Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს კლასიკა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ოჯახმა და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვები უწიგნურები არ დარჩნენ,“ - მზექალა შანიძე

„ეს კლასიკა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ოჯახმა და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვები უწიგნურები არ დარჩნენ,“ - მზექალა შანიძე

ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა, თუ როგორ უნდა შეაყვარონ ბავშვებს კითხვა:

„მე წიგნის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ​პატარაობიდანვე რომ ვხედავდი წიგნებს კითხულობდნენ, გავხდი წიგნის მკითხველი. საბავშვო ბაღში კითხვა ვიცოდი და იქ ვუკითხავდი სხვებს წიგნებს. ჩუმადაც ვკითხულობდი ხოლმე. მიშლიდნენ, მეუბნებოდნენ, ამდენი კითხვით თვალებს გაიფუჭებო. საბანქვეშ მქონდა წიგნი დამალული, სანამ დედაჩემი არ გადამაძრობდა საბანს, მანამდე ვკითხულობდი.“

მზექალა შანიძის თქმით, კომპიუტერი და ციფრული ტექნოლოგიები წიგნს ვერ ჩაანაცვლებს:

„ამბობენ, რომ დღეს წიგნი აღარ არის საჭირო, იგი შეცვალა კომპიუტერმა. კომპიუტერი და ციფრული ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია. უამისოდ თანამედროვე საზოგადოება წარმოუდგენელია. კომპიუტერს თავისი დანიშნულება აქვს და წიგნს თავისი. არსებობს კიდევ ეს პრობლემა: რას ვაწვდით ჩვენ ბავშვებს? პირველ რიგში, ოჯახმა უნდა შეაყვაროს ბავშვებს წიგნების კითხვა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ სკოლაში მიდის ბავშვი და ის ისწავლის. ბავშვმა ბავშვობიდანვე, პატარა ასაკიდანვე უნდა შეიყვაროს ნაბეჭდი სიტყვა.“

„12-13 წლის ბავშვებს ვურჩევდი ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ წაიკითხონ. ეს წიგნი კარგად ასახავს ბრბოს ფსიქოლოგიას. ბრბოს ფსიქოლოგია, რომელმაც კარგ ადამიანს ქვა ააღებინა ხელში და ასროლინა, ჩვენი დროისთვის ძალიან აქტუალური საკითხია. მე რომ წავიკითხე, მაშინვე გულზე მომხვდა ეს და ვიფიქრე, კარგია, რომ ჩვენმა ბავშვებმა ეს იცოდნენ-მეთქი. ის რაც აღიარებულია კლასიკად, ეს კლასიკა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ​ოჯახმა და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვები უწიგნურები არ დარჩნენ,“ - აღნიშნულ საკითხზე მზექალა შანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად