Baby Bag

„არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი,“- მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

„არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი,“- მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის კარგად მოვლისთვის საკუთარ თავზეც იზრუნონ:

„იმისთვის, რომ ბავშვს კარგად მოვუარო, თვითონ ჩემს თავზე აღმოვაჩინე ეს, მჭირდება, რომ მე თვითონ ვიყო იმ მომენტში კმაყოფილი. რას ვგულისხმობ ამაში? თუ ორივეს გვშია... მოგეხსენებათ, რომ ბავშვს სულ თამაში უნდა. ჩვენ ვიცით, რომ მას შია. მერე მე ვახვედრებ ხოლმე. აი, მუცელს მოვუსმინოთ, აბა რას გეუბნება? მგონი, შია. თვითონ ბავშვი ამას დიდად ვერ ხვდება.

როგორ ვიქცევი მე ყოველთვის? არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი, იმიტომ, რომ „დროზე“ თუ დაგემართა, ეს უკვე ძალიან ცუდია. თუ შენ ემოცია მოგდის, რომ „დროზე ჭამე! რას აკეთებ?!“ ეს ცუდია. მე მინდა, რომ ვიყო კმაყოფილი, მშვიდი. მე თვითონ არ მეჩქარებოდეს და არ ვშფოთავდე. შემდეგ ბავშვს მივუძღვნი დროს. ვაცდი მას, რომ თავისი ტემპით ჭამოს, მისი რიტმი ჰქონდეს, თავისი ხელით ჭამოს.

თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უმნიშვნელო გაღიზიანებაზეც კი გვიწევს ტონის აწევა, მშობელმა თვითმხარდაჭერას უნდა მიმართოს. მეტი პოზიტივი შემოვიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავს, იქნება ეს გასეირნება, წიგნის წაკითხვა, გამოვყოთ სივრცე,“ - მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად