Baby Bag

„სამ თვეში ერთხელ წადით და დილიდან საღამომდე შვილთან ერთად გაატარეთ დრო, მთელი დღე ერთად იყავით,“ - ზურა მხეიძე მშობლისა და შვილის ურთიერთობის მნიშვნელობაზე

„სამ თვეში ერთხელ წადით და დილიდან საღამომდე შვილთან ერთად გაატარეთ დრო, მთელი დღე ერთად იყავით,“ - ზურა მხეიძე მშობლისა და შვილის ურთიერთობის მნიშვნელობაზე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ბავშვის აღზრდაში მშობლის ავტორიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვი როდესაც იწყებს გამოსვლას, როდესაც აქვს კრიტიკული ასაკი, მას აინტერესებს თავისი სოციალური სტატუსი. ზოგჯერ ბავშვი პროტესტს აცხადებს აბსოლუტურ უაზრობაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს უჩვენოს, რომ ისიც პიროვნებაა. რომ იცოდეთ, რამდენი სისულელე აქვს ადამიანს გაკეთებული მხოლოდ იმიტომ, მშობლების წინააღმდეგ წასულიყო. არა იმიტომ, რომ უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მშობლებს დაუმტკიცოს, რომ რაღაცას წარმოადგენს. მარტო ის მომენტი, რომ ვეწევით - არ ვეწევით, ვვარჯიშობთ - არ ვვარჯიშობთ, არ არის გადამწყვეტი. მთავარია, რამდენად აღგიქვამს ბავშვი ავტორიტეტად, რამდენად მოწონხარ, უყვარხარ და გაფასებს. მაშინ ის ხდება იმ ღირებულებების მატარებელი, რაც შენ გაქვს და ცდილობს ის ქცევითი მოდელები აიღოს, რაც შენ გაქვს. მისთვის მიბაძვის იდეალური ხატი ხარ შენ.

შეიძლება ბავშვმა პირიქით დაატრიალოს. გაიხსენეთ, რომ ამბობენ: „რა მოუვიდა? როგორი დედ-მამა ჰყავს და თვითონ რატომ გამოვიდა მკვლელი?“ იმიტომ, რომ მან ნორმები წამოიღო არა სახლიდან, არამედ სხვა გარემოდან. სახლში მისთვის ეს ნორმები იყო არასწორად მიწოდებული. ბავშვთან, შვილთან საჭიროა ურთიერთობა. ეს არ ნიშნავს გამოთქმებს, რომ სახლში მოვედი და ვამბობ: „რა ხდება სკოლაში?“ ეს არ არის ურთიერთობა. მეორე ვარიანტი, მითხრეს, რომ შვილთან გავატარო დრო. მომყავს შვილი თქვენთან, იმიტომ, რომ თქვენც ამ ასაკის ბავშვი გყავთ. ბავშვები თამაშობენ და მე და თქვენ ლუდს ვსვამთ. მე ვთვლი, რომ მთელი დღე ჩემთან იყო ბავშვი. არ იყო ის შენთან მთელი დღე. მთელი დღე არის ბავშვი შენთან, როდესაც მარტო მასთან ხარ. ის კი არა, ორი შვილიც რომ წაიყვანო ერთად, შენ პატრონი გამოდიხარ, ისინი ერთმანეთში ლაპარაკობენ. აბა, წადით და დილიდან საღამომდე შვილთან ერთად გაატარეთ დრო, ერთი დღე სამ თვეში ერთხელ. სერიოზული ურთიერთობაცაა, გაერთობით კიდეც, მთელი დღე ერთად ხართ. უბედნიერესია მაშინ ბავშვი. ამის საჭიროება არის. მნიშვნელოვანია ეს,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„მეხსიერების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად