Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველაზე მთავარი სათამაშო და განვითარება ბავშვისთვის არის მშობლებთან ურთიერთობა და ღია სივრცე,“ - ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტშივილმა უფროსებისა და ბავშვების ყოველდღიურ ქცევას შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ზრდასრულების ქმედებები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, ბავშვი კი ბუნებით ლაღია:

„ჩვენი ქმედებები ძალიან შეზღუდულია კლიშეებით, სტერეოტიპებით, კანონებით, რომელიც ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ. ​ძალიან მკაცრ ჩარჩოებში ვარსებობთ. ამას ვერ ვატყობთ, მაგრამ ეს ესეა. ბავშვი ამ ჩარჩოებისგან აბსოლუტურად თავისუფალია. მისი ქმედებები არის აბსოლუტურად ლაღი, ისევე როგორც უნდა ხდებოდეს ღია სისტემაში, ღია ბუნებაში. ჩვენ ნიღაბს ვატარებთ, დისკომფორტია, მაგრამ ვატარებთ თავდაცვის მიზნით. ზუსტად იმავეს ვეუბნებით ბავშვს, რომ არ შეიძლება იქ მისვლა, არ შეიძლება სტუმრად წასვლა, არ შეიძლება სათამაშოდ, არ შეიძლება ბაღში წასვლა. „არ შეიძლება“ არის მკაცრი აკრძალვა განმარტების გარეშე.“

ბაკურ კოტეტიშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვები უმეტესად ყურადღების მიქცევის მიზნით ჭირვეულობენ:

„ბავშვი თავდაცვითი მდგომარეობიდან გამომდინარე იწყებს სხვადასხვა ფორმით ყურადღების მიპყრობას. ამ ყურადღების მიპყრობა ჩვენ უკვე აღარ გვსიამოვნებს. როგორც კი ის გააკეთებს ისეთ ქმედებას, რომელიც ჩემი წინა ნათქვამის საწინააღმდეგოა, მე იმაზე შენიშვნას ვეუბნები. ​ეს შენიშვნა მას აწყ​ობს, იმიტომ, რომ ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ვბრაზდებით: „ორჯერ გითხარი, სამჯერ გითხარი, ათჯერ გითხარი, მაინც იმავეს აკეთებ.“ შენიშვნა ამ შემთხვევაში არის სწორედ ყურადღება.“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ღია სივრცეში ხშირად იყოს:

„ღია სისტემა, სივრცე ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან გავრცელებულია აზრი: „გარეთ გაიყვანე, ჰაერზე.“ ეს მორიგი ტყუილია. ჰაერი თავისი აზოტისა და ჟანგბადის შემადგენლობით არაფერ შუაშია. ​გარეთ გასვლა სასიამოვნოა სივრცის აღქმის გამო. როდესაც ვიკეტებით სახლში, რა თქმა უნდა, ეს სივრცე შეზღუდულია. რა თქმა უნდა, ბავშვმა თითოეული ასაძრომი, თითოეული კუთხე-კუნჭული ზეპირად იცის. მისთვის სიახლე არაფერია. მით უმეტეს, როდესაც აძვრება, ეუბნებიან: „არ აძვრე,“ როდესაც შეძვრება: „არ შეძვრე,“ როდესაც დადებს, „არ დადო,“ როდესაც აიღებს „არ აიღო.“ მაშინ რა გააკეთოს ბავშვმა?!“

„თანამედროვე ტექნოლოგიებიდან ძალიან ხელსაყრელი გამოდგა ბავშვებისთვის გაჯეტების სისტემა, იმიტომ, რომ ეს არის კონტაქტი გარესამყაროსთან. თვითონ როგორც უნდა ისე მართავს ყველაფერს. ახლა აღმოჩნდა, რომ საზოგადოების მტერია გაჯეტი. ბევრი რამ დაბრალდა მას. არცერთ ბავშვს არ უყიდია გაჯეტი, ჩვენ ვუყიდეთ, ჩვენ მოვიტანეთ სახლში, ჩვენ მივეცით მაგალითი. ​ჩვენ რომ გავთავისუფლებულიყავით იმ წუთას ბავშვისგან, ამას მაგიტომ ვაძლევთ. ნებისმიერი სათამაშოს პრინციპი რა არის? სათამაშო შექმნა მოზრდილმა, რომ მისცეს ბავშვს და ბავშვი დაკავდეს. შემდეგ როგორ გავაფორმეთ?! ვთქვით: „სათამაშო საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის.“ ყველაზე მთავარი სათამაშო და განვითარება ბავშვისთვის არის მშობლებთან ურთიერთობა და ღია სივრცე,“- აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად