Baby Bag

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას? - მარინა კაჭარავას რეკომენდაციები

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ პანიკურ შეტევასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებზე ისაუბრა:

„პანიკური შეტევა არის ძალიან ხანმოკლე დროში ინტენსიური შიშის განცდა. ადამიანი კარგავს მიწას და არის აბსოლუტურად დაუცველი, ეს იწვევს მასში სიკვდილის შიშს, შიშის შიშს და გაგიჟების შიშს. ერთი შეხედვით ის უმიზეზოდ ჩნდება. იმ დროს არაფერი არ მომხდარა, არის სიმშვიდე თითქოს, სიჩუმე, ჩვეულებრივად ცხოვრობს ადამიანი. შეიძლება იყოს სალონში, იკეთებდეს ფრჩხილებს და დაეწყოს. როდესაც ეს იწყება, ადამიანს აქვს საოცარი მოთხოვნილება, რომ გაიქცეს სახლში. სახლი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ეს არ არის ისეთი შეგრძნებები, რომელსაც ადამიანი შეიძლება ადვილად გაუმკლავდეს.

მას აქვს წინაპირობა, რომელსაც ამოცნობა უნდა. წარმოიდგინეთ ტალღა, რომელიც მოდის. თუ ადამიანმა მოახერხა ტალღაზე დაჯდომა და მასთან ერთად მოძრაობა, ბევრად უფრო გადარჩება, ვიდრე თუ ტალღამ ჩაიხვია და აფორთხიალა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუსწროს ადამიანმა ამ მდგომარეობას. შესაძლებელია მისი ინტენსივობის დაკლება, შესაძლებელია მასთან ერთად ცხოვრება. შესაძლებელია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ამ დროს.

ბევრნაირი გამკლავების მექანიზმი არსებობს. პირველ რიგში, კარგია ფსიქოთერაპია და გაცნობიერება, როგორ მოვიდა აქამდე ადამიანი და რა არის მისი წინაპირობა. კარგია კონტროლირებადი მოძრაობები, თვლა, ცეკვა, მაგრამ უფრო ვარჯიშის მსგავსი, ასევე მოდუნება. კარგია თუ მოახერხებენ იმ შინაარსების ამოთქმას, რომელიც სახელდაურქმეველი და განდევნილია. კარგია ადამიანმა მოახერხოს საკუთარ თავთან კონტაქტი, მეტად შეიცნოს საკუთარი სხეული და შემდეგ დაიწყოს გამკლავების მექანიზმები: ვარჯიში, თვლა, ახალშობილის პოზა და ა.შ.“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.

წყარო:​ „უიქენდი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვინ უნდა ყოფილიყავი, რა ნაძირალა, რომ გოგოს თანდასწრებით შეგეგინებინა ან ჩხუბი დაგეწყო,“ - ნიკო ლეკიშვილი ძველ თბილისში ქალებისადმი დამოკიდებულების შესახებ

„ვინ უნდა ყოფილიყავი, რა ნაძირალა, რომ გოგოს თანდასწრებით შეგეგინებინა ან ჩხუბი დაგეწყო,“ - ნიკო ლეკიშვილი ძველ თბილისში ქალებისადმი დამოკიდებულების შესახებ

თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა ძველ თბილისში ქალებისადმი დამოკიდებულების და ქალთან ურთიერთობის დამკვიდრებული წესების შესახებ ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, ჩხუბიც იყო, ცუდი რაღაცებიც ხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც ჩარჩოებში იყო. მერე ძირითადად შერიგებით მთავრდებოდა. რაც შეეხება გოგოებთან ურთიერთობას, ერთ ამბავს მოგიყვებით. მე და ჩემი ახლო ნათესავი ვართ კონცერტზე. ის ცხოვრობდა მთაწმინდაზე. ამ კონცერტის პირველი მოქმედება რომ მთავრდებოდა, მითხრა, გარეთ ბიჭები დგანან, უთანხმოება მოგვივიდა და ჩემს გასალახად არიან მოსულებიო. გავიხედე, დავინახე ეს ბიჭები, ნახალოვკელები იყვნენ. ჩემს მეგობარ გოგოს დავურეკე და ვუთხარი, სასწრაფოდ მოდით-მეთქი. მოვიდა სამი გოგო. კონცერტი რომ დამთავრდა, გოგოებთან ერთად გამოვედით. იქ გავიგონე, რომ თქვეს: გოგოებთან ერთად არიან, თავი დაანებეთ. გაჩერდნენ და ჩვენ წამოვედით.“

„გოგოს თანდასწრებით ჩხუბი რომ დაგეწყო, ან შეგეგინებინა, ვინ უნდა ყოფილიყავი და რა ნაძირალა?! პლეხანოვზე ვიდექით, გოგონებიც იყვნენ. ერთმა ჩვენმა თანამეინახემ ბილწი ანეკდოტი მოყვა. გოგოები რომ წავიდნენ, გალახეს ბიჭებმა, ეს როგორ გაბედეო,“ - აღნიშნულ საკითხზე ნიკო ლეკიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად