Baby Bag

„ბავშვის ჭირვეულობა იმით კი არ უნდა გავაყუჩოთ, რომ რეალობას ავარიდოთ, ბავშვს სინამდვილე უნდა მივაღებინოთ,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

„ბავშვის ჭირვეულობა იმით კი არ უნდა გავაყუჩოთ, რომ რეალობას ავარიდოთ, ბავშვს სინამდვილე უნდა მივაღებინოთ,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვს სინამდვილის მიღება ასწავლონ და მას მანიპულირების შესაძლებლობა არ მისცენ:

„ბავშვი, რომელიც თვითონ არარეალურ სამყაროს წარმოადგენს და თავის ირგვლივ ცვლის იმ ფაქტებს, რასაც რეალურად აქვს ადგილი და უნდა წარმოაჩინოს სხვაგვარად, ძალიან დიდი სიფაქიზით მშობელმა ყოველთვის უნდა მოახერხოს, რომ მას რეალობისკენ მისცეს მიმართულება. ბავშვს არ უნდა დასჭირდეს ტყუილის თქმა მშობელთან. ბავშვები ხშირად იტყუებიან იმის გამო, რომ მშობლის რისხვა, წყენა, საყვედური აირიდონ თავიდან. ბავშვი ცდილობს ისტერიით მშობლის მანიპულირებას. ამას წინათ მეგობარი მეუბნებოდა, დღევანდელ მოვლენებს რომ ვუყურებ, ეს ადამიანები ძირითადად დედის მხრიდან გაუბედურებული ადამიანები არიანო. ყველა დედის წინაშე ბოდიშს ვიხდი. ეს ასე მასშტაბურად არ ვრცელდება, მაგრამ ჩვენ ბავშვის ჭირვეულობა იმით კი არ უნდა გავაყუჩოთ, რომ რეალობას ავარიდოთ, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს, სინამდვილე არის ის, რომელშიც ადამიანი შეძლებს სრულყოფილ ცხოვრებას.

რეალობას არ უნდა მოწყდეს ადამიანი. რა მტკივნეულიც უნდა იყოს რეალობა, როგორი მწარეც უნდა იყოს, ის არ უნდა მოწყდეს მას. ეს ყველაფერი უნდა მივაღებინოთ ბავშვს ადრეულ ასაკში ისე, რომ მან იგრძნოს თანაგრძნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ უპასუხისმგებლო ადამიანს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ცდილობს მანიპულირებას,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის მოვლის 5 კანონი ევგენი კომაროვსკისგან, რომელიც ბებიებს ნაკლებად მოსწონთ

ბავშვის მოვლის 5 კანონი ევგენი კომაროვსკისგან, რომელიც ბებიებს ნაკლებად მოსწონთ

ბებიები და დედები ბავშვის აღზრდის საკითხებს განსხვავებულად უდგებიან. მათ პატარების მოვლის თავისებური მეთოდები აქვთ. ბებიები დედებს ხშირად აკრიტიკებენ, როდესაც ხედავენ, რომ ისინი თანამედროვე პედიატრების რჩევებს იზიარებენ. ალბათ, არაერთხელ გსმენიათ შემდეგი გამოთქმა: „ჩვენ სხვა წესები გვქონდა, მაგრამ ჯანმრთელი შვილები გავზარდეთ!“ ექიმი კომაროვსკი ხშირად ისეთ რეკომენდაციებს გვაძლევს, რომლებიც უფროს თაობას არ მოსწონს. ბებიები თვლიან, რომ ყველასთვის ცნობილი პედიატრი მათთვის გასაოცარ რჩევებს იძლევა. ჩვენს სტატიაში ექიმი კომაროვსკის იმ რეკომენდაციებს გაგაცნობთ, რომლებიც ბებიებს ნაკლებად მოსწონთ.

1. ბავშვი არ უნდა შეფუთოთ

ექიმი კომაროვსკი მშობლებს ხშირად ურჩევს, რომ ბავშვებს მეტისმეტად თბილად არ ჩააცვან. პედიატრის რჩევით, უმჯობესია, თუ ბავშვი შენობაში ქუდს არასდროს დაიხურავს, არ ჩაიცვამს წინდებს და თბილ ტანსაცმელს. თუ თქვენი შვილი სეირნობიდან სახლში თბილი ხელებით ბრუნდება, ეს სიხარულის მიზეზს ნამდვილად არ გაძლევთ. ექიმი კომაროვსკი ბავშვის გაციების მიზეზად ცივ ამინდში გაოფლიანებას და ზედმეტად თბილად ჩაცმას ასახელებს. ბებიებს კი მტკიცედ სწამთ, რომ ბავშვის ავადმყოფობა სიცივემ გამოიწვია. უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად მშობლებისგან მალულად ბავშვებს დამატებით აცმევენ ტანსაცმელს, რაც ცნობილი პედიატრისთვის მოსაწონი ქცევა ნამდვილად არ არის.

2. ორპირი ნუ შეგაშინებთ

წყალი და მზე უფროსი თაობის წარმომადგენლებს ადამიანის მეგობრებად მიაჩიათ, თუმცა ჰაერი მათ ნაწილს ძალიან აშინებს. ბებიებს ორპირ ქარში ბავშვის გაჩერების წარმოდგენაც კი არ სურთ. ისინი თვლიან, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი სწრაფად გაცივდება, მას ტემპერატურა აუწევს, ყელი ეტკინება და ა.შ. ბებიები არ ეთანხმებიან ევგენი კომაროვსკის გამუდმებულ მოწოდებას სახლის განიავების შესახებ, როდესაც ბავშვი ავადმყოფობს. ცნობილ პედიატრს ორპირი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად არ მიაჩნია.

3. თბილი საფენების და შინაურული სამკურნალო საშუალებების გამოყენებას არ გირჩევთ

ექიმი კომაროვსკი აღნიშნავს, რომ ბებიები ხშირად ჩქარობენ, როდესაც ბავშვის იმუნიტეტის ამაღლების მიზნით შინაურული მეთოდების გამოყენებას იწყებენ. თუ ბავშვი ცივდება ისინი თბილ საფენებს, ინგალაციას, ჯანჯაფილის ჩაის და სხვა სამკურნალო საშუალებებს იყენებენ. უფროსი თაობის წარმომადგენლებს ძალიან ეშინიათ, რომ ექიმთან ვიზიტამდე ბავშვის მდგომარეობა უსწრაფესად გაუარესდება, რის გამოც ისინი მოქმედებას სწრაფად იწყებენ. ისინი ბავშვის წინდებს ალოეს წვენში ავლებენ, ძმარს იყენებენ ან სხვა მეთოდების გამოყენებით ცდილობენ პატარების გამოჯანმრთელებას. ექიმი კომაროვსკი მსგავსი მეთოდების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს.

4. არ დაუგდოთ ბავშვს ტემპერატურა

უფროსი თაობის წარმომადგენლები ტემპერატურის მატებისთანავე ბავშვს წამალს აძლევდნენ, როდესაც ტემპერატურა დაიწევდა, მშვიდდებოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ პრობლემა მოგვარდა. ევგენი კომაროვსკის თქმით, ტემპერატურის მატებისას ორგანიზმში ისეთი ნივთიერებები გამომუშავდება, რომელიც ვირუსებს ებრძვის. ექიმი კომაროვსკის რეკომენდაციით, თუ ბავშვს ნერვული დაავადებები არ აწუხებს და ტემპერატურის ატანა შეუძლია, 38,5 გრადუსამდე მას სიცხის დამწევი არ უნდა მისცეთ. ექიმი კომაროვსკი ბავშვის ძმრითა და სპირტით დაზელვასაც ეწინააღმდეგება. ის არც პარაცეტამოლის გამოყენებას უჭერს მხარს.

5. ბავშვს საკვები არასდროს დააძალოთ

ექიმი კომაროვსკი აცხადებს, რომ თუ ბავშვს მადა არ აქვს, მას ბლინები, წვნიანი ან პიურე ძალით არ უნდა აჭამოთ. იმისთვის, რომ ბავშვმა კვება დაიწყოს, მას ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და ხემსის აკრძალვა ესაჭიროება. ევგენი კომაროვსკი თვლის, რომ შეუძლოდ მყოფი ბავშვისთვის საკვების დაძალება მიუღებელია. პედიატრი აღნიშნავს, რომ მოავადე პატარებს სითხეების და მსუბუქი საკვების მიღებაც აკმაყოფილებთ. როგორც წესი, უფროსი თაობის წარმომადგენლები მის ხედვას არ იზიარებენ.

მომზადებულია ​Letidor.ru - ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად