Baby Bag

„შეიძლება ორი წლის ასაკში ამით თავი დავიმშვიდოთ, რომ მამამ გვიან დაიწყო მეტყველება და მოდი, დავაცადოთ,“- ფსიქიატრი ტატა ბაზღაძე

„შეიძლება ორი წლის ასაკში ამით თავი დავიმშვიდოთ, რომ მამამ გვიან დაიწყო მეტყველება და მოდი, დავაცადოთ,“- ფსიქიატრი ტატა ბაზღაძე

ფსიქიატრმა ტატა ბაზღაძემ ბავშვებში მეტყველების დაგვიანების პრობლემის შესახებ ისაუბრა და ის ძირითადი ნიშნები დაასახელა, რომლის დროსაც მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს:

„ზოგიერთი მშობელი ორი წლიდან აქცევს ყურადღებას, რომ ბავშვი არ მეტყველებს ასაკობრივად. ზოგი მშობელი სამ წლამდე განგაშს არ ატეხს, იმიტომ, რომ მეზობელმა გვიან დაიწყო ლაპარაკი, მამამისმა გვიან დაიწყო ლაპარაკი. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შეიძლება ორი წლის ასაკში ამით თავი დავიმშვიდოთ, რომ მამამ გვიან დაიწყო მეტყველება და მოდი, დავაცადოთ. ორი წლის შემდეგ, განსაკუთრებით უკვე 3 წლის ასაკისთვის ამით თავის დამშვიდება ნამდვილად არ ღირს.

თუ სამი წლის ასაკში ბავშვის მეტყველება არ არის განვითარებული იმ დონეზე, რომ მას არ ესმის მიმართული მეტყველება, ან არ აქვს განვითარებული ფრაზული მეტყველება, წინადადებებს ვერ კრავს, დიალოგს არ აწარმოებს, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. თუმცა მშობლებმა სპეციალისტს 2 წლამდეც უნდა მიმართონ, თუ ამჩნევენ, რომ ბავშვს მიმართული მეტყველება არ ესმის ასაკის შესაბამისად, ინსტრუქციას არ ასრულებს ბავშვი.

არის ნორმის გარკვეული კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმების მიხედვით ვაფასებთ მეტყველების განვითარებას ბავშვებში. განვითარების გარკვეული ეტაპისთვის 18-20 თვისთვის ნორმაა, როდესაც ბავშვი საგნებს სხვა სახელს არქმევს, რაც მისთვის მარტივად სათქმელია. ბურთი არის „ბაბა,“ წყალი არის „ტატა.“ ოჯახის წევრებს ეს ენა ესმით, მაგრამ ეს ეტაპი უნდა გადალახოს ბავშვმა და ოჯახის წევრები მას ამ ენაზე აღარ უნდა ელაპარაკონ. მან უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი სიტყვების თქმა, მშობლებმა გაუსწორონ სიტყვა და სწორად უთხრან,“- მოცემულ საკითხზე ტატა ბაზღაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ცხოვრების პირველ თვეებსა და წლებში დედასთან ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პირველ წლებს და პირველ თვეებს დედა ბავშვს სჭირდება ფიზიკურად, რომ ის ბიოლოგიური კავშირი, რაც მუცლადყოფნის პერიოდიდან მოჰყვება, შენარჩუნებული იყოს, მშვიდად იყოს ბავშვი, დაცულად იგრძნოს თავი. დედის ემოციური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა, დაცულად გრძნობს თავს და კომფორტულად არის ზოგადად, ეს გადადის ბავშვზეც.“

„დედა, რომელიც მთელი დღე გასულია, დილიდან გასული გადაღლილი ხუთზე-ექვსზე შემოვა თვეების ბავშვთან, მე არ ვიცი, ან რა ენერგია უნდა ჰქონდეს, ან რა ემოციური რესურსები და უნარები, რომ ბავშვს მისცეს ყველაფერი, რაც თვეების ბავშვს სჭირდება, ჩემთვის წარმოუდგენელია,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად