Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე დავრწმუნდი, რომ ნამდვილი სიყვარული უკურნებელი სენია, რომელსაც აქვს უძლიერესი პირველი მუხტი, მაგრამ არ ნელდება მთელი თანაცხოვრების მანძილზე,“ - გელა ჩარკვიანი

„მე დავრწმუნდი, რომ ნამდვილი სიყვარული უკურნებელი სენია, რომელსაც აქვს უძლიერესი პირველი მუხტი, მაგრამ არ ნელდება მთელი თანაცხოვრების მანძილზე,“ - გელა ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანი სიცოცხლეში ხშირად საუბრობდა მეუღლისადმი მის დიდ სიყვარულზე. გიორგი კეკელიძესთან ერთ-ერთ ინტერვიუში გელა ჩარკვიანმა მარადიული სიყვარულის თავისი დეფინიციაც გაგვაცნო:

„რამდენჯერმე შეყვარება მგონია, რომ შესაძლებელი არ არის. სიყვარულსაც ხომ აქვს თავისი ხარისხი, ძალა. ის სიყვარული, რომელზეც მე ვლაპარაკობ, ორჯერ არ შეიძლება მოხდეს. მე გეტყვით ნამდვილი სიყვარულის ჩემს დეფინიციას, რომელსაც აქვს უძლიერესი პირველი მუხტი, მაგრამ არ ნელდება მთელი თანაცხოვრების მანძილზე, პირიქით ძლიერდება. აი, ეს არის ნამდვილი სიყვარული.“

გელა ჩარკვიანი თვლიდა, რომ პირველი მუხტი სიყვარულში გადამწყვეტია:

„მე ვფიქრობ, რომ რომეოსთან და ჯულიეტასთან მუხტი ძალიან დიდი იყო, მაგრამ მართალია, იქ გარემოებებიც ქმნიდა ამას. მე მაინც მგონია, რომ ეს მუხტი გაგრძელდებოდა. არ შეიძლებოდა, რომ არ გაგრძელებულიყო. პირველი მუხტი წყვეტს ყველაფერს. ამის შეფასება ადვილი არ არის. რითი შეიძლება შეაფასო სიყვარული? ისევ მსხვერპლით შეგიძლია შეაფასო.“

„ჩემი მსხვერპლი იყო ის, რომ მე შევეშვი ლექციებზე სიარულს. საერთოდ მივანებე თავი სწავლას. მე მივდიოდი დილით ნანასთან. ნანა იჯდა ფორტეპიანოსთან. ის ემზადებოდა გამოცდებისთვის. მე ტახტზე ვიჯექი და ლექციებზე აღარ დავდიოდი. ყველაფერში ჩავიჭერი და დიდი უსიამოვნებები მქონდა სახლში. სიყვარულზე წერა მაიძულა ტრაგედიამ, რომელიც შემემთხვა. შეიძლება, ნანა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მე სიყვარულზე ამდენი არ მეწერა. მე დავრწმუნდი, რომ ნამდვილი სიყვარული უკურნებელი სენია. არ გადის დღე, არ გადის საღამო, ღამე, რომ კვლავ არ ვიფიქრო და სინდისის ქენჯნამ არ ამიტანოს. ჩვენ არ შევპირებივართ ერთმანეთს, რომ ერთის სიკვდილის შემთხვევაში მეორე თავს მოვიკლავდა, მაგრამ სიმძაფრე ჩვენი ერთობისა მაინც მავალდებულებდა ამას. მე მრცხვენია, რომ რვა წელი გავიდა და მე კიდევ ცოცხალი ვარ... მრცხვენია, მე ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ,“ - აღნიშნულ თემაზე გელა ჩარკვიანმა გასულ წელს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„ახალი დღე“


წაიკითხეთ სრულად