Baby Bag

რა ნიშნებით ამოვიცნოთ ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი ბავშვებში? - ფსიქიატრი ტატა ბაზღაძე

ფსიქიატრმა ტატა ბაზღაძემ ბავშვებში ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის ძირითადი ნიშნების შესახებ ისაუბრა:

„ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის ძირითადი ნიშნები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა. ყურადღების პრობლემები სკოლის ასაკის პერიოდში არის თვალშისაცემი. ბავშვი არის გაფანტული, დაბნეული, გაკვეთილზე არ უსმენს მასწავლებელს და თითქოს სადღაც დაფრინავს. ასეთი ბავშვები ხშირად კარგავენ ნივთებს, ავიწყდებათ წიგნების წაღება სკოლაში, ავიწყდებათ რა აქვთ დავალება, უჭირთ დავალების ბოლომდე დასრულება. მეორე ჯგუფს რაც შეეხება, ბავშვი ჭარბად აქტიურია, ვერ ისვენებს ერთ ადგილას, მუდმივად ლაპარაკობს გაკვეთილზე, სიტყვის წამოსროლა იცის გაკვეთილზე, როდესაც კითხვა ბოლომდე არ არის დასმული.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ეს დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. 3 წლამდე არის ჭარბი აქტივობა. ვხედავთ, რომ ბავშვმა რაც სიარული დაიწყო იმის მერე დარბის და არ დადის. ძალიან რთულია მისი ერთ ადგილას გაჩერება ისეთი აქტივობის დროსაც, როგორიც არის ჭამა. ორი წლის ბავშვს თავისუფლად შეუძლია 10 წუთი საკვებ სკამში იჯდეს ან მაგიდასთან და მშვიდად ჭამოს. ჰიპერაქტიური ბავშვები ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან, მშობლები კოვზით დასდევენ და აჭმევენ, ან ურთავენ ტელევიზორს, ხელში აძლევენ პლანშეტს, რომ ეკრანზე იყოს მიჯაჭვული და მშობელმა აჭამოს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. ჰიპერაქტიურ ბავშვებს სარისკო ქცევები აქვთ, სულ მუდმივად სჭირდებათ ყურადღება.

4-5 წლის ბავშვებს, როდესაც აქვთ აქტივობები, სადაც ჯდომა და მოსმენაა საჭირო, ასეთი ბავშვები თავისთვის თამაშობენ, დარბიან. შეიძლება ჩართული იყოს ბავშვი პროცესში, გაიგონოს, დაიმახსოვროს, მაგრამ მოძრაობს. ასეთ ბავშვებს ბაღის პერიოდში უნდა მივცეთ საშუალება, რომ იმოძრაოს, თუ ის უსმენს. არიან ბავშვები, რომლებიც არ მოძრაობენ ბევრს, მაგრამ არ უსმენენ მასწავლებელს და ხშირად სჭირდებათ პედაგოგის მხრიდან ყურადღების მიქცევა. შეკითხვები არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ბავშვი პროცესში მოაბრუნო,“- მოცემულ საკითხზე ტატა ბაზღაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო:​ „ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები MomsEdu.ge-ზე ყოველ ხუთშაბათს

მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები. ყოველ ხუთშაბათს გაეცანით ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის, მარი ჯოხარიძის რჩევებს, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და შემდეგში სწორედ ამ საკითხებზე შემოგთავაზებთ ვიდეოებს.

​პირველ თემად ფსიქოლოგი წარმოგიდგენთ - როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს?

6 რეკომენდაცია მშობლებს:

  • არასდროს ჩაუტენოთ ბავშვს საკვები მისი ნების გარეშე
  • სანამ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვას შევთავაზებთ, დავრწმუნდეთ, რომ ბავშვს შეუძლია ამ საკვებთან შეხება და არ აღიზიანებს მისი სუნი 
  • შევთავზაოთ ბავშვს, რომ ჩაერთოს კერძის მომზადების პროცესში, ეს მისთვის სახლისოც იქნება და შესაძლებლობასაც მივცემთ, რომ უკეთ შეისწავლოს ის
  • წავახალისოთ ბავშვი, რომ მოირგოს მშობლის როლი. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი თამაშები, მაგალითად, თვითონ გადმოგვიღოს საკვები თეფშზე და თავად გაგვასინჯოს, ამით კვების პროცესი სახალისო და სასიამოვნო იქნება 
  • მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ პარტნიორები ბავშვებთან კვების დროს. ჩვენც გავსინჯოთ საჭმელი, რომელიც გვინდა, რომ ბავშვმა ჭამოს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის ეს სასურველი და გემრიელია
  • ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ მოთმინება. შესაძლოა, ბავშვი 10 ან 15 მცდელობის შემდეგ აღმოჩნდეს მზად, რომ ახალი საკვები გასინჯოს. ვეცადოთ, რომ ეს პროცესი ჩვენთვისაც სახალისო იყოს, მიუდექით მაქსიმალურად შემოქმედებითად და არ დანებდეთ.

წაიკითხეთ სრულად