Baby Bag

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად სწავლის პროცესში? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად სწავლის პროცესში? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ სწავლის პროცესში ბავშვის შექების წესებზე ისაუბრა:

„ჩვენ უნდა შევაქოთ ყველა ბავშვი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი მშობლის შვილებიც. ყველა მშობელი იტყვის ამას, რომ ორი თუ სამი სრულიად განსხვავებული არსებაა სახლში. ამიტომ ინდივიდუალობები ძალიან განსხვავებულია და სწავლის სტილიც, ბუნებრივია განსხვავებულია. უნარებიც განსხვავებულია და ამიტომ ჩვენ არ უნდა შევაქოთ ბავშვი ასე: „შენ ხარ ჭკვიანი, შენ ხარ ნიჭიერი. აი შენი ძმა, შენი და როგორ ჭკვიანი და ნიჭიერია.“ ჩვენ ამით ვუსვამთ ხაზს მის უპირატესობას და ისეთ რამეს, რაც მისი დამსახურება არ არის, თანდაყოლილია.

ჩვენ უნდა შევაქოთ ის, რაც ბავშვის დამსახურებაა. ტექსტი არის ასეთი დაახლოებით: „მე ვაფასებ, რომ შენ ამდენი დრო დახარჯე, როგორ მოინდომე.“ მონდომებას ჩვენ არასდროს არ ვაფასებთ იმიტომ, რომ არ ჩანს ეს. ის, რომ ეს ბავშვი ისე კარგად არ სწავლობს, როგორც მეორე, როგორ მოინდომა ამ ბავშვმა ეს უნდა შევაფასოთ და დავაფასოთ. ჩვენ ბავშვი უნდა შევაქოთ ასე: „მე მიხარია, რომ შენ ამაზე ამდენი დრო დახარჯე. არ გამოგდიოდა, მაგრამ ნახე, ახლა უკეთესად გამოგდის.“ ჩვენ ორ რამეს ვაკეთებთ: ვაფასებთ და ვაქებთ ბავშვს მისი ძალისხმევისთვის და მეორე, ჩვენ არ ვადარებთ მას სხვა ბავშვებს.

მშობლებს გვიყვარს ეს, რომ და-ძმას ერთმანეთს ვადარებთ. ჩვენ ვადარებთ ბავშვს მხოლოდ თავის თავს. ნახე, შენ გუშინ ვერ დადიოდი ველოსიპედით და უკვე ისწავლე. ჩვენ ვადარებთ ბავშვს თავის თავს, მის შესაძლებლობებს. ასე მოტივაციას გავუზრდით,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება? - მაია ბუწაშვილის პასუხი

შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში ომიკრონით ხელახლა ინფიცირება? - მაია ბუწაშვილის პასუხი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ომიკრონის შტამით რეინფიცირების რისკების შესახებ ისაუბრა:

„სამი კვირის ინტერვალში ხელახლა დაინფიცირება, ალბათ, არარეალურია. ომიკრონის შემთხვევაში ჯერ ზუსტად არ ვიცით იმუნიტეტი რამდენ ხანს გრძელდება, თუმცა სამი კვირა ნამდვილად არარეალურია. ახლა ზამთრის სეზონია. ზოგჯერ შეიძლება სხვა რომელიმე ვირუსი დაემართოს ადამიანს ხელახლა ორ-სამ კვირაში და პისიარი რჩებოდეს ისევ დადებითი.“

„თუ ვირუსების გენეტიკური ანალიზი არ ჩატარდა, რასაც ლუგარის ცენტრი აკეთებს, დაბეჯითებით თქმა, რომ ეს ხელახლა ომიკრონით ინფიცირებაა, შეუძლებელია. ​ზუსტად რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი, ჯერ ჩვენ არ ვიცით. ვერსიას, რომ ვირუსი დასუსტდა და პანდემია დასასრულისკენ მიდის, აქვს არსებობის უფლება. ეს საიმედო ვერსიაა. შეიქმნება პოპულაციური იმუნიტეტი ბოლოს და ბოლოს, რადგან ვხედავთ რამდენი ადამიანი ინფიცირდება. ბოლომდე ამაზე დაყრდნობა, რომ ეს აუცილებლად პანდემიის დასასრულია, ძნელია, იმიტომ, რომ არსებობს ახალი შტამის მოვლენის რისკი. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ნამდვილად 2022 წელი იქნება პანდემიის დასასრული,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ბუწაშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia

წაიკითხეთ სრულად