Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არასდროს აიძულოთ უფროსი ბავშვი პასუხისმგებლობა აიღოს უმცროსზე და მშობლის მოვალეობები შეითავსოს,“ - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

„არასდროს აიძულოთ უფროსი ბავშვი პასუხისმგებლობა აიღოს უმცროსზე და მშობლის მოვალეობები შეითავსოს,“ - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

​​პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მშობლებს ოჯახში მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ უფროსთან ქცევის წესებს აცნობს. პედიატრი მშობლებს ურჩევს დრო და ყურადღება ორივე შვილს თანაბრად გადაუნაწილონ:

ოჯახში უმცროსი ბავშვის გაჩენა გარკვეული ტიპის პრობლემებს ქმნის. უფროსი ბავშვი ეჭვიანობს, აგრესიულია, უმცროს დედმამიშვილს ახალი სათამაშოსგან ვერ განასხვავებს. მშობლები თავს დამნაშავედ გრძნობენ, დრო არასდროს ჰყოფნით. ზოგჯერ უფროს და უმცროს შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, ზოგჯერ კი - მცირე. ყველა ოჯახში განსხვავებული სახის პრობლემები გვხვდება. მიუხედავად ამისა, არსებობს უნივერსალური რჩევები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ეფექტიანია.

  • როდესაც ოჯახში რამდენიმე ბავშვია მშობლებს მათთვის მეტი დროის გამოყოფა ესაჭიროებათ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებისთვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად შეამციროთ. გამოიყენეთ თანამედროვე ტექნიკის მიღწევები: ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მზა საკვები და ა.შ.
  • ორგანიზაციული შეცდომები არ უნდა დაუშვათ. პატარასთან ერთად ძილი, მისი საათობით ხელში რწევა სათქვენო არ არის. ​ყურადღების დეფიციტი, რომელსაც უფროსი ბავშვები მშობლების მხრიდან განიცდიან უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ოჯახებში პრობლემები იწყება.
  • უფროს შვილს უმცროსზე ხშირად ესაუბრეთ. მას ყველაფერი კარგად აუხსენით. ბავშვს ხშირად წაუკითხეთ ზღაპრები და-ძმებზე, დედმამიშვილებზე.
  • არ შეიძლება პატარას საჩუქარი მოუტანოთ, უფროსისთვის კი სათამაშოს ყიდვა დაგავიწყდეთ. სჯობს სახლში ცარიელი ხელებით მოხვიდეთ, ვიდრე საჩუქარი მხოლოდ ერთ ბავშვს მოუტანოთ. ან ოჯახში ყველა ბავშვს უნდა უყიდოთ სათამაშო, ან არცერთს.
  • არ შეიძლება პატარას იავნანა უმღეროთ, უფროსს კი ძილის წინ ზღაპარი არ წაუკითხოთ. არ შეიძლება უმცროს ბავშვს ფოტოსესია მოუწყოთ, უფროსი კი უყურადღებოდ დატოვოთ.
  • უფროსი ბავშვის მცდელობა, რომ პატარას მოვლაში დაგეხმაროთ, აუცილებლად წაახალისეთ. ისეთი ვითარება თავადაც ხშირად შექმენით, როდესაც მისი დახმარება დაგჭირდებათ. უფროსი შვილი ამ დროს აუცილებლად შეაქეთ!
  • ​არასდროს აიძულოთ უფროსი ბავშვი პასუხისმგებლობა აიღოს უმცროსზე და მშობლის მოვალეობები შეითავსოს. რამდენიმე წუთითაც არ დატოვოთ ბავშვები მარტო, თუ უფროსს ჯერ 12 წელი არ შესრულებია. მაშინაც კი, როდესაც უფროსი ბავშვი 15 წლისაა, უმცროსთან მხოლოდ თავისი ინიციატივით უნდა დარჩეს და არა მშობლის მოთხოვნით ან თხოვნით.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად