Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზედმეტი შექებისთვისაც ბოდიში მოვიხადოთ. უსაფუძვლო ქება-დიდებას არაფერი კარგი არ მოაქვს,“ - პაატა ამონაშვილი

„ზედმეტი შექებისთვისაც ბოდიში მოვიხადოთ. უსაფუძვლო ქება-დიდებას არაფერი კარგი არ მოაქვს,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის თვითშეფასების ამაღლებისთვის მშობლის მხრიდან შვილთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„კარგი იქნება, დავფიქრდეთ, ​როგორ მიგვყავდა საუბარი ბავშვთან წლების განმავლობაში. მომწამლავი შეფასებები, კრიტიკა ბავშვის მიმართ ადრეული ასაკიდან შემდეგ თვითშეფასებაში გადადის. თვითშეფასების ცნებას უფრო გავაღრმავებდი. საკუთარი თავის რწმენაზე ხომ არ სჯობს ხანდახან ვილაპარაკოთ. რაც უფრო მეტია ბავშვში საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა, მით უფრო მეტ წარმატებებსაც მიაღწევს. ეს ძალიან ადრეულ ასაკში ყალიბდება ხოლმე.“

პაატა ამონაშვილის თქმით, ნეგატიური შეფასებები დაბლა სწევს ბავშვის თვითშეფასებას:

„ჩვენი შეფასებები: „რითი ფიქრობ? რა ვერ გააკეთე?“ დაბლა სწევს თვითშეფასებას უკვე მომავალში. თუ ეს მოხდა და ვგრძნობთ, რომ ჩვენი ბრალია, ​მე მოვიხდიდი ბოდიშს ბავშვის წინაშე. მოვუყვებოდი ბავშვს: როგორ კრიტიკულად გაფასებდი, როგორ ვერ ვხედავდი შენს შესაძლებლობებს, ნაკლები რწმენა მქონდა შენი, ახლა შემეცვალა ეს პოზიცია, ახლა სულ სხვანაირად ვხედავ, ახლა მჯერა შენი. ამ საუბარს ჩავატარებდი დასაწყისისთვის მაინც.“

„გავაკონტროლებდი ჩემს თავს, რომ ნაკლებად შემეფასებინა ბავშვი კრიტიკულად, უფრო მეტად წავახალისებდი. თუ ბევრი იყო კრიტიკა ბავშვის მიმართ ბავშვობაში, ამისთვის ვთხოვდი პატიებას. ზედმეტი შექებისთვისაც ბოდიში მოვიხადოთ. უსაფუძვლო ქება-დიდებას აზრი არ აქვს და არაფერი კარგი არ მოაქვს. ჰუმანური პედაგოგიკის ცნებაა: რწმენა ბავშვის შესაძლებლობებში. თუ ეს რწმენა გვაქვს, საფუძვლიანადაც გამოვხატავთ ამ რწმენას. გვექნებოდა განხილვა, რა არ გამოსდის ბავშვს. ვისაუბრებდით, როგორ გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ, რომ მჯერა შენი შესაძლებლობების. ბავშვის შესაძლებლობების რწმენა ჯერ მშობელში ჩნდება ხოლმე,​ შემდეგ გამოხატულია ურთიერთობებში და მერე შესაბამისად არის ბავშვშიც. სჯობს რეალობის აღქმა გვქონდეს, მაგრამ გვქონდეს რწმენა ჩვენი შესაძლებლობების," - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია იმედის" გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად