Baby Bag

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად სწავლის პროცესში? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად სწავლის პროცესში? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ სწავლის პროცესში ბავშვის შექების წესებზე ისაუბრა:

„ჩვენ უნდა შევაქოთ ყველა ბავშვი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი მშობლის შვილებიც. ყველა მშობელი იტყვის ამას, რომ ორი თუ სამი სრულიად განსხვავებული არსებაა სახლში. ამიტომ ინდივიდუალობები ძალიან განსხვავებულია და სწავლის სტილიც, ბუნებრივია განსხვავებულია. უნარებიც განსხვავებულია და ამიტომ ჩვენ არ უნდა შევაქოთ ბავშვი ასე: „შენ ხარ ჭკვიანი, შენ ხარ ნიჭიერი. აი შენი ძმა, შენი და როგორ ჭკვიანი და ნიჭიერია.“ ჩვენ ამით ვუსვამთ ხაზს მის უპირატესობას და ისეთ რამეს, რაც მისი დამსახურება არ არის, თანდაყოლილია.

ჩვენ უნდა შევაქოთ ის, რაც ბავშვის დამსახურებაა. ტექსტი არის ასეთი დაახლოებით: „მე ვაფასებ, რომ შენ ამდენი დრო დახარჯე, როგორ მოინდომე.“ მონდომებას ჩვენ არასდროს არ ვაფასებთ იმიტომ, რომ არ ჩანს ეს. ის, რომ ეს ბავშვი ისე კარგად არ სწავლობს, როგორც მეორე, როგორ მოინდომა ამ ბავშვმა ეს უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ. ჩვენ ბავშვი უნდა შევაქოთ ასე: „მე მიხარია, რომ შენ ამაზე ამდენი დრო დახარჯე. არ გამოგდიოდა, მაგრამ ნახე, ახლა უკეთესად გამოგდის.“ ჩვენ ორ რამეს ვაკეთებთ: ვაფასებთ და ვაქებთ ბავშვს მისი ძალისხმევისთვის და მეორე, ჩვენ არ ვადარებთ მას სხვა ბავშვებს.

მშობლებს გვიყვარს ეს, რომ და-ძმას ერთმანეთს ვადარებთ. ჩვენ ვადარებთ ბავშვს მხოლოდ თავის თავს. ნახე, შენ გუშინ ვერ დადიოდი ველოსიპედით და უკვე ისწავლე. ჩვენ ვადარებთ ბავშვს თავის თავს, მის შესაძლებლობებს. ასე მოტივაციას გავუზრდით,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მკაფიოდ უნდა განისაზღვროს დისტანციური გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების დრო, დისტანციური გაკვეთილების ცხრილი, შესვენებების ხანგრძლივობა - რეკომენდაციები განათლების სამინისტროს

მკაფიოდ უნდა განისაზღვროს დისტანციური გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების დრო, დისტანციური გაკვეთილების ცხრილი, შესვენებების ხანგრძლივობა - რეკომენდაციები განათლების სამინისტროს
განათლების კოალიცია 2020-2021 აკადემიური წლისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს სთავაზობს.

ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები: 

1. შემუშავდეს დისტანციური სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა და სკოლების მახასიათებლებიდან (მდებარეობა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, მოსწავლეთა კონტიგენტი და სხვა) გამომდინარე შეიქმნას განსხვავებული პოლიტიკის ინსტრუმენტები განსხვავებული სკოლებისათვის. მოცემული პოლიტიკა უნდა ფარავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეპიდემიის გავრცელების სხვადასხვა სცენარებზე რეაგირების მექანიზმებს განსხვავებული ტიპის სკოლებისათვის.

2. შეიქმნას დისტანციური სწავლების მართვის გზამკვლევი და რეკომენდაციები სკოლის ადმინისტრაციისათვის. გაიწეროს კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვის, ხარისხის კონტროლისა და შეფასების მიმართულებით. მოცემულ დოკუმენტზე დაყრდნობით თითოეულმა სკოლამ საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა მოახდინონს სასკოლო სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და მასში დისტანციური სწავლების მიმართულების დამატება. სასკოლო სასწავლო გეგმის დისტანციური სწავლების ნაწილში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ყველა ტექნიკური, საორგანიზაციო, შინაარსობრივი დეტალი და მათი შესრულების მონიტორინგის მექანიზმები. უნდა მოხდეს სასკოლო სასწავლო გეგმის ხსენებული ნაწილის შესახებ სასკოლო მოსწავლეების, მშობლებისა და სასკოლო თემის სხვა ყველა წევრის მაქსიმალურად ინფორმირება.

3. სასკოლო სასწავლო გეგმის დისტანციური სწავლების ნაწილში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს დისტანციური გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების დრო, დისტანციური გაკვეთილების ცხრილი, შესვენებების ხანგრძლივობა, მოსწავლეთა შორის თავისუფალი ურთიერთობებისათვის განსაზღვრული პერიოდი. ასევე უნდა გაიწეროს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მშობლებთან კომუნიკაციის პერიოდულობა და მექანიზმები.

4.სკოლის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა დისტანციური სწავლების პლატფორმების სტატისტიკაზე და ყველა იმ მონაცემზე, რომელიც ინფორმაციას იძლევა პროცესის წარმართვის ეფექტიანობაზე. დისტანციური სწავლების პროცესის მონიტორინგის პრინციპებისა და მექანიზმების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სასკოლო თემის ყველა წევრს.

5. დისტანციური სწავლების პლატფორმების გამოყენებასთან დაკავშირებულ ტრენინგებთან ერთად უნდა შემუშავდეს გზამკვლევები და ტრენინგ მოდულები დისტანციური სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით და გავრცელდეს საუკეთესო პრაქტიკები. მასწავლებლებს მკაფიოდ უნდა განემარტოთ, როგორ უნდა მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დისტანციური სწავლების გამოყენებით.

6. მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა მშობელთა პედაგოგიზაციისა და მათთვის დამხმარე რესურსების შექმნის კუთხით. ამ მხრივ, აუცილებელია გარე აქტორების მონაწილეობა დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესებში.

7. შეიქმნას დამხმარე ციფრული რესურსები (სახელმძღვანელოები, თვალსაჩინოებები, დავალებები, დამატებითი რესურსები) მასწავლებელთათვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სასწავლო პლატფომის (LMS) შემუშავება და მის განვითარებაზე ზრუნვა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

8. მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივების წახალისება ხელმისაწვოდმობის გაზრდის კუთხით, როგორიცაა ინტერნეტზე წვდომა თუ მოწყობილობებით უზრუნველყოფა. ამ მხრივ, შესაძლოა შესაბამისი კამპანიების წარმოება.

9. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კერძო პროვაიდერებთან, ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მაგ სასკოლო ინტერნეტ პაკეტების შექმნა, სტიპენდიების დაწესება და ა.შ.

10. შემუშავდეს მკაფიო სტრატეგია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალისათვის შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით. ამ მხრივ, მნიშვნელოვენია შრომითი პირობების გადახედვა დამლაგებლების, ექიმების, ფსიქოლოგისა თუ სხვა მომიჯნავე კადრებისათვის.

დისტანციურ განათლებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა, სკოლის დირექტორთა უკუკავშირი და რეკომენდაციები იხილეთ პუბლიკაციაში ,,რა უნდა გავითვალისწინოთ 2020-2021 აკადემიური წლისათვის”


წაიკითხეთ სრულად