Baby Bag

ბავშვმა გატეხა ქოთანი, გააფუჭა ყვავილი ... როგორ მოიქცევა ამ დროს ბრძენი მშობელი? - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვი არასდროს გამოაცხადონ დამნაშავედ და მას მოსამართლის პოზიციიდან არ ესაუბრონ:

„ბავშვი სულ „აშავებს.“ ბავშვი „ყოველთვის დამნაშავეა." არასდროს ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ამიტომ ის ჩვენთვის სულ დამნაშავეა. ისე არ დგება, ისე არ ჯდება, როგორც ჩვენ გვინდა. ბავშვს დამნაშავედ ნუ გამოაცხადებთ, თუ მან რამე დააშავა. რა დააშავა ბავშვმა? ცუდი სიტყვა თქვა? რაღაც გატეხა? რა ვითარებაში მოხდა ეს? დანაშაული ყოველთვის დანაშაული კი არ არის. როდესაც დააკვირდები, აღმოჩნდება, რომ კიდევაც ასე უნდა მომხდარიყო. ეს შედეგია რაღაც მიზეზის. ბავშვები დამნაშავეებად არასდროს არ მიიჩნიოთ, არც დამნაშავის ენით ელაპარაკოთ. „არ გრცხვენია?“ - ეს მოსამართლის ლაპარაკია.

არ მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ ბავშვს ჩვენგან შენიშვნა სჭირდებოდეს. ხომ იცით მას რა მიდრეკილებები აქვს. წინ დაუდექით, რაღაც მოაცილეთ, წინასწარ დაარიგეთ, დაიცავით ბავშვი. გავუსწროთ მოვლენას წინ, ვიდრე მოვლენა მოხდება. ეს არის ბრძენი დედისა და მამის საქმე, მაგრამ თუ მაინც რაღაც მოხდა, ბავშვმა ფანჯრის რაფიდან ქოთანი გადმოაგდო, გატყდა ქოთანი, ყვავილი გაფუჭდა, როგორ მოიქცევა დედა? ერთი ატეხავს წივილ-კივილს: „რამდენჯერ გითხარი? რატომ მიხვედი იქ? რატომ წამოჰკარი ხელი? რატომ არ ხარ ფრთხილი? რა ვქნა? როგორ გაგზარდო? როგორ გაგაგებინო?“ ატირდება დედა თვითონ. ქოთანი ხომ გატყდა უკვე? ჩვენ ბავშვს უნდა შევუქმნათ ქცევის ხატი, ჩვენი მოთმინების ხატი. მივიდეთ ყვავილთან და ვთქვათ: „როგორ მიყვარდი, რა ვქნათ ახლა? იქნებ გადაგარჩინოთ?!“ ბავშვს უთხარით: „მოდი, დამეხმარე, ჩემო ძვირფასო. აბა ფრთხილად, მიდი, ჭიქა მომიტანე.“ არ ვადანაშაულებთ ბავშვს.

მე ისე ვტირი ამ ყვავილზე, რომ ბავშვს მე ვეცოდები. ის აქეთ დამამშვიდებს, აქეთ მოუვლის ყველაფერს. რომ მიაყენო კედელთან და ურტყა, ბავშვი გაიგებს ამას?! ვერ გაიგებს! რა ვქნათ ახლა?! მოხდა ეს! ამაზე ჭკუა უკვე ისწავლა ბავშვმა. მე მინდა მას ხატი გავუჩინო, რომ შეგინდე, მიგიტევე. ბავშვი დამნაშავის როლში არასდროს არ დააყენოთ,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ამას არ აკეთებთ, ქმარი სხვაგან გაიხედავს, თქვენ რაღაც არ მოგეწონებათ, ოჯახი წკიპზე შედგება... ასეთი რაღაცები ხდება მერე,“- შალვა ამონაშვილი

„თუ ამას არ აკეთებთ, ქმარი სხვაგან გაიხედავს, თქვენ რაღაც არ მოგეწონებათ, ოჯახი წკიპზე შედგება... ასეთი რაღაცები ხდება მერე,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია კეთილშობილი შვილების აღზრდისთვის საკუთარი სულის სარკეში ხშირად ჩაიხედონ:

„ბავშვი რომ კეთილშობილი და დიდსულოვანი გავზარდოთ, თავსაც შევხედოთ. სულის სარკეც არსებობს, გარდა იმისა, რომ სახე დაინახო, ჩაიხედო. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა დედებო, თქვენ ხომ ლამაზი ქალბატონები ბრძანდებით.  40 წლისა თუ ხართ, ეს ხომ ახალგაზრდობაა. რა ლამაზ ადამიანებს ხედავთ, ალბათ, სარკეში თქვენი სახით. 

არის მეორე სარკეც სულისა. სულის სარკეში ჩახედვა არ გვიყვარს ხოლმე რატომღაც. სულის სარკეში რომ ჩაიხედო, დღიური უნდა დაწერო ხანდახან, უნდა ილოცო და ღმერთს ის სთხოვო, რაშიც გეშლება. ყველაფერი კი არ სთხოვო ღმერთს. ჩამოუთვალე: „მეშლება ქმართან ურთიერთობაში, ცოლთან ურთიერთობაში, დედამთილთან, მამამთილთან ურთიერთობაში, მეზობელი გადავრიე, შვილი მტრად მიხდება, ამაში მეშლება. ან დღიური დაწერე, ან დღეში 10 წუთი მაინც მონახე სადღაც, რომ მიიმალო, არავინ არ იყოს და იფიქრო, ვინ ვარ მე შვილებისთვის, ასეთი დედა უნდათ? ასეთი ბებია უნდათ? ასეთი პაპა უნდათ? ჩემს ქმარს ასეთი ცოლი უნდა? ჩემს ცოლს ასეთი ქმარი უნდა? ეს კითხვა არ უნდა გაგვიჩნდეს?

ვინც ამას აკეთებს, მომილოცავს! თქვენ გამარჯვებული ადამიანები ხართ. თუ ამას არ აკეთებთ, ფეხს წამოჰკრავთ ხანდახან. ქმარი სხვაგან გაიხედავს, თქვენც რაღაც არ მოგეწონებათ, ოჯახი წკიპზე შედგება, შვილი განგიდგება. ასეთი რაღაცები ხდება მერე,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

წაიკითხეთ სრულად