვს დავა, რომ მშობლები გადავიდნენ აღზრდის ჰუმანურ სტილზე, ბავშვების სურვილებს პატივი სცეს და ზოგჯერ გამოვიდა ისე, რომ შედეგიც ცუდი მივიღეთ და ზოგჯერ თერაპიაზე მშობლების დაცვა გვიწევს ხოლმე. საზღვრები იმდენად აირია, რომ ბავშვი ფიქრობს, ის არის წამყვანი ოჯახში და როგორც თვითონ უნდა, ისე ხდება ყველაფერი. არცერთ პოლუსზე ყოფნა არ არის მომგებიანი. აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ ბავშვის სურვილებს, მაგრამ უნდა ვიყოთ მისი მხარდამჭერი და მიმართულების მიმცემი.

მშობელმა მხარი უნდა დაუჭიროს ბავშვს და სწორი მიმართულება მისცეს. თქვენ ზრდასრულ ასაკში თქვენი პერსპექტივით როგორც ხედავთ ვითარებას, მაგალითისთვის, თქვენი 11 წლის შვილი ამ პერსპექტივით ვერ ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ძალიან კარგად გამოსდის კალათბურთი, სხვა ინტერესებიც აქვს ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიეძალეთ და მის ცხოვრებაში დარჩა გაკვეთილები და სპორტი, როგორ ფიქრობთ, არის იმის შანსი, რომ მას გაუჩნდეს პროტესტის განცდა კალათბურთთან დაკავშირებით, რომელიც მას ძალიან კარგად გამოსდის?!

მე მაქვს გამოცდილება სპორტსმენებთან მუშაობის. გარდა იმისა, რომ მათ იმ კონკრეტულ სპორტში ძალიან დიდი უნარ-ჩვევები სჭირდებათ, მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მყოლია სხვადასხვა სპორტის სახეობის სპორტმენი და ყოველთვის რაზეც ვმუშობ არის მათი გამბედაობა, თვითშეფასება, შეჯიბრის პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნება. ადამიანები, რომლებიც „გადარჩნენ“ ერთეულები არიან და იცით რამდენი ვერ „გადარჩა?“ თუ თქვენი შვილი წარმატებულია კალათბურთში და გინდათ, რომ მას მხარი დაუჭიროთ, აუცილებლად თანამშრომლობაა საჭირო არა იმ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც 11 საათზე არ სძინავს ღამით შეჯიბრის წინ, არამედ შეთანხმება გქონდეთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით,“- მოცემულ საკითხზე ბარბარე ჭკუასელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად