Baby Bag

„მადლიერი ადამიანი არის უფრო ბედნიერი, ჯანმრთელი, აქვს უკეთესი იმუნური სისტემა, ძილიც უფრო კარგი აქვს,“- გვანცა ბარაბაძე

„მადლიერი ადამიანი არის უფრო ბედნიერი, ჯანმრთელი, აქვს უკეთესი იმუნური სისტემა, ძილიც უფრო კარგი აქვს,“- გვანცა ბარაბაძე

ფსიქოკონსულტანტმა გვანცა ბარაბაძემ ადამიანის ცხოვრებაში მადლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მადლიერება დღეს ძალიან აქტუალური თემაა. ფსიქოლოგიური კვლევებით დადასტურდა, რომ მადლიერება პირდაპირ არის დაკავშირებული ბედნიერებასთან, კარგად ყოფნასთან. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ვიყოთ მადლიერები. მადლიერი ადამიანი არის უფრო ბედნიერი, ჯანმრთელი, აქვს უკეთესი იმუნური სისტემა, ნაკლებ სტრესს განიცდის, ძილიც უფრო კარგი აქვს. ამიტომ ვურჩევთ ადამიანებს, რომ იყვნენ უფრო მადლიერები და ეს გამოხატონ.

მადლიერება რა არის? ჩვენს ცხოვრებაში კარგი მომენტების აღიარება და დანახვა. კარგი რამ როდესაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, თითქოს ეს ჩვეულებრივი რამ არის და ასეც უნდა იყოს. როდესაც საფრთხის წინაშე ვდგებით, მაშინ ვიწყებთ დაფასებას. ყოვედღიურობაში თუ ამის აღნიშვნას აკეთებ, კარგია. დღეს რომ გათენდა, წვიმიანი ამინდია და პირველი შეიძლება ეს ფიქრი მოგივიდეს: „აუ, როგორი ამინდია,“ მაგრამ გათენდა. დღე გაგვითენდა. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია, ვისაც არ გაუთენდა დღე. მთავარია, რაზე გავაკეთებთ აქცენტს. თუ მინდა, რომ რეალურად ვიყო ბედნიერი, უნდა ვიყო გაცემაზე ორიენტირებული და არ უნდა დაველოდო. მე თუ ველოდები მადლიერებას, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის გამო ვუკეთებ ამას ადამიანს. ასე გამოდის ხოლმე, რომ როდესაც არ ელოდები, უფრო მეტად იღებ მერე მადლიერებას. როდესაც ელოდები, გულისტკივილია, რომ შეიძლება ისე არ დაგიბრუნონ. მე თქვენ გაგიკეთებთ სიკეთეს, მაგრამ არ დაველოდები, რომ თქვენ მადლობას გადამიხდით. თუ მოხდება ეს, მე კარგად ვიგრძნობ თავს. ჩვენი მადლიერება მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობის სივრცეა. სხვა ადამიანების პასუხისმგებლობის სივრცეში არ უნდა შევიჭრათ,“- მოცემულ საკითხზე გვანცა ბარაბაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად