Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში ბავშვმა არ უნდა ისაუზმოს მარტო, არ უნდა ისადილოს მარტო, ეს უნდა იყოს ოჯახური ტრადიცია,“ - ლაშა უჩავა

„არავითარ შემთხვევაში ბავშვმა არ უნდა ისაუზმოს მარტო, არ უნდა ისადილოს მარტო, ეს უნდა იყოს ოჯახური ტრადიცია,“ - ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებს დაბადებისას არცერთი საკვები არ უყვართ და მათი გემოვნების ჩამოყალიბებაში მიწოდების ფორმა უდიდეს როლს ასრულებს:

„როდესაც იბადება ბავშვი, მას არაფერი არ უყვარს. მიწოდების ფორმას აქვს მნიშვნელობა. ბევრი ფერადი უნდა იყოს. მარკეტოლოგები რატომ ცდილობენ, რომ ტკბილი პროდუქტები ლამაზად შეფუთონ? იმისთვის, რომ ბავშვებს მოთხოვნილება გაუჩნდეთ. ​როდესაც ძირითადად ერთფეროვან საკვებზეა ბავშვი, ეს არ არის მიზანშეწონილი. ორგანიზმში უნდა შევიდეს ყველა ნივთიერება: ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბავშვთა ასაკში. ამ პერიოდში ყალიბდება, იზრდება ორგანიზმი.“

ლაშა უჩავამ მშობლებს თბილი, წამახალისებელი მიდგომების არაეფექტიანობის შემთხვევაში, შედარებით მკაცრი მეთოდების გამოყენების რეკომენდაცია მისცა:

„თუ საჩუქრებით, თბილი მიდგომით არ ხდება ბავშვის დამორჩილება, სამწუხაროდ, მშობლებს ვურჩევთ რადიკალურ გადაწყვეტილებას. ამაში ფსიქოთერაპევტებიც ჩვენ გვემხრობიან. ეს რადიკალური რჩევა არის ის, რომ ​არავითარ შემთხვევაში კვებებს შორის მათ არ უნდა მისცეთ სასუსნავები. მაშინ, როდესაც ბავშვს უჩნდება შიმშილის შეგრძნება, აუცილებლად მიირთმევს იმ საკვებს, რომელსაც ჩვენ მივაწვდით. თუ ხედავს ბავშვი, რომ უბრალოდ არ დავუდებთ სხვა საკვებს, ადგება სუფრიდან, მოითხოვს სასუსნავს. თუ მას არ მივცემთ ამ დამატებით კვებას, ის აუცილებლად მობრუნდება სუფრასთან. დაძალება არ შეიძლება. დაძალების ბებიების და ბაბუების ინსტიტუტი არ უნდა იყოს.“

ლაშა უჩავას თქმით, ​როდესაც ბავშვი მხოლოდ ცალკეულ პროდ​უქტებს მიირთმევს და ჯანსაღ კვებაზე უარს ამბობს, ეს უფროსების მიერ დაშვებული შეცდომებით არის გამოწვეული:

„ეს არის სწორედ უფროსების ბიძგი. მაშინ, როდესაც ჩამოყალიბებული ვართ იმაზე, რომ ოჯახში უნდა გაჩნდეს პატარა, ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, თუ რა მზრუნველობა უნდა გამოვიჩინოთ მის მიმართ. უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული ის, რომ უნდა გავზარდოთ ჯანმრთელი თაობა. ​მაშინ, როდესაც უჭირს ბავშვს გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმა, არავითარ შემთხვევაში არ გაუჭირდება, თუ მას არ შევთავაზებთ, არ გავასინჯებთ ამ პროდუქტს. არ უნდა იყოს სახლში ეს სხვა პროდუქტები.“

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ტრადიციებს და ჩვევებს. არავითარ შემთხვევაში ბავშვმა არ უნდა ისაუზმოს მარტო, არ უნდა ისადილოს მარტო, არ უნდა ივახშმოს მარტო. ეს უნდა იყოს ოჯახური ტრადიცია. მშობლებმაც, ბებიებმაც, ბაბუებმაც უნდა გამოყონ დრო იმისთვის, რომ ​საუზმე​ზე, სადილსა და ვახშამზე ბავშვებს დაუთმონ დრო. სუფრაზე იყოს მხოლოდ ის პროდუქტები, რასაც ბავშვები მიირთმევენ. მისცენ მაგალითი, რომ ეს არის ჯანსაღი და ეს უნდა მივირთვათ. ჩვენ თუ დავიდებთ ჩვენთვის მწვადს და ბავშვს დავუდებთ მაწონს, უკაცრავად და მეც ვერ გავძლებ ამ სუფრასთან,“ - აღნიშულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“

წაიკითხეთ სრულად