Baby Bag

ბავშვმა გატეხა ქოთანი, გააფუჭა ყვავილი ... როგორ მოიქცევა ამ დროს ბრძენი მშობელი? - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვი არასდროს გამოაცხადონ დამნაშავედ და მას მოსამართლის პოზიციიდან არ ესაუბრონ:

„ბავშვი სულ „აშავებს.“ ბავშვი „ყოველთვის დამნაშავეა." არასდროს ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ამიტომ ის ჩვენთვის სულ დამნაშავეა. ისე არ დგება, ისე არ ჯდება, როგორც ჩვენ გვინდა. ბავშვს დამნაშავედ ნუ გამოაცხადებთ, თუ მან რამე დააშავა. რა დააშავა ბავშვმა? ცუდი სიტყვა თქვა? რაღაც გატეხა? რა ვითარებაში მოხდა ეს? დანაშაული ყოველთვის დანაშაული კი არ არის. როდესაც დააკვირდები, აღმოჩნდება, რომ კიდევაც ასე უნდა მომხდარიყო. ეს შედეგია რაღაც მიზეზის. ბავშვები დამნაშავეებად არასდროს არ მიიჩნიოთ, არც დამნაშავის ენით ელაპარაკოთ. „არ გრცხვენია?“ - ეს მოსამართლის ლაპარაკია.

არ მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ ბავშვს ჩვენგან შენიშვნა სჭირდებოდეს. ხომ იცით მას რა მიდრეკილებები აქვს. წინ დაუდექით, რაღაც მოაცილეთ, წინასწარ დაარიგეთ, დაიცავით ბავშვი. გავუსწროთ მოვლენას წინ, ვიდრე მოვლენა მოხდება. ეს არის ბრძენი დედისა და მამის საქმე, მაგრამ თუ მაინც რაღაც მოხდა, ბავშვმა ფანჯრის რაფიდან ქოთანი გადმოაგდო, გატყდა ქოთანი, ყვავილი გაფუჭდა, როგორ მოიქცევა დედა? ერთი ატეხავს წივილ-კივილს: „რამდენჯერ გითხარი? რატომ მიხვედი იქ? რატომ წამოჰკარი ხელი? რატომ არ ხარ ფრთხილი? რა ვქნა? როგორ გაგზარდო? როგორ გაგაგებინო?“ ატირდება დედა თვითონ. ქოთანი ხომ გატყდა უკვე? ჩვენ ბავშვს უნდა შევუქმნათ ქცევის ხატი, ჩვენი მოთმინების ხატი. მივიდეთ ყვავილთან და ვთქვათ: „როგორ მიყვარდი, რა ვქნათ ახლა? იქნებ გადაგარჩინოთ?!“ ბავშვს უთხარით: „მოდი, დამეხმარე, ჩემო ძვირფასო. აბა ფრთხილად, მიდი, ჭიქა მომიტანე.“ არ ვადანაშაულებთ ბავშვს.

მე ისე ვტირი ამ ყვავილზე, რომ ბავშვს მე ვეცოდები. ის აქეთ დამამშვიდებს, აქეთ მოუვლის ყველაფერს. რომ მიაყენო კედელთან და ურტყა, ბავშვი გაიგებს ამას?! ვერ გაიგებს! რა ვქნათ ახლა?! მოხდა ეს! ამაზე ჭკუა უკვე ისწავლა ბავშვმა. მე მინდა მას ხატი გავუჩინო, რომ შეგინდე, მიგიტევე. ბავშვი დამნაშავის როლში არასდროს არ დააყენოთ,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო კალორიები არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება კალორიული პროდუქტი ისე მოამზადო, რომ დანაყრდე და წონაში არ მოიმატო,“- ნატა გაგუა

„მარტო კალორიები არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება კალორიული პროდუქტი ისე მოამზადო, რომ დანაყრდე და წონაში არ მოიმატო,“- ნატა გაგუა

დიეტოლოგმა ნატა გაგუამ ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი პროდუქტების მოძიება საქართველოში ნამდვილად შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ:

„ჯანსაღ კვებას რაც შეეხება, ხშირად მოუწერიათ ჩემთვის სოციალურ ქსელში: „თქვენ ჯანსაღ კვებაზე რომ საუბრობთ, სად არის ეს ჯანსაღი პროდუქტები?“ მე ვთვლი, პირადად ჩემი, როგორც რიგითი მომხმარებლის გამოცდილებიდან, რომ დღეს, ​თუ ძალიან გვინდა, ვპოულობთ ჯანსაღ პროდუქტებს, საქართველოში გვაქვს ამის ფუფუნება. შეიძლება ისე მოამზადო ეს პროდუქტი, რომ საერთოდ დაუკარგო ის დადებითი თვისებები. შეიძლება კალორიული პროდუქტი აიღო და ისე მოამზადო, რომ დანაყრდე კიდეც და წონაში არ მოიმატო.“

ნატა გაგუას თქმით, კალორიები არაფერს ნიშნავს, მთავარია როდის და რამდენს მივირთმევთ:

„მარტო კალორიები არაფერს არ ნიშნავს. ყველი თურმე არ შეიძლება. ყველი შეიძლება, გააჩნია როდის, რამდენი და რასთან ერთად. ახლა ბევრმა უკვე ამოიღო ცხოველური საკვები. ასეთი ტენდენცია წამოვიდა. თუ ზრდასრულია ადამიანი, არც ეს არის საშიში. ​აქაც მთავარია ზომიერება, რომ ადამიანმა გააზრებულად მოიფიქროს თავისი რაციონი, რომ არ დაკარგოს ცილები, არ დაუვარდეს ჰემოგლობინი. ბუნება ამის ფუფუნებას გვაძლევს. ბუნებაში ყველა პროდუქტი რაღაცით გამორჩეულად კარგია.“

ნატა გაგუას თქმით, თუ ბავშვს წონაში დაკლება უნდა, ეს ცუდი არ არის, თუ ის უფროსების იძულებით არ მისულა აღნიშნულ დასკვნამდე:

„ბავშვი სარკეა. ის ან დედას ბაძავს, ან დეიდას. რატომ უნდა გახდომა არ იცის, მაგრამ კარგი რომაა იცის. ცუდი არ არის, რომ ​ბავშვს უნდა კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს როგორ იქნება მიწოდებული, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ არჩევანი მისია, ეს მაშინ სწორია. თუ ეს მოხვეულია თავზე, მოჰყავს დედას იძულებით და ბავშვი საერთოდ არ გისმენს, მაშინ ჯერ ბავშვი უნდა გამოიყვანონ ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან.“

„ორგანიზმი თუ ტკბილს გთხოვთ, ეს კარგია. ე.ი. ის გკარნახობთ, არ გაქვთ გათიშული კავშირი. როდესაც ​ადამიანი გრძნობს გარკვეულ პროდუქტებზე, შოკოლაზე, ყველზე, რომ ვერ აკონტროლებს, უნდა დააწესოთ თქვენი წესები. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მინიმალური დოზები. თუ შოკოლადია ბევრი, ხილი შეგიძლიათ იმ დღეს შეამციროთ. თუ ცომი გინდათ იმ დღეს, ცომში ბევრი ქრომია და სასარგებლოა ხანდახან, თეთრი პურიც დასაშვებია. პურის საერთოდ ამოღება არ შეიძლება. უსაფუარო პური ამ დროს უფრო ეფექტიანია. დედას პურში, მაგალითად, არის საფუარი, რომელიც ძალიან ჯანსაღად ითვლება, თან გემრიელია და კარგად ანაყრებს. ყველა ჯანსაღი პროდუქტი, თუ ის სწორად არის მომზადებული, ანაყრებს კარგად. თუ სწრაფად გშივდება, ეს იმის ნიშანია, რომ პროდუქტი და კერძი მოკლებულია იმ მთავარს, რის გამოც ბუნებაში გვაქვს ეს შიმშილის გრძნობა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS”


წაიკითხეთ სრულად