Baby Bag

ბავშვმა გატეხა ქოთანი, გააფუჭა ყვავილი ... როგორ მოიქცევა ამ დროს ბრძენი მშობელი? - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვი არასდროს გამოაცხადონ დამნაშავედ და მას მოსამართლის პოზიციიდან არ ესაუბრონ:

„ბავშვი სულ „აშავებს.“ ბავშვი „ყოველთვის დამნაშავეა." არასდროს ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ამიტომ ის ჩვენთვის სულ დამნაშავეა. ისე არ დგება, ისე არ ჯდება, როგორც ჩვენ გვინდა. ბავშვს დამნაშავედ ნუ გამოაცხადებთ, თუ მან რამე დააშავა. რა დააშავა ბავშვმა? ცუდი სიტყვა თქვა? რაღაც გატეხა? რა ვითარებაში მოხდა ეს? დანაშაული ყოველთვის დანაშაული კი არ არის. როდესაც დააკვირდები, აღმოჩნდება, რომ კიდევაც ასე უნდა მომხდარიყო. ეს შედეგია რაღაც მიზეზის. ბავშვები დამნაშავეებად არასდროს არ მიიჩნიოთ, არც დამნაშავის ენით ელაპარაკოთ. „არ გრცხვენია?“ - ეს მოსამართლის ლაპარაკია.

არ მივიყვანოთ საქმე იქამდე, რომ ბავშვს ჩვენგან შენიშვნა სჭირდებოდეს. ხომ იცით მას რა მიდრეკილებები აქვს. წინ დაუდექით, რაღაც მოაცილეთ, წინასწარ დაარიგეთ, დაიცავით ბავშვი. გავუსწროთ მოვლენას წინ, ვიდრე მოვლენა მოხდება. ეს არის ბრძენი დედისა და მამის საქმე, მაგრამ თუ მაინც რაღაც მოხდა, ბავშვმა ფანჯრის რაფიდან ქოთანი გადმოაგდო, გატყდა ქოთანი, ყვავილი გაფუჭდა, როგორ მოიქცევა დედა? ერთი ატეხავს წივილ-კივილს: „რამდენჯერ გითხარი? რატომ მიხვედი იქ? რატომ წამოჰკარი ხელი? რატომ არ ხარ ფრთხილი? რა ვქნა? როგორ გაგზარდო? როგორ გაგაგებინო?“ ატირდება დედა თვითონ. ქოთანი ხომ გატყდა უკვე? ჩვენ ბავშვს უნდა შევუქმნათ ქცევის ხატი, ჩვენი მოთმინების ხატი. მივიდეთ ყვავილთან და ვთქვათ: „როგორ მიყვარდი, რა ვქნათ ახლა? იქნებ გადაგარჩინოთ?!“ ბავშვს უთხარით: „მოდი, დამეხმარე, ჩემო ძვირფასო. აბა ფრთხილად, მიდი, ჭიქა მომიტანე.“ არ ვადანაშაულებთ ბავშვს.

მე ისე ვტირი ამ ყვავილზე, რომ ბავშვს მე ვეცოდები. ის აქეთ დამამშვიდებს, აქეთ მოუვლის ყველაფერს. რომ მიაყენო კედელთან და ურტყა, ბავშვი გაიგებს ამას?! ვერ გაიგებს! რა ვქნათ ახლა?! მოხდა ეს! ამაზე ჭკუა უკვე ისწავლა ბავშვმა. მე მინდა მას ხატი გავუჩინო, რომ შეგინდე, მიგიტევე. ბავშვი დამნაშავის როლში არასდროს არ დააყენოთ,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ვერავის, ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც კალცს ნიშნავენ მშობლის თხოვნით, მისი ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე,“ - ინგა მამუჩიშვილი

„ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ვერავის, ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც კალცს ნიშნავენ მშობლის თხოვნით, მისი ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე,“ - ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებისთვის კალცის ხელაღებით დანიშვნის პრაქტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სისხლში კალციუმის შემცველობის განსაზღვრის გარეშე მსგავსი დანიშნულების გაცემა არ შეიძლება:

„ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ვერავის, ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც კალცს ნიშნავენ მშობლის თხოვნით კალცის ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე. დედიკოები ითხოვენ:​ „უმადოა ჩემი შვილი, არ ჭამს და იქნებ კალცი ჩაგვერთო.“ სადაც იონიზირებული კალცის განსაზღვრა მოხდა ყოველთვის ბავშვს ნორმალური აქვს კალცის შემცველობა.“

„ბავშვი კალცს ღებულობს თითქმის ყველა რძის პროდუქტიდან. ბავშვი რძით იკვებება. რძეში შედის კალცი. თუ ჩვენ ბავშვს კალცს ვაძლევთ დამატებით, არავინ არ იცის ეს კალცი მარილების სახით სად ჩალაგდება და სად იპოვის ადგილს. ვთხოვ ყველას, ჩემს კოლეგებსაც, რომ კალცის ასე ხელაღებით მიცემა ნამდვილად არ შეიძლება. თუ კალცის მიღების ჩვენებები არსებობს, განვსაზღვროთ კალცის შემცველობა სისხლში და მხოლოდ ამის შემდეგ დავნიშნოთ კალცი,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად