Baby Bag

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად სწავლის პროცესში? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად სწავლის პროცესში? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ სწავლის პროცესში ბავშვის შექების წესებზე ისაუბრა:

„ჩვენ უნდა შევაქოთ ყველა ბავშვი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი მშობლის შვილებიც. ყველა მშობელი იტყვის ამას, რომ ორი თუ სამი სრულიად განსხვავებული არსებაა სახლში. ამიტომ ინდივიდუალობები ძალიან განსხვავებულია და სწავლის სტილიც, ბუნებრივია განსხვავებულია. უნარებიც განსხვავებულია და ამიტომ ჩვენ არ უნდა შევაქოთ ბავშვი ასე: „შენ ხარ ჭკვიანი, შენ ხარ ნიჭიერი. აი შენი ძმა, შენი და როგორ ჭკვიანი და ნიჭიერია.“ ჩვენ ამით ვუსვამთ ხაზს მის უპირატესობას და ისეთ რამეს, რაც მისი დამსახურება არ არის, თანდაყოლილია.

ჩვენ უნდა შევაქოთ ის, რაც ბავშვის დამსახურებაა. ტექსტი არის ასეთი დაახლოებით: „მე ვაფასებ, რომ შენ ამდენი დრო დახარჯე, როგორ მოინდომე.“ მონდომებას ჩვენ არასდროს არ ვაფასებთ იმიტომ, რომ არ ჩანს ეს. ის, რომ ეს ბავშვი ისე კარგად არ სწავლობს, როგორც მეორე, როგორ მოინდომა ამ ბავშვმა ეს უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ. ჩვენ ბავშვი უნდა შევაქოთ ასე: „მე მიხარია, რომ შენ ამაზე ამდენი დრო დახარჯე. არ გამოგდიოდა, მაგრამ ნახე, ახლა უკეთესად გამოგდის.“ ჩვენ ორ რამეს ვაკეთებთ: ვაფასებთ და ვაქებთ ბავშვს მისი ძალისხმევისთვის და მეორე, ჩვენ არ ვადარებთ მას სხვა ბავშვებს.

მშობლებს გვიყვარს ეს, რომ და-ძმას ერთმანეთს ვადარებთ. ჩვენ ვადარებთ ბავშვს მხოლოდ თავის თავს. ნახე, შენ გუშინ ვერ დადიოდი ველოსიპედით და უკვე ისწავლე. ჩვენ ვადარებთ ბავშვს თავის თავს, მის შესაძლებლობებს. ასე მოტივაციას გავუზრდით,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბებიებსა და ბაბუებს ურჩია, რომ შვილიშველბს შენიშვნები არ მისცენ და მათში კარგის დანახვაზე იყვნენ ორიენტირებულები. შალვა ამონაშვილის თქმით, ასეთ დროს ბავშვს გულში მაინც აწუხებს ის, რომ ის დაჩაგრეს და მას უსაყვედურეს:

„ყველა ბებიასა და ყველა პაპას ვურჩევ, რომ არ მისცენ შენიშვნები შვილიშვილს. ვინც შენიშვნას აძლევს შვილიშვილს, თვითონ არის შენიშვნის ღირსი, რომ რატომ აკეთებ ამასო. ბავშვი რაც გამოსდის, იმას აკეთებს. ჩვენ დადებითი ვეძებოთ ბავშვში. იცელქა, რაღაც გაუტყდა, ფეხი წამოკრა, „აი, ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე,“ - თავს გამოიჩენს ბებია და ბაბუა.“

​არ უნდა ეს გაფრთხილებები. ბავშვი არ ფრთხილდება ასეთი შენიშვნებით. ბავშვს გულში რაღაც აწუხებს, ეთანაღრება, რომ შენიშვნებით დამჩაგრესო. არ სჯობს, ერთმანეთს ვუყუროთ სიკეთით. სიკეთე და სილამაზე დავინახოთ და იმას დავემყაროთ. შენიშვნებს რა გამოლევს ჩვენს ცხოვრებაში. იმას თუ გამოვეკიდეთ, წარსულში დავრჩებით, მატარებელი კი წინ მიდის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად