Baby Bag

„დედების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა, რომ უცხო ენებზე საუბრობდეს ძიძა, რაც რეკომენდებული არ არის,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

„დედების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა, რომ უცხო ენებზე საუბრობდეს ძიძა, რაც რეკომენდებული არ არის,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ საქართველოში უცხოენოვან ძიძებზე მაღალი მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ წლებში ბავშვს დამატებითი ენის სწავლა ბარიერებსა და პრობლემებს უქმნის:

„დედების მხრიდან ძალიან ხშირად არის ეს მოთხოვნა, რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს ძიძა, შეეძლოს კომუნიკაცია და თუნდაც თამაშით სწავლება ამ ენების, რაც, რა თქმა უნდა, რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით პირველ წლებში, რადგან ბავშვს დამატებითი ენის სწავლა აძლევს ბარიერს, რომელიც შემდგომში ფსიქიკურ პრობლემებსაც ქმნის. ჩვენ შემდგომში ვსაუბრობთ ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის ქცევითი ტიპის დარღვევები, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობის სინდრომი. ერთის მხრივ, კარგია, რომ ბავშვი ბევრ ენაზე საუბრობს, მაგრამ მისთვის ძალიან რთულია იდენტიფიკაცია, რომელია მისი ენა.

ბავშვს ექმნება მეტყველების აღრევის პრობლემა. ის კონკრეტულ ადამიანს ირჩევს, ვისთანაც ამ ენაზე იწყებს საუბარს. სამწუხაროდ, სკოლებში ძალიან ხშირად ვხვდებით, რომ ბავშვებს უცხოენოვანი აღმზრდელები ჰყავთ და სკოლაში მოეთხოვებათ ქართულ ენაზე სწავლა და უჭირთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც დღეს დგას,“- მოცემულ საკითხზე ნინო კერესელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

ექსტრემალური ტატუების მოყვარული ქალი, რომელმაც თვალის თეთრი გარსი საღებავით მოიხატა, დაბრმავდა

ექსტრემალური ტატუების მოყვარული ქალი, რომელმაც თვალის თეთრი გარსი საღებავით მოიხატა, დაბრმავდა

ავსტრალიელი ქალი, რომელმაც ექსტრემალურ ტატუებსა და პირსინგებში 26 000 ამერიკული დოლარი დახარჯა, აცხადებს, რომ თვალის თეთრი გარსის მოხატვის შემდეგ დაბრმავდა. 24 წლის ამბერ ლუკი, რომელიც საკუთარ თავს ლურჯთვალა თეთრ დრაკონად მოიხსენიებს, თვალის გარსს 40 წუთის განმავლობაში იხატავდა, რათა ის შედეგი მიეღო, რომელიც სურდა. მას სხეულზე ჯამში ორასამდე ტატუ აქვს. მან მკერდი, ტუჩები და ლოყებიც მოიხატა, ხოლო ყურში სპეციალური იმპლანტი ჩაიდგა, რათა ელფს დამსგავსებოდა.

ყველაზე საშიში ექსპერიმენტი, რომელიც ამბერ ლუკმა საკუთარ სხეულს ჩაუტარა თვალის თეთრი გარსის ლურჯი საღებავით მოხატვა იყო. ამ ექსპერიმენტის შედეგად მან მხედველობა დროებით დაკარგა.

„ვერ გადმოვცემ, რას განვიცდიდი, როდესაც ამას ვაკეთებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვალში შუშის ნამსხვრევები ჩამიყარეს. ჩემი ტატუს არტისტი თვალის თეთრ გარსში მეტისმეტად ღრმად შეიჭრა, რაც ძალიან მტკივნეული იყო. მას რომ პროცედურა სწორად ჩაეტარებინა, არ დავბრმავდებოდი. ძალიან შემეშინდა,“ - აცხადებს ამბერი.

ტატუების მოყვარული ამბერ ლუკი აღნიშნავს, რომ მას პროცედურაზე თითოეულ თვალში საღებავის ინექცია ოთხჯერ შეუყვანეს. ახალგაზრდა ქალმა საკუთარ ენას გველის ფორმა მისცა, ყურები კი სპეციალური პროცედურების დახმარებით ელფის მსგავსად დაიყენა. ის აცხადებს, რომ სახიფათო ექსპერიმენტებს აღარ ჩაიტარებს, თუმცა გეგმავს, რომ თავიდან ფეხის წვერამდე სხეული ტატუებით დაიფაროს.

ამბერის დედის თქმით, შვილის გადაწყვეტილება, რომ ის ექსპერიმენტებს აღარ ჩაიტარებს, მისთვის უდიდესი შვებაა: „ვტიროდი, როდესაც ამბერი დაბრმავდა. ჩემი შვილი საკუთარ თავს ჩემი თვალებით არ ხედავს. ის ჩემთვის ისედაც ულამაზესია, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს მხარს ვუჭერდი, რომ მენახა, როგორ მიაღწევდა იმას, რაც სურდა. ტატუ ადამიანს არ ცვლის, უბრალოდ საზოგადოება სხვანაირად აღგიქვამს, როდესაც ამას აკეთებ.“

ამბერს სოციალურ ქსელში 139 000 მიმდევარი ჰყავს. ის აცხადებს, რომ მოზარდობისას საკუთარი თავი სძულდა და არ მოსწონდა.

„ადამიანები იცვლებიან, ისინი საკუთარ თავს პოულობენ. სილამაზეზე ყველას თავისი აზრი აქვს. იმედი მაქვს, სხეულის ტრანსფორმაციისადმი საზოგადოება უახლოეს მომავალში მეტ გახსნილობას გამოავლენს,“ - აცხადებს ამბერ ლუკი.

მომზადებულია​ nypost.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად