Baby Bag

„თამაში „ჭიტა“ არის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

„თამაში „ჭიტა“ არის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა თამაშის ტიპებსა და მათ მიერ ბავშვისთვის მოტანილ სარგებელზე ისაუბრა:

„ჩვილობის ასაკში ბავშვები პრიმიტიულ სოციალურ თამაშებს თამაშობენ, მაგალითად, „ჭიტას“ თამაში. ეს არის აბსოლუტურად ემოციური თამაში. ბავშვი იმალება და უნდა გამოჩნდეს. ეს არის თამაში, რომლითაც ვხვდებით საგნის მუდმივობა რამდენად აქვს. 4 თვის ბავშვისთვის საგანი, რომელსაც ვერ ხედავს, არც არსებობს. სწორედ ამიტომ მშობელი შორს რომ მიდის, ტირილს იწყებს. როდესაც ამას აკეთებს და ხელებს გიწევს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი გეძებს. ეს არის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი. „მოვედი, მოვედი“ თამაში კიდევ და მსგავსი ემოციური თამაშები აუცილებელია ბავშვის ემოციური განვითარებისთვის. ეს თამაშები არის 7-8 თვიდან.

დამოუკიდებელ თამაშში იგულისხმება, როდესაც ბავშვი სხვა ბავშვებით დიდად არ არის დაინტერესებული. ის თამაშობს თავისთვის, დამოუკიდებლად. ორ წლამდე ძირითადად დამოუკიდებელი თამაშია. ორი წლიდან შემოდის პარალელური თამაში, როდესაც ვარ სხვა ბავშვებთან ერთად, ვთამაშობ კუბიკებით, ისინიც თამაშობენ კუბიკებით, მაგრამ კომუნიკაცია არ გვაქვს. სოციალური თამაში არის თამაში, სადაც სხვებთან ინტერაქციაში შევდივარ. სოციალური თამაში იწყება 3-4 წლიდან. 3 წლის ბავშვი სხვებთან ერთად თამაშობს, მაგრამ წესებს ნაკლებად იცავს. სოციალურ თამაშში იგულისხმება როლური თამაშებიც, დრამა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ წარმოსახვას ავითარებს.

წაძღოლითი თამაშია, როდესაც სჭირდება, რომ ვიღაც დაეხმაროს. სიმბოლური თამაშია, როდესაც იღებს სხვა ნივთს და ვითომ ტელეფონია და ლაპარაკობს. სიმბოლური თამაში შეიძლება იყოს ხატვა, მღერა. წესების დაცვით თამაში შემოდის 4-5 წლიდან. 3 წლის ბავშვს უჭირს ამ ჩარჩოს მორჩილება,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სოციალური ქსელები 13 წლამდე ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

​ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე  ბავშვების ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ საუბრობს და მშობლებს ურჩევს, რომ ისინი დიგიტალიზაციის საკითხებში თავადაც განათლდნენ:

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ​ჯერ მშობლები განათლდნენ დიგიტალიზაციის თვალსაზრისით. ჯერ ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის ეს კომპიუტერული ტექნოლოგიები. ეს მარტო Facebook-ი რომ არ არის, რა შესაძლებლობები აქვს სინამდვილეში და როგორ უნდა გამოვიყენოთ პოზიტიურად ბავშვისთვის, ჯერ ეს უნდა ვიცოდეთ. უნდა გავიგოთ, რა საფრთხეები აქვს ინტერნეტს. მე არ ვიცი რა საფრთხეებია, ვდებ ჩემი შვილის ხან ასეთ, ხან ისეთ სურათს. აგერ ბაღში წავიდა ბავშვი, აგერ სკოლაში. წერენ მშობლები რომელ სკოლაში წავიდნენ ბავშვები, რომელ ადგილას. ეს არაფრით არ შეიძლება. აღმოჩნდება, რომ საკუთარი ცხოვრების ასე გამოჭენება, ვიღაც მონადირეებზე ძალიან კარგად მოქმედებს. რეცეპტები არ არსებობს. მე ჩემს თავს ვერ ვაკადრებ იმას, რომ თქვენ ჭკუის სწავლება დაგიწყოთ. მეც მიგრანტი ვარ ამ სივრცეში. ეს ჩვენთვის ახალი რეალობაა. ყველას კეთილგონიერება გვჭირდება იმისთვის, რომ ბალანსი გავიგოთ. ამას ასე ჰქვია: საეკრანო დროის ბალანსი.“

​თამარ გაგოშიძის თქმით, 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელები რეკომენდებული არ არის:

„სოციალური ქსელები 13 წლამდე ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი. ბევრ ქვეყანაში ამ კანონმდებლობის შემოღება დაიწყო. ეს ველური სივრცეა, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. სოციალურ ქსელებთან წვდომა 9 წლის ბავშვს და 8 წლის ბავშვს რატომ უნდა ჰქონდეს? ბავშვი არის ცოცხალი არსება და ცოცხალი, რეალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თავისი მეზობლის ბავშვთან. სხვანაირად  როგორ უნდა ისწავლოს კომუნიკაცია? ჩვენი მომავალი თაობის გადარჩენა არის კომუნიკაციაში. დღეს ისეთი ტელქონოლგიური პროცესები მიმდინარეობს, რობოტებს ჩვენ ვერ ვაჯობებთ. ეს ვერ გაიგო ვერც სკოლამ, ვერც მასწავლებელმა და ვერც მშობელმა. რობოტს ადამიანი ვერ აჯობებს, ვერც კომპიუტერს. ​ჩვენი სკოლა და ჩვენ მშობლები ბავშვებისგან ვითხოვთ, რომ ჰქონდეთ 90 მეგაბაიტი თავში. რატომ? რატომ უნდა ჰქონდეთ რაღაც გაუგებარი ცოდნები? ეს კაცმა არ იცის.“

​თამარ გაგოშიძე თვლის, რომ თანამედროვე ბავშვებს სკოლა და მშობლები იმაზე მეტს სთხოვენ, ვიდრე საჭიროა:

„მე რომ ვსწავლობდი, მაშინ ადეკვატური იყო მოთხოვნები. 90 მეგაბაიტი თან უნდა მეტარებინა მაშინ, იმიტომ, რომ ერთადერთი ეს ბიბლიოთეკა იყო. უცხოურ ლიტერატურას სად იპოვიდი?! მე 90 მეგაბაიტი და კიდევ მეტი თან უნდა მეტარებინა, იმიტომ, რომ ვერსად ვერაფერს ვნახავდი. ეს ცოდნა მე უნდა მქონოდა. დღეს, როდესაც არის უზარმაზარი საინფორმაციო სივრცე, ამ მეგაბაიტებს დამატებით რატომ ვაწვდით ბავშვებს? მიზანი ხომ უნდა გვქონდეს. ჩვენ ინტერნეტ სივრცის პერიოდში რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენს მოზარდებს? პირველ რიგში, უსაფრთხოება უნდა ვასწავლოთ. არ შეიძლება ჩვენი პასვორდები ვინმეს მივცეთ, თუნდაც მეზობელს. ეს ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, მერე ჩვენს შვილებს ვასწავლოთ. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ ინფორმაციას ანალიზი უნდა გაუკეთონ. მან უნდა იცოდეს, რომელია ყალბი წყარო, რომელია ნამდვილი. ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით.“

„ჩვენი საქმე ისე მიდის, რომ ძალიან ბევრი პროფესია გაქრება. რობოტიზაცია და კომპიუტერიზაცია ისეთი ტემპით მიდის, რომ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. ახალ თაობას შეუძლია ამის წარმოდგენა. მათ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ადამიანის უპირატესობა მანქანასთან შედარებით არის ეს: ჩვენ ვასწავლით კომუნიკაციას, ურთიერთობას, ანალიზს, შედარებას, ნამდვილის არანამდვილისგან გარჩევას და ეთიკას. მანქანას ეთიკა არ აქვს. ცოტა ხანში არც ჩვენ გვექნება, უკვე არ გვაქვს, რაც არის ძალიან სამწუხარო. მე თუ არ მაქვს ეთიკა ურთიერთობაში, ინტერნეტში რა ეთიკა მექნება?! ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ მას 13 წლამდე არ სჭირდება სოციალური ქსელი. შეიძლება ტელეფონი ჰქონდეს, რომ დამიკავშირდეს. ​მან რეალური ურთიერთობა უნდა ისწავლოს. მას ღიად უნდა ვესაუბროთ იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც აქვს ინტერნეტიდან. უნდა ვითამაშოთ ის თამაშები, რომლებსაც ისინი თამაშობენ, რომ გავიგოთ რა ხდება. ეს თამაშები ჩამთრევია, ჩვენთვისაც ჩამთრევია და ბავშვისთვის მით უმეტეს ასეა. ჩვენი გადამკიდე ბავშვებს აქვთ შფოთვა. ეს თამაშები ამ შფოთვას ამცირებს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ შფოთვის შესამცირებელი ალტერნატიული საშუალება. ეს არის მამაპაპური თამაშები, ექსკურსიებზე სიარული. ამის თავი ვის აქვს? ამის საშუალება უნდა გქონდეს, ენერგია უნდა გქონდეს, რაც ვერ ხერხდება,“ - აცხადებს თამარ გაგოშიძე.

​წყარო


წაიკითხეთ სრულად