Baby Bag

„თამაში „ჭიტა“ არის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

„თამაში „ჭიტა“ არის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა თამაშის ტიპებსა და მათ მიერ ბავშვისთვის მოტანილ სარგებელზე ისაუბრა:

„ჩვილობის ასაკში ბავშვები პრიმიტიულ სოციალურ თამაშებს თამაშობენ, მაგალითად, „ჭიტას“ თამაში. ეს არის აბსოლუტურად ემოციური თამაში. ბავშვი იმალება და უნდა გამოჩნდეს. ეს არის თამაში, რომლითაც ვხვდებით საგნის მუდმივობა რამდენად აქვს. 4 თვის ბავშვისთვის საგანი, რომელსაც ვერ ხედავს, არც არსებობს. სწორედ ამიტომ მშობელი შორს რომ მიდის, ტირილს იწყებს. როდესაც ამას აკეთებს და ხელებს გიწევს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი გეძებს. ეს არის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი. „მოვედი, მოვედი“ თამაში კიდევ და მსგავსი ემოციური თამაშები აუცილებელია ბავშვის ემოციური განვითარებისთვის. ეს თამაშები არის 7-8 თვიდან.

დამოუკიდებელ თამაშში იგულისხმება, როდესაც ბავშვი სხვა ბავშვებით დიდად არ არის დაინტერესებული. ის თამაშობს თავისთვის, დამოუკიდებლად. ორ წლამდე ძირითადად დამოუკიდებელი თამაშია. ორი წლიდან შემოდის პარალელური თამაში, როდესაც ვარ სხვა ბავშვებთან ერთად, ვთამაშობ კუბიკებით, ისინიც თამაშობენ კუბიკებით, მაგრამ კომუნიკაცია არ გვაქვს. სოციალური თამაში არის თამაში, სადაც სხვებთან ინტერაქციაში შევდივარ. სოციალური თამაში იწყება 3-4 წლიდან. 3 წლის ბავშვი სხვებთან ერთად თამაშობს, მაგრამ წესებს ნაკლებად იცავს. სოციალურ თამაშში იგულისხმება როლური თამაშებიც, დრამა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ წარმოსახვას ავითარებს.

წაძღოლითი თამაშია, როდესაც სჭირდება, რომ ვიღაც დაეხმაროს. სიმბოლური თამაშია, როდესაც იღებს სხვა ნივთს და ვითომ ტელეფონია და ლაპარაკობს. სიმბოლური თამაში შეიძლება იყოს ხატვა, მღერა. წესების დაცვით თამაში შემოდის 4-5 წლიდან. 3 წლის ბავშვს უჭირს ამ ჩარჩოს მორჩილება,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანსაღი ჩვევები, რომლებიც ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა აათვისებინოთ

ჯანსაღი ჩვევები, რომლებიც ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა აათვისებინოთ

ბავშვს ჯანსაღი ჩვევები ადრეული ასაკიდანვე უნდა აათვისებინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს პირდაპირი დავალებები მისცეთ, გირჩევთ, მას კარგად აუხსნათ, თუ რისთვის არის აუცილებელი კონკრეტული ჩვევა. ჩვენს სტატიაში იმ უმთავრეს ჩვევებს გაგაცნობთ, რომლებსაც ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა აზიაროთ.

1. ხელების დაბანა

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბავშვს ყველაზე მეტად ჰიგიენის წესების დაცვა ესაჭიროება. ხელების დაბანა მას ბაქტერიებისა და საშიში ინფექციებისგან დაიცავს. ეს ყოველივე თქვენს შვილს მარტივი ენით უნდა აუხსნათ. უთხარით ბავშვს, რომ ხელების დაბანა მას ცუდად გახდომისგან დაიცავს. თქვენს შვილს აუხსენით, თუ როდის არის აუცილებელი ხელების დაბანა. შეახსენეთ ბავშვს, რომ ხელების დაბანა აუცილებელია, როდესაც ის თამაშის შემდეგ სახლში ბრუნდება, სადილობას აპირებს ან აბაზანიდან გამოდის. ბავშვს საკუთარი მაგალითით უჩვენეთ, თუ როგორ უნდა დაიბანოს ხელები სწორად. თქვენს შვილს აუხსენით, რომ ხელის ჰიგიენისთვის ძალიან კარგი საშუალებაა სპეციალური სადეზინფექციო სითხეც. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ პირში ხელის ჩაყოფა არაჰიგიენურია და აღნიშნულ მავნე ჩვევას უნდა გადაეჩვიოს.

2. პირზე ხელის აფარება ხველების ან ცემინების დროს

ბავშვს აუხსენით, რომ დაცემინების ან დახველების დროს მან პირზე ცხვირსახოცი ან ხელი უნდა მიიფაროს, რათა სხვა ადამიანების ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. შესაძლოა, ბავშვს დაავიწყდეს, რომ ხველების ან ცემინების დროს პირზე ხელი უნდა აიფაროს, მაგრამ თქვენ მას ეს ხშირად უნდა შეახსენოთ. ბავშვი ხშირად ავარჯიშეთ, რათა აღნიშნული ჩვევა კარგად გაითავისოს.

3. დასვრილი ან გამოუსადეგარი ნივთების ურნაში ჩაგდება

ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ გამოუსადეგარი ან დასვრილი ნივთები ოთახში არ გაფანტოს. პატარამ ჰიგიენის მნიშვნელობა კარგად უნდა გააცნობიეროს. ბავშვს აუხსენით, რომ ნახმარი ცხვირსახოცი მაგიდაზე არ უნდა დააგდოს. ბავშვი ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ გამოუსადეგარი, დასვრილი ნივთების ურნაში დამოუკიდებლად ჩაგდებას. თქვენს შვილს აუხსენით, რომ ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელია და ამას მის ნაცვლად არავინ გააკეთებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი მას ყველგან ვერ გაჰყვება, ხოლო სხვები მის ნაცვლად ჰიგიენის წესებს ვერ დაიცავენ.

4. კბილის ჰიგიენაზე ზრუნვა

რვა წლის ასაკამდე ბავშვს კბილების სრულფასოვნად გასაწმენდად თქვენი დახმარება სჭირდება. მიუხედავად ამისა, მას ადრეული ასაკიდანვე შეგიძლიათ ასწავლოთ დღეში ორჯერ კბილების გახეხვა. თუ ბავშვი თქვენგან დახმარებას არ იღებს და ცდილობს, რომ კბილები დამოუკიდებლად გაიხეხოს, თქვენი ჯაგრისი მიეცით და სთხოვეთ, კბილები მან გაგიხეხოთ. შემდეგ თქვით, რომ ახლა თქვენი ჯერია და ბავშვს კბილები გაუხეხეთ. ბავშვს კბილები სპეციალური ძაფითაც უნდა გაუწმინდოთ. აღნიშნული წესით კბილების გასუფთავება 2 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოთ. ბავშვს ძაფით კბილების გასუფთავება დამოუკიდებლად 10 წლამდე არ შეუძლია.

5. მზისგან დამცავი კრემის გამოყენება

ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ყოფნა კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, რის გამოც, ბავშვს გარეთ ყოფნისას მზისგან დამცავი კრემის გამოყენება უნდა ასწავლოთ. ბავშვს კანის ფერი თუ ეცვლება და უვარდისფრდება, ეს იმის ნიშანია, რომ ის მზის გულზე დიდ დროს ატარებს. როდესაც ბავშვს მზისგან დამცავ კრემს უსვამთ, არ დაგავიწყდეთ, რომ კრემით ყურები, ცხვირი და ფეხებიც უნდა დაუფაროთ. თუ ბავშვი კრემის წასმაზე უარს ამბობს, აუხსენით, რომ კრემი მას დამწვრობისგან დაიცავს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დამწვრობა მტკივნეული და საზიანოა.

6. ავტომობილში ღვედის გამოყენება

ღვედის გამოყენება ყოველწლიურად ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა გააცნობიეროს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ღვედის ხმარება. როდესაც ბავშვი იმ ასაკშია, რომ სავარძელში დამოუკიდებლად ჯდება და ღვედსაც იკრავს, დააკვირდით, რომ მან ეს ყველაფერი სწორად გააკეთოს. შეაქეთ ბავშვი, თუ მან ღვედის გამოყენება ისწავლა. ბავშვს აუხსენით, რომ ღვედი მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. თქვენმა შვილმა ისიც უნდა გააცნობიეროს, რომ მანქანაში საუბრისას მისკენ ვერ შემობრუნდებით, რადგან ეს სახიფათოა.

7. ფიზიკური აქტივობა

ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდეს, რომ ფიზიკური დატვირთვა მისთვის სასარგებლოა. აუხსენით, თქვენს შვილს, თუ როგორი მნიშვნელოვანია სირბილი, სიარული. არასდროს დააშინოთ ბავშვი, რომ ის წონაში მოიმატებს, რადგან არასწორად იკვებება. ამის ნაცვლად, მას ჯანმრთელი სხეულის მნიშვნელობაზე ესაუბრეთ და აუხსენით, რომ ჯანსაღი საკვები მას სრულფასოვან ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

8. ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა

ბავშვს აუხსენით, რომ მან ყოველთვის უნდა გამოიყენოს დამცავი ქუდი, როდესაც სკუტერით ან ველოსიპედით ერთობა. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. აუხსენით თქვენს შვილს, რომ თავის დარტყმა ან ტრავმის მიღება, ტვინს უდიდეს საფრთხეს უქმნის, რის გამოც მან თავი ყოველთვის უნდა დაიცვას, როდესაც ექსტრემალური აქტივობით კავდება.

მშობელი ბავშვისთვის როლური მოდელი უნდა იყოს. თუ თქვენ ჯანსაღი ჩვევები გაქვთ და თქვენი შვილი ამას ხედავს, ის აუცილებლად მოგბაძავთ. ბავშვი უნდა აცნობიერებდეს, რატომ არის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში ის ჯანსაღი ჩვევების განვითარებაზე მეტად იზრუნებს.

მომზადებულია ​verywellfamily.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად